საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
“2020 წლის 11 ივლისს, მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.
ამ კონტექსტში ევროკავშირი ასევე ახსენებს რუსეთის ფედერაციას მისი პასუხისმგებლობის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად”, — აცხადებს კარლ ჰარცელი.
დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო და თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა “ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”.
„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი