ახალი ამბები

ევროპული საქართველო ისრაელიდან ელჩი ჟვანიას გამოწვევას ითხოვს

9 იანვარი, 2021 • 2149
ევროპული საქართველო ისრაელიდან ელჩი ჟვანიას გამოწვევას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოწვევას ითხოვს.

საქმე ეხება რამდენიმე სასულიერო პირის ანტისემიტურ განცხადებებს, რომელსაც მათ შორის, ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი გამოეხმაურა.

დღევანდელ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ნებისმიერი რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ ქადაგება არის უზნეობა და სამარცხვინო საქციელი.

მსგავსი განცხადებები კი შეურაცხმყოფაა „არა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის – ჩვენი ებრაელი მოქალაქეების, არამედ, საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ“ და ისინი საფრთხეს უქმნიან საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე.

„ამ ვითარებაში კიდევ უფრო საგანგაშო იყო ისრაელში საქართველოს ელჩის, ჟვანიას სამარცხვინო განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად გაამართლა ეს სასულიერო პირი. კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ამ სამარცხვინო განცხადებას საქართველოს ელჩისა არ მოჰყოლია განმარტება ივანიშვილის გუნდის, მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებისგან.

ჩვენ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება კი არა, სადღეგრძელო, სადაც მან ორი ერის მეგობრობაზე ისაუბრა, მაგრამ კონკრეტულად არ დაუგმია არც საწყისი ანტისემიტური განცხადებები და განწყობები და არც რეაქცია მიუცია მისი უწყების მიერ დანიშნული ელჩის სამარცხვინო საქციელზე.

ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ეს განცხადებები როგორც აღვნიშნე არის სამარცხვინო, უზნეო და მიმართულია ადამიანის თავისუფლების და ღირსების წინააღმდეგ და საფრთხეს წარმოადგენს. ამაზე რეაქცია ხელისუფლების უნდა იყოს მკაფიო და ელჩი ჟვანია არ შეიძლება ამ სამარცხვინო საქციელის შემდეგ თანამდებობაზე იყოს,“ – აცხადებს ბოკერია.

ის ამბობს, რომ პარტია მოითხოვს „მკაფიო დაგმობასხელისუფლების წარმომადგენლებისა და რეაქციას ჟვანიას საქციელზე მისი გამოწვევის სახით,“.

იოანე გამრეკელის ქადაგება და ლაშა ჟვანიას გამოხმაურება

20 დეკემბერს მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგება წაიკითხა, რომელიც შემდგომ სამოქალაქო სექტორმა ანტისემიტურად შეაფასა. ამ ქადაგებაში იოანე გამრეკელი იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: „ქრისტეს მდევნელები“ და სხვა:

„ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოხდა დაპირისპირება იუდეველთა თემის ქრისტიანებთან. ქრისტიანები უფრო მეტნი იყვნენ რიცხვით. დაპირისპირება გადავიდა ძალადობაში და ძალადობის შედეგი იყო, რომ ქრისტიანებმა სძლიეს იუდეველთა თემს და მათი სინაგოგა დაანგრიეს.

აღშფოთდა ხელისუფლება, იჩივლეს, აგვიშენონ ახლაო.. ქალაქში ცოტანი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოში ცოტანი არ არიან. გავლენაც აქვთ მეფის კარზე ყოველთვის, ახლაც. ქრისტიანები არ თანხმდებოდნენ, მაშინ მმართველმა შეუთვალა ამბროსის, უნდა გადაიხადოთო. მან უპასუხა, რომ ქრისტეს ჯვარმცელთ და ქრისტიანთა მდევნელთ ქრისტიანებმა სალოცავი… როგორ უნდა ავუშენოთო. ნუ, ისინიც მოქალაქეები არიან და აქვთ უფლება და დღევანელი ნორმებით, უფლებები აქვთ.

ამბროსი ხომ ყოფილი სახელმწიფო მოხელე იყო და მან შეუთვალა, კარგიო. მაგრამ მათ ჯერ გადაიხადონ საუკუნეების მანძილზე მათი დასმენით, ცილისწამებით.. ამდენი ქრისტიანი აწამესო, რამდენი ქრისტიანთა სალოცავები დაანგრიეს და რამდენჯერო – აი, ამ ყველაფერს რომ გადაიხდიან, მერე ჩვენ თანხას მივცემთ სინაგოგის აშენებისთვისო.

მიხვდნენ, რომ ეს თანხა ისეთია, რომ ვერ გადაიხდიან. უდანაშაულოთა სისხლის ფასი არის, რომ გადაიხადო?! რამდენი აწამეს, მათი ცილისწამებით, ბრალდებით, დასმენით. რამდენჯერ მათ, სანამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა ქრისტიანობა – ძალადობდნენ ქრისტიანებზე. და მაშინ მმართველმა დაიბარა თემის… და უთხრა – პასუხი ასეთიაო – თქვენ იმ საუკუნეების, ნუ, ერთი-ორი საუკუნე მაინც, გადაიხადეთო და ისინი გადაგიხდიან იქიდანო. და უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო.

დღესაც, როდესაც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, უცნაურია, ეკლესიის ლანძღვის და ცილისწამების უფლება არის, რომ სიტყვის თავისუფლება.. როდესაც ჩვენ გვინდა, რომ გავაკრიტიკოთ ეს ქმედება, გვეუბნებიან, რომ იცით, მათ ჰქონდათ უფლება. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს ეთნიკური საზღვრით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა, ეკლესიის წინააღმდეგ. თუმცა ეკლესიიდგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღიათ“.

ამ ქადაგებას გამოეხმაურა ლაშა ჟვანია. მან თქვა, რომ მეუფე იოანე საუბრობს საუკუნეების წინ მომხდარ „არასასიამოვნო ფაქტზე“ და უარყოფს, რომ გამრეკელმა ანტისემიტური განცხადებები გააკეთა.

ახალი ცილისწამებები საქართველოს ეკლესიის მსახურების წინააღმდეგ. ამჯერად საქართველოს ფარგლებს გავცდით და მთელი მსოფლიო…

Posted by Ambassador Lasha Zhvania on Monday, 28 December 2020

დეკანოზ ილია კარაკაძის ქადაგება

მეუფეს კრიტიკის შემდეგ დეკანოზმა ილია კარკაძემ ასევე წაიკითხა ქადაგება, რომელშიც ასევე ისაუბრა ებრაულ თემზე. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კარაკაძის ქადაგებაზე წერს:

„მღვდელი ამბობს, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც “მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას”, თუმცა, ასევე არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ “არ ერწყმიან”. ილია კარკაძის თქმით, მიტროპოლიტი იოანე საკუთარ ქადაგებში ფაქტებს ყვებოდა: “აი, მე რომ წავიკითხო, მაგალითად, აბელის წინასწარმეტყველება ხო, და აბელს უწერია, რომ ურიებიო, დაგესლავენ რუსეთსო და ფაქტია, ეს რომ ასეა, კაცო”.

დეკანოზი ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდში ებრაელებს დიდი გავლენა ჰქონდათ. სტალინზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, მათი დაჯგუფებები რევოლუციას აწყობდნენ.[3] დეკანოზი ილია კარკაძე საბჭოთა დროს ებრაელების გავლენებზე საუბრიდან გადადის ფინანსური გავლენების შესახებ საუბარზე: ,,დღევანდელი მთელი ბანკური სისტემა [იგულისხმება საბანკო სისტემა] ვის ხელშია ჩაპყრობილი? მე არ დავიწყებ ამ საუბარს, გადახედეთ და მიხვდებით”. მისი თქმით, სტალინის მოტყუება ვერ მოახერხეს, რადგან ,,დიდი გენია” იყო, დღეს კი საქართველო და რუსეთიც ამ ძალების მიერ დაპყრობილია “ოფშორული ფულით”.[4] ყველაფრის სათავეში, ადვილი მისახვედრია, ,,რა ძალები არიან” – ,,ამეების ხელშია დღეს ბერკეტები ფინანსური”,- ამბობს დეკანოზი.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება, მით უფრო, თუკი ის გავლენიანი ინსტიტუციის მხრიდან ვრცელდება, ქმნის სიძულვილისა და ძალადობის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქომ მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანეს განცხადებასთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს ის. საპატრიარქომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაგმონ ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები,“.

დეკანოზის ქადაგებას შემდგომ გამოეხმაურა იოანე გამრეკელი და ანტისემიტური განცხადებები დაგმო, თუმცა მის მიმართ არსებულ კრიტიკას უწოდა „ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია“.

ვიმედოვნებ, პატრიარქი დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს – ისრაელის ელჩი

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი სასულიერო პირების მხრიდან ანტისემიტურ განცხადებებზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ პატრიარქი ილია მეორე მსგავს განცხადებებს დაგმობს.

„მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს“.

ვრცლად ელჩის განცხადება წაიკითხეთი აქ:

ისრაელის ელჩი მიტროპოლიტ იოანეს ქადაგებასა და შემდგომ განმარტებას ეხმაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი