ახალი ამბები

ჯანდაცვა: COVID-19-ზე ვაქცინაციისთვის 50 ათასი შპრიცი საქართველოშია

10 თებერვალი, 2021 • 930
ჯანდაცვა: COVID-19-ზე ვაქცინაციისთვის 50 ათასი შპრიცი საქართველოშია

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, COVID-19-ზე ვაქცინაციისთვის საჭირო 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია.

უწყების განცხადებით, საქართველომ დონაციის სახით, COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო:

“ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის, ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან – Hindustan Syringes Medical Devices Ltd.

მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც” ,- აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნული შპრიცები საჭიროა Pfizer-ის ვაქცინით ასაცრელად.

ორჯერადი ინექციით 14 000-მდე ადამიანის ასაცრელად სამყოფი Pfizer-ის ვაქცინა საქართველომ თებერვლის მეორე ნახევარში უნდა მიიღოს სამედიცინო პერსონალის ნაწილის ასაცრელად.

“რეანიმატოლოგები, მიმღების და სასწრაფოს ექიმები” – ვის შეხვდება COVID-ის ვაქცინა პირველს

მასალების გადაბეჭდვის წესი