ახალი ამბები

როგორ აჯარიმებენ “დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეებს

10 თებერვალი, 2021 • 1402
როგორ აჯარიმებენ “დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეებს

თბილისში ე.წ. კომენდანტის საათის დროს გამართული “დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეთა იდენტიფიცირება და დაჯარიმება გრძელდება. ნაწილის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო, ნაწილზე კი – სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

აქტივისტები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ჯარიმის გადახდას არ აპირებენ, მეორე მხრივ კი, ამბობენ იმასაც, რომ სახელმწიფო მათ მოქმედებაზე არაკომპეტენტურად რეაგირებს, არასწორად წარმართავს გამოძიებას და ზოგიერთ შემთხვევაში, ჯარიმების შესახებ რეგულაციის დამრღვევთა ნაცვლად მათი ოჯახების წევრებს ატყობინებს.

ვის როგორ სჯიან “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის

თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა, სახელწოდებით  “დაუმორჩილებლობის მარში”,  6 თებერვლის საღამოს, პარლამენტთან დაიწყო და 7 თებერვალს, გამთენიისას, დედაენის ბაღში დასრულდა.

მოძრაობა “სირცხვილიამ” და სხვა აქტივისტებმა ამ ფორმით გააპროტესტეს გადაადგილების შეზღუდვა და პანდემიის თანმდევი სხვა რეგულაციები, რომლებიც, მათივე თქმით, არაკონსტიტუციურია და არ წარმოადგენს კრიზისთან ბრძოლის რეალურ გეგმას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

"დაუმორჩილებლობის მარში" ფოტო: "სირცხვილია"

აქციის მონაწილეებმა მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გარეშე გაიარეს თბილისის ქუჩები. პოლიციას იმ დღეს არავინ დაუჯარიმებია, თუმცა თქვეს, რომ იქ მყოფთა იდენტიფიცირება მოგვიანებით მოხდებოდა და ყველას დააჯარიმებდნენ.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში 9 თებერვლის საღამოს უთხრეს, იმ დროისთვის იდენტიფიცირებული იყო 51 მოქალაქე, რომელთაგან 8-ს 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, 24-ის მიმართ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო.

რაც შეეხება დანარჩენ 19 პირს, მათ მიმართ შსს-მ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევის მუხლით. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა პირებმა გადაადგილების შეზღუდვა მეორედ დაარღვიეს.

მოძრაობა “სირცხვილიაში” “ნეტგაზეთს” 10 თებერვალს განუცხადეს, რომ დაჯარიმებულთა შორის მოძრაობის 4 აქტივისტია. მათ შორისაა მარიამ დოლიძე, რომელიც ამბობს, რომ გადაადგილების შეზღუდვა ნოემბერშიც დაარღვიეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე, თუმცა მაშინ პოლიციას დემონსტრანტები არ დაუჯარიმებია.

“არ ვიცი, რა პრინციპით ხელმძღვანელობს [შსს]”, – ამბობს დოლიძე.

“კომენდანტის საათის დროს სახლში ვიყავი”

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ კაკაბაძის თქმით, 6 თებერვლის ღამეს, როცა “დაუმორჩილებლობის მარში” გაიმართა, სახლში იმყოფებოდა, თუმცა პოლიციიდან მაინც დაურეკეს და უთხრეს, რომ კარანტინის წესები დაარღვია.

“ვკითხე, რა ფორმით დავარღვიე, იმიტომ, რომ კომენდანტის საათის დროს სახლში ვიმყოფებოდი. არანაირი ახსნა ამას არ მოჰყოლია. პოლიციის წარმომადგენელს ჰქონდა რაღაც აგრესიული, ძველბიჭური ტონი. ბოლოს ვუთხარი, კი ბატონო, ჩამაბარეთ ოქმი და მე მას გავასაჩივრებ-მეთქი”, – უყვება ის “ნეტგაზეთს”.

კაკაბაძის თანახმად, “ფეისბუქზე” დაწერა, რომ დაუმორჩილებლობის აქციაზე არყოფნისთვის დააჯარიმეს, რის შემდეგაც, 1 საათში, ისევ გაისმა ზარი: ამჯერად უთხრეს, რომ დაჯარიმებული კი არ იყო, არამედ პოლიციაში საქმის განხილვაზე იბარებდნენ.

“მეორე დღეს ჩემმა ადვოკატმა დაურეკა მას[პოლიციას] და [ჩემზე] უთხრა, რომ სამართალდარღვევის ოქმი უკვე შედგენილია  და მოვიდეს, ახსნა-განმარტება დაწეროსო.

ამის მერე იგივე პატრულ-ინსპექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი არ იყო და უნდა მივსულიყავი, რათა რაღაც ახსნა-განმარტება დამეწერა მოკვლევის დასაწყებად.

ვუთხარი, მოკვლევა ხომ ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს? დავარღვიე თუ არ დავარღვიე, ხომ უნდა შეისწავლონ საკითხი და ისე დაადგინონ? ჩემი ახსნა- განმარტება საჭირო არ არის-მეთქი”, – ყვება აქტივისტი.

კაკაბაძის თქმით, საბოლოოდ, პოლიციამ განხილვაზე დაბარების ნაწილშიც შეიცვალა პოზიცია და აუწყა, რომ მისი მისვლა საჭირო აღარ იყო:

“ფაქტია, რომ არ არსებობს არც ფოტო, არც ვიდეო, ვერ იარსებებს ფიზიკურად, რომ მე იმ აქციაზე ვიმყოფებოდი  ცხრა საათის შემდეგ. საიდან მოელანდათ? მოელანდათ იქიდან, რომ უბრალოდ უდევთ აქტივისტების სიები და რეკავენ. ფიქრობენ, აი, ეს ნამდვილად იქნებოდა…”

ზარები ოჯახის წევრებთან

რამდენიმე ადამიანი საუბრობს იმაზეც, რომ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო დაჯარიმების ამბავი არა მათ, არამედ მათი ოჯახების წევრებს შეატყობინეს.

აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ 9 თებერვლის დილით მისი მობილური ტელეფონი ჩართული იყო, თუმცა პოლიციიდან მის არასრულწლოვან დისშვილს დაურეკეს და მას აუწყეს გადაწყვეტილება დეიდის ჯარიმის შესახებ:

“ამ ადამიანებს [პოლიციას] მე ვყავარ ორჯერ დაკავებული. აქციებზე ყველა პოლიციელი, ფაქტობრივად, სახეზე მცნობს. ამ დროს პატრული მიმტკიცებს, რომ თურმე ჩემი ნომერი ვერ იპოვა, როცა ორჯერ შედგენილ ოქმში ორჯერვე ჩავაწერინე ჩემი ნომერი…

ზუსტად იციან მათ ჩემი ნომერი, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ დაერეკათ სხვა ნომერზე, რომელიც ჩემს დისშვილს ვუყიდე ტელეფონთან ერთად და ვაჩუქე. დასტრესეს არასრულწლოვანი ბავშვი, რომელმაც დამირეკა განერვიულებულმა. რომ ვერ მოუფიქრებია, რა ეპასუხა, უთხრა, რომ სხვაგან მოხვდნენ და უცებ გაუთიშა”.

შუშანა მაცაბერიძე "დაუმორჩილებლობის მარშზე" ფოტო: Facebook

მსგავს ისტორიას ყვება “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძეც. მისი თქმით, ტელეფონი ჩართული ჰქონდა, თუმცა პოლიციამ დედამისს დაურეკა.

“ჩემი ნომერი აღრიცხულია შსს-ს ბაზაში და არ შემიცვლია დაახლოებით 10 წელი. ოჯახის წევრებთან დარეკვა ნიშნავს იმას, რომ ცდილობენ, შიში დათესონ და შფოთი შეიტანონ, რომ ოჯახის სხვა წევრებს რაღაც საფრთხე ემუქრებათ”, – დასძენს ის.

კუპრაძე მივიდა განხილვაზე, რომელზეც შსს-მ დაიბარა და იკითხა, რატომ ურეკავენ ოჯახის წევრებს დაჯარიმებულების ნაცვლად. როგორც ყვება, უთხრეს, რომ ეს ერთეული გადაცდომა იყო, რისიც “ლელოს” წევრს არ სჯერა, რადგან, მისი თქმით, მსგავსი რამ პარტიის კიდევ ერთი წევრის შემთხვევაში მოხდა.

“რაც მთავარია, ეს არის პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის უხეში დარღვევა, ვინაიდან ინფორმაცია გაიცემა მესამე პირებზე, თანხმობისა და ნებართვის გარეშე”, – ამატებს კუპრაძე.

“მეორედ დამაჯარიმეს, თუმცა ისევ ადმინისტრაციულით მედავებიან”

“დაუმორჩილებლობის მარშის” კიდევ ერთი დაჯარიმებული მონაწილე, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი გიორგი მუმლაძეა. ის თანამოაზრეებთან ერთად ორ თვეზე მეტია, პარლამენტის მთავარ შესასვლელთან გაშლილ კარავში არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებს.

მუმლაძე 6 თებერვლის დაუმორჩილებლობის მარშსაც შეუერთდა და გადაადგილების შეზღუდვა დაარღვია, თუმცა ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა: როგორც ყვება, ერთხელ უკვე დაჯარიმებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, 24 იანვრის ღამით საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობის გამო, და ეს ჯარიმა გაასაჩივრა.

“ეს შეზღუდვა 26 იანვარსაც, უკვე მეორედ დავარღვიეთ, თავისუფლების მოედანს დავარტყით წრე და პარლამენტთან გავჩერდით. თუმცა ამაზე რეაგირება არავის ჰქონია”, – უყვება ის “ნეტგაზეთს”.

გიორგი მუმლაძე საპროტესტო კარავში. ფოტო: Facebook

აქტივისტის თქმით, “დაუმორჩილებლობის მარშიდან” რამდენიმე დღეში, 9 თებერვალს, პოლიციიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ 2 000 ლარით აჯარიმებდნენ კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. მიზეზად 6-7 თებერვლის ღამით ქუჩაში გადაადგილება დაუსახელეს.

ჩანაწერის მიხედვით, რომელიც “ნეტგაზეთმაც” მოისმინა, მუმლაძემ პოლიციას უთხრა, რომ გადაადგილების შეზღუდვის გამო წარსულში უკვე იყო დაჯარიმებული, დარღვევა განმეორებით ჩაიდინა და, შესაბამისად, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაეწყოთ. პოლიციამ აქტივისტს მადლობა გადაუხადა ინფორმაციისთვის, თუმცა, როგორც მუმლაძე ამბობს, შსს-ს პოზიცია არ შეუცვლია.

“შერჩევითი დამოკიდებულება არის აბსურდი. თითქოს ვიღაცებს აშინებენ და სურთ, უნდობლობა გააჩინონ აქტივისტებში”, – ამბობს აქტივისტი.

“ნეტგაზეთმა” შსს-ს ჰკითხა, რა პრინციპით წყვეტენ საქმის წარმოების ფორმას და რამ განაპირობა დაჯარიმებულთა ნაცვლად მათ ოჯახის წევრებთან დაკავშირების საჭიროება. უწყებისგან ოფიციალური პასუხი ვერ მივიღეთ.

არის თუ არა კონსტიტუციური მარშის მონაწილეთა დაჯარიმება: “საიას” პოზიცია

სახელმწიფო მოქმედებს საქართველოს კანონით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც 2021 წლის პირველ ივლისამდე გასატარებელ დროებით ღონისძიებებსაც მოიცავს. მათ შორისაა გადაადგილების შეზღუდვა.

საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში დაუჭირა მხარი ცვლილებას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში. ცვლილების თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” ხსენებული ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, ვინაიდან მიაჩნია, რომ მთავრობას მსგავსი მასშტაბის უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს. სასამართლოსგან პასუხი ამ დრომდე არ ისმის.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს უფლება, დააჯარიმოს “დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეები, არსებული რეგულაციების პირობებშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან შეზღუდვები შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებაზე არ ვრცელდება.

“კარგი, ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მოქმედი რეგულაციები გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ამ კანონის მიხედვით შეიზღუდა არაერთი უფლება… ასევე წერია, რომ ეს ცვლილება შეეხება სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრას.

…ჩვენ როცა ვსაუბრობთ შეკრება-მანიფესტაციის უფლებაზე, ის არ შეიძლება მივიჩნიოთ სოციალურ ღონისძიებად. ეს დადგენილებაშიც კარგად არის ახსნილი, რომ სოციალური ღონისძიება არის ქორწილი, ქელეხი და ა.შ…

შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ შეკრება-მანიფესტაციებზე, რომლის საფარქვეშაც ხდებოდა დაუმორჩილებლობის აქცია, არ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის სოციალური ღონისძიება, ან ის მოქცეული უნდა იყოს გადაადგილების თუ მიმოსვლის თავისუფლების ნაწილში”, – აღნიშნავს “საიას” ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი მერაბ ქართველიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“საიას” მიაჩნია, რომ სახელმწიფომ რეგულაციების გამო დაჯარიმების პრაქტიკა სხვა მიმართულებებითაც უნდა მოაწესრიგოს. ქართველიშვილის თქმით, კარანტინისა და იზოლაციის წესების მეორედ დარღვევა ავტომატურად არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივ დევნას.

“…უნდა შევაფასოთ, რა რისკები იყო, რა რისკს შეიცავს კონკრეტული სამართალდარღვევა. ყველა ხომ არ შეიძლება, ასეთ საფრთხეს შეიცავდეს?” – დასძენს ის.

ფოტო გარეკანზე: ფორმულა/ვახო ქარელი

მასალების გადაბეჭდვის წესი