საზოგადოება

ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს

13 თებერვალი, 2026 •
ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს

ესტონეთს საქართველოდან ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აქამდე ესტონეთს საქართველოსა და სომხეთში ერთი ელჩი ჰყავდა. ელჩის რეზიდენცია თბილისში იყო და  სომხეთს საქართველოდან ფარავდა.

როგორც ესტონური მედია წერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, ელჩი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გადაიყვანოს და შეწყვიტოს მისი მუშაობა საქართველოში ელჩის სტატუსით.

მათი ცნობით, ცვლილება განპირობებულია ესტონეთის ურთიერთობების გაციებით საქართველოს მთავრობასთან, სომხეთთან კი პირიქით, კონტაქტების გააქტიურებით.

ესტონური მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 თებერვალს აცნობა საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, რომ ესტონეთის ელჩი საქართველოში, მარგე მარდისალუ-კაჰარი თავის მისიას თბილისში 10 მარტს დაასრულებს.

ნეტგაზეთმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუ როდის დაინიშნება ახალი ელჩი საქართველოში. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ ახალი ელჩის წარდგენა ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

„ესტონეთის ელჩი საქართველოში, მარგე მარდისალუ-კაჰარი, თბილისში თავის მისიას 10 მარტს დაასრულებს. ვინაიდან სომხეთთან ჩვენი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება და ესტონეთი ერევანში საელჩოს გახსნას აპირებს, მისი, როგორც რეგიონული ექსპერტიზის მქონე გამოცდილი დიპლომატის ცოდნა სწორედ იქ იქნება საჭირო.

ახალი ელჩის ჩამოსვლამდე, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გიტა კალმეტი, დროებითი რწმუნებულის მოვალეობას შეასრულებს. საელჩო განაგრძობს მუშაობას და ყველა სერვისი თუ ფუნქცია უცვლელად შენარჩუნდება.

ახალი ელჩის წარდგენა ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ესტონეთში ელჩი არ ჰყავს დანიშნული.

„საქართველოსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე აცხადებს, რომ ესტონეთს დიდი ხნის განმავლობაში შეჰქონდა წვლილი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისგან სისტემური დაშორების გამო, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შესრულებაში არსებული ხარვეზების გამო, ქართული ინსტიტუტების მხარდაჭერა აღარ არის ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. ესტონეთს წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის განვითარებაში.

ესტონეთი ადასტურებს, რომ თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დასძენს, რომ ესტონელი ექსპერტი მუშაობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში“, – წერს ესტონური მედია.

მასალების გადაბეჭდვის წესი