ახალი ამბებიკომენტარი

რატომ ჩაშალა ნიკო ლორთქიფანიძემ მეგობრებთან ერთად სპექტაკლი ქუთაისში 1901 წელს

10 თებერვალი, 2021 • 2267
რატომ ჩაშალა ნიკო ლორთქიფანიძემ მეგობრებთან ერთად სპექტაკლი ქუთაისში 1901 წელს

ავტორი: სოფო ზვიადაძე 

„ვთხოვ პატიოსან საზოგადოებას – ნუ უყურებს ამ საზიზღარ წარმოდგენას, რომელიც რყვნის დრამატულ ხელოვნებას, ამცირებს ერსა და შეურაცხყოფს სარწმუნოებრივ გრძნობას“ – ამ სიტყვებით მიმართა 1901 წლის 5 მაისს ქუთაისის თეატრში შეკრებილ მაყურებელს  21 წლის ნიკო ლორთქიფანიძემ.

როგორც იმ დროს პრესაში წერდნენ,  ფარდა გაიხსნა თუ არა, „ბალკონზე მყოფმა სტუდენტებმა ასტეხეს ისეთი ძლიერი ხმაურობა, რომ წარმოდგენის ყურისგდება შეუძლებელი შეიქნა.“

თეატრში სპეციალურად მოვიდა ქალაქის პოლიცმეისტერი ლისოვსკი და სთხოვა ახალგაზრდებს დაეტოვებინათ თეატრი.

„დაგვიჭირეთ და ძალით გაგვიყვანეთ, მაგრამ ნებით კი არ გავალთ, სანამ ამ უმსგავსო წარმოდგენას არ დახურავთ“ – ეს იყო ახალგაზრდების პასუხი.

რამ აღაშფოთა ახალგაზრდები ისე, რომ ჯერ საშუალება არ მისცეს  დასს სპექტაკლი გაეგრძელებინათ და შემდეგ მზად იყვნენ ამ პროტესტისთვის პოლიციისთვისაც  კი გაეწიათ წინააღმდეგობა?  ნიკო ლორთქიფანიძის ზემოთ ნახსენებ სიტყვაში, სადაც ის მაყურებელს სთხოვდა, პროტესტი გამოეხატა ერის და სარწმუნოების შეურაცხყოფის გამო,  ებრაელ ხალხს და  მათ სარწმუნოებას გულისხმობდა.

1901 წელს ქუთაისში ჩამოვიდა რუსული დასი ს.ლიტვინის და ვ.კრილოვის პიესით „კონტრაბანდისტები”, რომლის შინაარსი ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული.

16 აპრილს გამართულ წარმოდგენაზე, პირველი მოქმედების შემდეგ, დარბაზში ხმაური ატყდა. იატაკზე დაყარეს ქლორში შერეული ბურნუთი. ქუჩაშიც აუარება ხალხი შეიკრიბა ანტისემიტური სპექტაკლის გასაპროტესტებლად. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა.

5 მაისს დასმა ისევ სცადა პიესის დადგმა შეცვლილი სახელით – “ისრაელის შვილები”. სწორედ ამ დღეს  სტუდენტებმა: ნიკო ლორთქიფანიძემ, კირილე ნინიძემ, ალექსანდრე კანდელაკმა, ილია აბხაიძემ საშუალება არ მისცეს მსახიობებს, წარმოდგენა ჩაეტარებინათ.

თეატრში დაწყებული ხმაური პოლიციის და სამხედროების მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა და არეულობა თეატრის გარეთ, ბულვარში გაგრძელდა.  200-მდე ადამიანი დააპატიმრეს ერთი ღამით, ხოლო „სტუდენტების საქმეზე“ დაწყებული სასამართლო პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა.

1901 წლის ქართული და რუსული გაზეთები თითქმის მთელი წელი ვრცლად აშუქებდნენ სასამართლო პროცესს, რომელსაც პრესაში გულშემატკივრები „სტუდენტთა საქმეს“ უწოდებენ,  უფრო ნეიტრალური გაზეთები – „არეულობა თეატრში“.

„ცნობის ფურცელი“, 1902 წლის 26 აპრილი

„თეატრში უწესობისთვის“ და „პოლიციის მოხელეთა შეურაცხყოფაში“  სასამართლოზე წარდგენილი სტუდენტები იყვნენ: ნიკო ლორთქიფანიძე, კირილე ნინიძე, ალექსანდრე კანდელაკი, ილია აბხაიძე. ნიკო ლორთქიფანიძეს და კირილე ნინიძეს იცავდა იმ დროს ცნობილი ნაფიცი ვექილი მოსე ქიქოძე.  მოსე ქიქოძე  იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი მისი დაარსებიდან (1879წ.), ქალაქ ქუთაისის სათათბიროს ხმოსანი და სხვა მრავალ საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად, 1909 წელს დაარსებული ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის პირველი თავმჯდომარე. ამიტომ გასაკვირი არ არის სასამართლო პროცესის საზოგადოებრივი პროტესტის იმ სულისკვეთებით გაგრძელება, რამაც გამოიწვია არეულობა თეატრში.

ქიქოძე დაცვის სიტყვაში უპირველესად სპექტაკლის ანტისემიტურ შინაარსზე და ებრაელთა შეურაცხყოფაზე საუბრობდა.

მისი აზრით,  ლიტვინოვის და კრილოვის პიესის  „შვილნი ისრაელისა“ მიზანი იყო „სიძულვილის თესვა და საზოგადოების წევრთა გადაკიდება და სადაც მთელი ერია გალანძღული და დამცირებული … სიძულვილის ჩამოგდება  პატარა წრეშიაც გასაკიცხია, მით უმეტეს, დასაგმობი უნდა იყოს ამნაირი ქმედება, მაშინ, როდესაც იგი მთელი ერის წინააღმდეგ მიმართულია … ასეთი მოღვაწეობა პროტესტს უნდა იწვევდეს არამც თუ გულწრფელ ახალგაზრდა სტუდენტების მხრივ, არამედ მოხუცებულებშიაც“.

ადვოკატის სიტყვა ზოგადად იმ დროისთვის საჯარო დისკუსიის და საჯარო აზრის შექმნის საუკეთესო მაგალითია.

ის, რასაც დღეს სიძულვილის ენის და ქსენოფობიის წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტს ვუწოდებთ, 1901 წლის სასამართლო პროცესზე მოსე ქიქოძემ ასე გამოთქვა:

„სიმპატიური პროტესტი, ადამიანური გრძნობით გამოწვეული, დასასჯელი კი არა, საქები უნდა იყოს; არეულობის სახელი ასეთს პროტესტს კი არ უნდა დავარქვათ, არამედ იმისთანა პიესის წარმოდგენას, როგორიც არის „შვილნი ისრაელისა“. აი, ამგვარი კეთილშობილური გრძნობით იყვენენ სტუდენტები გამსჭვალულნი და ატაცებული, როდესაც ისინი თეატრში უკმაყოფილებას აცხადებდნენ“.

პროცესი რამდენჯერმე გაიმართა და საბოლოოდ სტუდენტები ჯარიმით გაათავისუფლეს.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 1896 წელს მოსე ქიქოძე სხვა პროცესზეც იყო ადვოკატი, სადაც იმ დაზარალებული ებრაელების უფლებებს იცავდა, რომელთაც ათეულობით ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქუთაისში.

ანტისემიტიზმის  პროტესტთან ერთად, ებრაელთა შეურაცხყოფაც იმავე საზოგადოების ისტორიას ეკუთვნის. მე-19 საუკუნეში პერიოდულად გადაუვლის ქართულ საზოგადოებას ანტისემიტიზმის აჩრდილი: სოციალური სარჩულით დაპირისპირებები, რელიგიური ცილისწამებით და გახმაურებული სასამართლო პროცესებით.  ფაქტია, რომ ის ვერ იკიდებს ფეხს საზოგადოებაში და არ ხდება „ელიტების სენი“, როგორც ამას იმ დროს რუსეთში უწოდეს. თუმცა, რუსეთის გავლით და რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში საქართველოშიც ვრცელდება ის მითები და სურათ-ხატები, რომელსაც ემყარება ხოლმე ანტისემიტური შეხედულებები.

ანტისემიტიზმისგან არცერთი საზოგადოება, არცერთ დროში არ არის დაცული. მთავარია, როგორ ხვდება მის გამოვლენას საზოგადოება, რამდენად გაუსწორებს თვალს და გულგრილად არ შეხვდება მეორე ადამიანის სარწმუნოების შეურაცხყოფას. წარსულის ისტორიების გახსნებასაც მოქალაქეობრივი სიფხიზლისთვის აქვს მნიშვნელობა.

ფოტოზე: ქუთაისის ცენტრალური ბაღი. ფოტო: dspace.nplg.gov.ge

______________________________________________

მასალების გადაბეჭდვის წესი