ახალი ამბები

კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დააკავეს

30 სექტემბერი, 2023 • 2992
კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დააკავეს

კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, პოლიციამ კი „საფარის“ ინფორმაციით ელექტრო სამაჯურით გუაშვა, გუშინ ღამით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესაებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

თავდაპირველად ორგანიზაციამ 28 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 და 19 წლის გოგოები 60 წლამდე კაცს გაუპატიურებაში, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის ვიდეოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში, ასევე არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა კაცმა პოლიციის განყოფილება გამოკითხვის შემდეგ შემაკავებელი ორდერითა და ელექტრონული სამაჯურით დატოვა.

ორგანიზაციის ცნობით, გოგოებმა პოლიციას 19 სექტემბერს მიმართეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კაცის მხრიდან ძალადობასა და გაუპატიურებაზე ორივე მათგანი საუბრობდა, შსს-მ მხოლოდ ერთი გოგო გამოკითხა, ხოლო მეორეს, მოთხოვნის მიუხედავად, უთხრა, რომ იმ მომენტში ამის დრო არ ჰქონდათ და მეორე დღეს დაურეკავდნენ, თუმცა არც გადაურეკავთ.

“საფარის” ცნობით, 60 წლის კაცის მხრიდან ჩადენილი ქმედება შეიცავს დანაშაულების შემდეგ ნიშნებს: გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თანახმად, გოგოები ჰყვებიან, რომ ისინი არ არიან 60 წლამდე კაცის ერთადერთი მსხვერპლნი და საუბარია 10-ზე მეტ გოგოზე, მათ შორის, არასრულწლოვნებზე, რომელთაც კაცი სოციალური ქსელების საშუალებით უკავშირდებოდა, მათ ნდობას მოიპოვებდა, შემდეგ კი მათზე ძალადობდა და აშანტაჟებდა.

“აიძულებს მათ სექსს, აუპატიურებს, სცემს, აიძულებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, უღებს პორნოგრაფიულ ვიდეოებს და ავრცელებს მათ. გოგოებს აქვთ სერიოზული სამხილები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, კაცთან მიმოწერები, ასახელებენ ყველას, ვინც ამ დანაშაულშია გარეული, ასახელებენ სხვა მსხვერპლებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ბავშვები არიან… ანუ ძალიან სერიოზულ და არაერთ დანაშაულთან გვაქვს საქმე, მაგრამ 19 სექტემბრის შემდეგ ეს კაცი ელექტრონული სამაჯურით დადის”, — ამბობდა ბაია პატარაია.

მისი თქმით, ფაქტი, რომ კაცი მხოლოდ ელექტრონული სამაჯურის საფუძველზე გამოუშვეს და ისიც, მხოლოდ ერთ გოგოსთან მიახლოებას უკრძალავდა, საფრთხეში აგდებდა როგორც მეორე გოგოს, ასევე, სხვა სავარაუდო მსხვერპლებს.

ასევე, პატარაია აღნიშნავდა, რომ არსებობდა მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის დიდი ალბათობაც, რადგან კაცი, რომელსაც არასრულწლოვნებზე ძალადობასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და რომელმაც 9 დღეა იცის, რომ მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ამ დრომდე თავისუფალი იყო.

პატარაია მიიჩნევს, რომ კაცი შსს-ს მაშინვე უნდა დაეკავებინა.

გარდა ამისა, პატარაია საუბრობს პოლიციის მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობაზეც. მისი თქმით, მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, შსს-მ მხოლოდ ერთი გოგო გამოკითხა, მეორეს კი უარი უთხრა მაშინვე გამოკითხვაზე.

ამასთან, “საფარის” შეფასებით, პოლიციაში გოგო დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რადგან მას აიძულეს გაუპატიურების შესახებ ესაუბრა კაცი პოლიციელების წინაშე, ასევე, უსვამდნენ „სრულიად არასაჭირო და ქალისთვის დამამცირებელ კითხვებს”, როგორიცაა: მოდუნდი თუ არა; წინააღმდეგობას თუ უწევდი და სხვა.

“ყველა ეს შეკითხვა დისკრიმინაციულია, რადგან ეს ნიშნავს, რომ გამოძიება მოითხოვს, რომ ქალმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიოს, როდესაც საუბარია არასრულწლოვანზე”, — აცხადებს პატარაია.

გარდა ამისა, ერთ-ერთ მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია მოძალადის გვერდით, რაც “საფარის” თანახმად, მისთვის დამატებითი სტრესი იყო.

“საფარი მიიჩნევს, რომ პოლიციის იმ განყოფილების მიერ მიღებული ზომები, რომელიც ამ ეტაპზე იძიებს საქმეს, არის არაეფექტური. არსებობს რისკი, რომ იმავე განყოფილებაში, იმავე პოლიციელებთან კომუნიკაციისას, ქალს დაუმძიმდეს ემოციური ფონი და გახდეს განმეორებითი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი”, — ნათქვამია “საფარის” განცხადებაში.

ბაია პატარაია განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ჰყავს მსგავსი შემთხვევებისთვის გადამზადებული თანამშრომლები, ვინც შეძლებდა გოგოების გენდერული დისკრიმინაციის გარეშე გამოკითხვას, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი არ ჩართულან.

“საფარი” მოითხოვს, რომ ინტიმური შინაარსის პირადი და პერსონალური ინფორმაციის მოპოვება-შენახვა-გავრცელების ნაწილში სისხლის სამართლის მიმართულებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს, სხვა დანაშაულები კი გადაეცეს თბილისის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს.

ამასთან, ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქმეში არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოც ჩაერთოს. ამასთან, “საფარი სახალხო დამცველსაც მიმართავს, რომ დაინტერესდეს აღნიშნული საქმით და მონიტორინგი გაუწიოს გამოძიებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი