ახალი ამბები

პუტინმა ლავროვის რეპლიკის გამო ბოდიში მოიხადა – ისრაელის პრემიერის ოფისი

5 მაისი, 2022 • 1958
პუტინმა ლავროვის რეპლიკის გამო ბოდიში მოიხადა – ისრაელის პრემიერის ოფისი

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის ოფისი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბენეტთან სატელეფონო საუბარში ბოდიში მოიხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ანტისემიტური განცხადების გამო.

სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმოშობა მას ხელს არ უშლის, იყო ნაცისტი, პარალელი კი ადოლფ ჰიტლერთან გაავლო, რომელსაც, ლავროვის აზრით, ებრაული სისხლი ჰქონდა, რაც ისტორიულად არ დასტურდება.

ლავროვის განცხადების გამო დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა რუსეთსა და ისრაელს შორის.

ისრაელში დაიბარეს რუსეთის ელჩიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ისრაელი ნეონაცისტების მხარესაა.

ბენეტსა და პუტინს შორის სატელეფონო ზარი 5 მაისს შედგა.

პუტინის პრესცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ბოდიშზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი