ახალი ამბები

ვინ არის და რა ხედვები აქვს ენტონი ბლინკენს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს

2 დეკემბერი, 2020 • 2605
ვინ არის და რა ხედვები აქვს ენტონი ბლინკენს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს

“პრეზიდენტი ბაიდენი გულში კი არ ჩაიკრავს, არამედ დაუპირისპირდება პუტინს მისი აგრესიის გამო. კი არ დააზიანებს, გააძლიერებს ნატო-ს შეკავების პოლიტიკას… დაეხმარება უსაფრთხოების გაძლიერებაში ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო, დასავლეთის ბალკანეთის სახელმწიფოები”, – ამბობს ენტონი ბლინკენი, რომელიც სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის რიგით 71-ე სახელმწიფო მდივანი გახდება.

სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებულ შტატებში დაახლოებით იგივეა, რაც სხვა სახელმწიფოებში საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ხელმძღვანელობას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მის დიდი ხნის თანაგუნდელს ანდობს.

“ტონი ბლინკენი სუპერვარსკვლავია და ეს არ არის ჰიპერბოლა”, – თქვა ბაიდენმა ჯერ კიდევ 2013 წელს The Washington Post-თან ინტერვიუში.

ვინ არის ენტონი ბლინკენი?

ენტონი ბლინკენი ებრაული წარმოშობის ამერიკელების ოჯახში დაიბადა. ბლინკენის მამინაცვალი სამუელ პიზარი მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტს გადაურჩა, 4 წელი გაატარა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში. ენტონი ბლინკენმა საშუალო განათლება აშშ-სა და საფრანგეთში მიიღო. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და კოლუმბიის სამართლის სკოლაში, სადაც სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.

58 წლის ტონი ბლინკენის ჰობია ფეხბურთი და მუსიკა. მუსიკალურ პორტალ Spotify-ზე მას Ablinken-ის სახელით ორი მუსიკალური კომპოზიციაც (Lip Service და Patience) აქვს გამოქვეყნებული.

https://www.youtube.com/watch?v=AtNsKrxFRhU

ენტონი ჯონ ბლინკენის კარიერა საჯარო სამსახურში კლინტონის ადმინისტრაციის დროს დაიწყო. 2001-2008 წლებში ბლინკენი სენატის საგარეო კომიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. სწორედ სენატიდან იწყება მისი და ბაიდენის მრავალწლიანი თანამშრომლობა. ობამას ადმინისტრაციაში ბლინკენი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილედ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მსახურობდა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ბლინკენი CNN-ის გლობალური ამბების ანალიტიკოსად მუშაობდა.

რაც შეეხება ენტონი ბლინკენის საქმიანობას კერძო სექტორში, ის თანადამფუძნებელია საკონსულტაციო ფირმის WestExec Advisors, ასევე, არის არასამთავრობო ორგანიზაცია “საგარეო ურთიერთობათა საბჭოს” წევრი.

რა ხედვები აქვს ენტონი ბლინკენს?

ენტონი ბლინკენი გლობალური ალიანსების მომხრეა. The New York Times-ის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მისი პრიორიტეტი იქნება აშშ-ის, როგორც საიმედო მოკავშირის, როლის აღდგენა და ხელახლა მიერთება ტრამპის მიერ უარყოფილ ხელშეკრულებებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა პარიზის კლიმატის ხელშეკრულება, ირანის ბირთვული შეთანხმება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

“ამერიკის ხმის” ცნობით, ბლინკენი ევროპასთან და პარტნიორ მოკავშირე ქვეყნებთან უფრო მჭირდო თანამშრომლობის მომხრეა და მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურ როლს საერთაშორისო პროცესებში, ხოლო მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ “მოზომილად მკაცრია”; წინააღმდეგია სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის და შეცდომად მიიჩნევს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ქურთი მოკავშირეების მიტოვებას. თუმცა, ამავდროულად, საუბრობს თურქეთთან, როგორც ნატო-ს საკვანძო მოკავშირესთან, ერთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

“ამერიკის ხმა” წერს, რომ ენტონი ბლინკენი რუსეთის მიმართ მუდმივად კრიტიკული პოზიციებით არის ცნობილი. The New York Times-ის შეფასებით კი, ბლინკენი რუსეთისადმი “უფრო ქორული” პოლიტიკის მომხრე მას შემდეგ გახდა, რაც გამოიკვეთა რუსეთის ჩარევა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და ევროპაში.

როგორ ხედავს ბლინკენი პუტინის რუსეთს, კარგად ჩანს FRONTLINE-თან მის ერთსაათიან ინტერვიუში, რომელიც 2017 წლის ივლისში გამოქვეყნდა. ის ამართლებს ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას, ამბობს რა, რომ ობამას ადმინისტრაციის საწყის ეტაპზე აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზე იყო და მიუხედავად ძირეული განსხვავებებისა, იყო ბევრი სფერო, სადაც თანამშრომლობას აზრი ჰქონდა და “ცდად ღირდა”. მისი თქმით, სწორედ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი იყო პირველი, ვინც გადატვირთვის საკითხი წამოსწია.

ამავდროულად, ტონი ბლინკენის თქმით, მცდარი იყო ბოლო მომენტამდე იმის რწმენა, რომ პუტინის და რუსეთის ინტერესი საერთშორისო საზოგადოებასთან ინტეგრაციის გაღრმავება იყო. ბლინკენის თქმით, ვლადიმერ პუტინი წარმატებით იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ტაქტიკას, მათ შორის, სამეზობლოში საკუთარი ინტერესების გასატარებლად, და ერთადერთი აქტორი არსებულ სისტემაში, რომელსაც შეუძლია პუტინისთვის ნათელი გახადოს, რომ თუ საერთაშორისო ნორმების ხელყოფას არ შეწყვეტს, პასუხისგება მოუწევს, აშშ-ის პრეზიდენტია.

ამავე ინტერვიუში ენტონი ბლინკენი ყვება იმ აზრთასხვადასხვაობის შესახებ, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებაზე არსებობდა, თუმცა არ ამბობს, თავად რომელ პოზიციას ემხრობოდა. ცნობილია, რომ ბლინკენი იყო ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების მომხრე. იმავდროულად, ჰქონდა კრემლის მხარდაჭერის იმედი ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში. ბლინკენი გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის წინააღმდეგი იყო.

ენტონი ბლინკენი აკრიტიკებს ტრამპს ამერიკულ საზოგადოებაში პოლარიზაციის გაზრდისა და დემოკრატიული რეცესიის გამო, რომელმაც, მისი თქმით, გააძლიერა ისეთი ავტოკრატიული რეჟიმები, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი. შეცდომად მიიჩნევს ტრამპის გადაწყვეტილებას გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებაც.

“ეს სულელური ნაბიჯი და სტრატეგიული დანაკარგია. ეს გადაწყვეტილება ასუსტებს ნატო-ს, ეხმარება ვლადიმერ პუტინს და აზიანენს გერმანიას — ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეს ევროპაში”, – უთხრა ბლინკენმა CNN-ის წამყვან ქრისტიან ამანპურს მიმდინარე წლის ივლისში.

“ცენტრისტი ინტერვენციონიზმის შტრიხებით”, – ასე ახასიათებს ბლინკენს დამოუკიდებელი ჟურნალისტი გლენ გრინვოლდი.

ბლინკენს აკრიტიკებენ ერაყში აშშ-ის სამხედო ოპერაციის მხარდაჭერის გამო. ბლინკენი ემხრობოდა აშშ-ის აქტიურ ჩარევას სირიასა და ლიბიაში.

”ბლინკენი მხარს უჭერდა ყველა დაუსრულებელ ომს ერაყიდან მოყოლებული”, – ამბობს ჯოშ ჰოული, რესპუბლიკელი სენატორი მისურიდან.

“ლიდერობა, თანამშრომლობა და დემოკრატია”, — ამ სამი სიტყვით ახასიათებს თავად ენტონი ბლინკენი აშშ-ის მომავალ როლს მსოფლიოში.

“ენტონი ბლინკენი ჩინებული არჩევანია. არის გამოცდილი და დაბალანსებული დიპლომატი შესანიშნავი  რეპუტაციით და შეძლებს, აშშ მაღალი პროფესიონალიზმით წარმოაჩინოს საერთაშორისო ასპარეზზე”, – ამბობს კოლინ პაუელი, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი.

ბლინკენი და საქართველო

საქართველოზე საუბრისას ტონი ბლინკენი ხაზს უსვამს ქვეყნის გეოსტრატეგიულ მდებარეობას. 2016 წელს ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, ბლინკენმა თქვა:

“თქვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზასაყარზე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი ახალი აბრეშუმის გზის პოლიტიკისთვის. შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს საქართველოს რეგიონურ ლიდერობას ტრანსკასპიური დერეფნით ევროპული და აზიური ბაზრების დასაკავშირებლად. ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებითაც საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ევრაზიის მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესში. ვიცით, რომ მსგავსი ჩართულობა ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი, თუ მოკლებულია თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის საფუძველს”.

ბლინკენი აფიქსირებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, როდესაც საქართველო კვლავ გაერთიანდება, რადგან არჩევანი საქართველოს მომავლის შესახებ უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ და არავინ სხვამ. და ეს ცალსახად ასეა. ჩვენ მყარად ვდგავართ ბუქარესტში გაკეთებული დანაპირების უკან, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და განვაგრძობთ საქართველოს მკაფიო მხარდაჭერას”, – განაცხადა მან.

ენტონი ბლინკენისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პრესკონფერენცია ვაშინგტონში, 2015 წელი.

საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ ენტონი ბლინკენი კარგად იცნობს აღმოსავლეთ ევროპას, პოსტთსაბჭოთა სივრცეს, ნამყოფია საქართველოში და ყოველთვის იჩენდა ინტერესს საქართველოს მიმართ, მათ შორის, მონაწილეობდა ვაშინგტონში საქართველოში საელჩოს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის რანგის მოხელეებისთვის ტიპური შემთხვევა არაა.

“ენტონი ბლინკენის სახით ახალი ადმინისტრაცია ძალიან ენერგიულ კადრს იყოლიებს”, – ამბობს გეგეშიძე და იმედოვნებს, რომ ბლინკენი საქართველოს ხშირი სტუმარი გახდება.

“აშშ თავისი რესურსებით უზარმაზარი წყაროა საქართველოსთვის სიკეთეების მიღების, უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და საკმაოდ დაშორებული შეერთებულ შტატებს, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით, ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების პორტფელი ყველაზე გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით. არ არსებობს უწყება და  ქვეყნის განვითარების არცერთი საკითხი, რომელშიც ამერიკა არ მონაწილეობდეს დახმარების და განვითარების კუთხით. ეს არის საამაყო და ჩვენი დიპლომატების ამოცანა იქნება, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს ეს ურთიერთობები ახალი ადმინისტრაციის პირობებში”, – ამბობს გეგეშიძე.

ენტონი ბლინკენი და არჩილ გეგეშიძე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის დაწყებამდე. ვაშინგტონი, 2015 წელი. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

“აქტიურობა, აქტიურობა და კიდე ერთხელ აქტიურობა გარეთ, ხოლო ქვეყნის შიგნით საქმით და არა მხოლოდ განცხადებებით დემოკრატიული იდეების ერთგულება”, – ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის რჩევა საქართველოს ხელისუფლებისადმი აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში. ფხალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს გადმოსახედიდან ენტონი ბლინკენი საუკეთესო კანდიდატურაა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე და საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

“რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი ენტონი ბლინკენს, რომელიც ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა და საქართველოს პერსპექტივიდან ერთ-ერთი საუკეთესოა ყველა იმ შესაძლო ვარიანტს შორის, რომელიც შეიძლება ნომინირებული ყოფილიყო სახელმწიფო მდივნის პოსტზე. ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. იმავდროულად, არაჩვეულებრივად იცნობს რუსეთს და ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს პუტინის პოლიტიკა და რუსული ჰიბრიდული საფრთხეები. ბლინკენი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და დარწმუნებული ვარ, მისი სახელმწიფო მდივნობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნატო-ს შემდგომი გაფართოებისთვის”, – ამბობს თენგიზ ფხალაძე.

ის დარწმუნებულია, რომ ენტონი ბლინკენი დიდ როლს შეასრულებს ამბიციურ და ძალიან საჭირო გეგმაში, რომელსაც ჯო ბაიდენმა ამერიკის დაბრუნება უწოდა და ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაიმეორებს ობამას რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის შეცდომებს, რადგან, ერთი მხრივ, ნახეს ამ პოლიტიკის უშედეგობა და, მეორე მხრივ, დემოკრატებს “თავიანთი ანგარიშები” აქვთ რუსეთთან 2016 აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ჩარევის გამო.

თავად აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ხედვა Foreign Affairs-ის მარტი-აპრილის ნომერში გამოქვეყნდა.

სტატიაში ბაიდენი წერს, რომ ტრამპმა მიატოვა ამერიკის მეგობრები, მსოფლიოში ავტორიტარიზმის, ნაციონალიზმისა და ანტილიბერალური ტენდენციები მატულობს, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ამ პროცესების შემოტრიალებას შეუწყობს ხელს.

“კრემლს ეშინია ძლიერი ნატოსი — ყველაზე ეფექტური პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსისა თანამედოვე ისტორიაში. იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ რუსულ აგრესიას, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ალიანსის ბასრი სამხედრო შესაძლებლობები, ასევე, გავაფართოოთ მისი შესაძლებლობები, დაუპირისპირდეს არატრადიციულ საფრთხეებს, როგორიცაა კორუფცია, დეზინფორმაცია და კიბერთავდასხმები. ჩვენ რეალური ფასი უნდა დავუწესოთ რუსეთს საერთაშორუსო ნორმების დარღვევისთვის და დავდგეთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, რომელიც ვლადიმერ პუტინის კლეპტოკრატიული ავტორიტარული სისტემის წინააღმდეგია”, – წერს ჯო ბაიდენი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი