ახალი ამბები

მკაცრად ვგმობთ გახელაძის უკანონო დაკავების ვადის გახანგრძლივებას – ესტონეთის საგარეო უწყება

6 თებერვალი, 2021 • 673
მკაცრად ვგმობთ გახელაძის უკანონო დაკავების ვადის გახანგრძლივებას – ესტონეთის საგარეო უწყება

ესტონეთი გმობს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ვადის გახანგრძლივებას: შესაბამისი განცხადება უწყების “ტვიტერის” გვერდზე განთავსდა.

“ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 12 წლით გაახანგრძლივოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის არალეგალური დაკავების ვადა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის”, – ვკითხულობთ სამინიტროს განცხადებაში.

მანამდე, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა და აშშ-ის საელჩომ გააკრიტიკეს.

რა მოხდა

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო და თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა “ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი