ახალი ამბები

14 წლის გოგოს საქმეზე პირს ბრალი თვითმვკლელობამდე მიყვანის მუხლითაც წაუყენეს

12 თებერვალი, 2021 • 909
14 წლის გოგოს საქმეზე პირს ბრალი თვითმვკლელობამდე მიყვანის მუხლითაც წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგოს საქმეზე პირს ბრალი ორი მუხლით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებით და თვითმკვლელობამდე მიყვანით წარუდგინა.

უწყების განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გოგო თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი.

“მოგვიანებით ბრალდებულმა გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა, რითაც დაამცირა მისი ღირსება. გოგომ 2021 წლის 09 თებერვალს, პროკურატურის განცხადებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცავებმა ბრალდებული, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 10 თებერვალს დააკავეს” – აცხადებენ უწყებაში.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში (ორი ეპიზოდი) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი გოგოს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/ambebi/57202/

[red_box]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025), მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88, ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი