სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მთავრობის წარმომადგენელბთან გამართულ შეხვედრაზე ვერც ერთ საკითხზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სხვა ბიზნესის სექტორებთან ერთად ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ალავერდაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ აინტერესებდა, გაიხსნებოდა თუ არა ზამთრის კურორტები. როგორც ის ამბობს, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ არ პასუხობს. ალავერდაშვილის თქმითვე, რაც ამ ეტაპზე სექტორმა დანამდვილებით იცის, არის ის, რომ პირველ თებერვალს ზამთრის კურორტები საქართველოში არ გაიხსნება. ბიზნესმენი გვეუბნება, რომ შეხვედრზე მთავრობის წარმომადგენლებმა მხოლოდ ის უთხრეს, თუ რა ცუდი შედეგი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით იმ შემთხვევაში, თუ გაიხსნებიან.
“პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პირველ თებერვალს ზამთრის კურორტები ვერ გაიხსნება, თუმცა თქვეს, დავაკვირდებით კიდევ გარკვეული პერიოდი და მერე ვნახოთ, გაიხსნება თუ არა. გაზაფხული მოდის და პირველ მარტს რომ მითხრან, გაიხსენიო, აზრი აღარ აქვს უკვე. ზამთრის კურორტების სეზონი ძირითადად 20 მარტამდეა. არანაირი კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა ეს შეხვედრა. საუბრის თემა მათი მხრიდან ის იყო, რომ გაგვაცნეს, რას ნიშნავს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და რა მოხდება, თუ გაიხსნება [ბიზნესი]. რა კატასტროფის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა, თუ გავიხსენით. ჩვენთვის ეს უკვე მიუღებელია. ამის მოსმენა უკვე აღარაფერში წერია. კონკრეტული გადაწყვეტილებები და ნაბიჯები თუ არ იქნება, აზრი აღარ აქვს მოსმენას”,-ამბობს ალავერდაშვილი.
ალავერდაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, მთავრობა ბიზნესთან ერთად განიხილავდეს, ამ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში როგორ ჩამოიყვანონ ქვეყანაში ტურისტები, განიხილება, როგორ უნდა იყოს ქვეყანა კიდევ უფრო ჩაკეტილი.
“პირდაპირ გეუბნებით, ჩემი კითხვა ასეთი იყო: შეგიძლიათ გამოხვიდეთ და მოსახლეობას უთხრათ, რომ წელს მთის კურორტები არ გაიხსნება?! მითხრეს, რომ ამას ახლა ვერ ვიზამთ, რადგან კიდევ ვაკვირდებით. როდემდე ხდება ეს დაკვირვება, არ ვიცი. ჩემი პირადი აზრია, რომ გაცნობიერება ვერ ხდება, რა ხდება ახლა მთის კურორტებზე. ანუ რა მდგომარეობაშია ბაკურიანი, გუდაური თუ სხვა მთის კურორტები. გოდერძიზე თუ მესტიაში რა მდგომარეობაა, საერთოდ გაცნობიერებაც კი ვერ ხდება ამის… ეს ჩემი აზრია.”
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟრნალისტებთან კომენტარი ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, მთავრობას კარგად ესმის იმ ბიზნესის მძიმე მდგომარეობაში ყოფნა, რომლებსაც საქმიანობა აკრძალული აქვთ. ცქიტიშვილის მტკიცებით, მთავრობასათან ერთად ბიზნესის პასუხისმგებლობაც არის ეპიდემიოლოგიური ვითარება, ხოლო მისი წარმატებით მართვის შემთხვევაში ქვეყანა ტურისტებისთვის გაიხსნება.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, აქვთ ძალიან რთული ვითარება თავის ბიზნესში, ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის და დღესაც, ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ჩვენ, ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა ისეთი სახით და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომ არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება”,-აცხადებს ცქიტიშვილი.
იმისთვის, რომ ბიზნესს უფრო მეტად დასაბუთებული ინფორმაცია ჰქონოდა ქვეყანაში მოქმედი აკრძალვების შესახებ, როგორც ცქიტიშვილი ამბობს, შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის მინისტრიც:
“ისევე, როგორც საჯარო სივრცეში, ისმოდა კითხვები, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკაში უნდოდათ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ, ამიტომ დღეს ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძის მონაწილეობით ჩატარდა ეს შეხვედრა. ჩვენ დღეს გვქონდა საშუალება, რომ ბიზნესისთვის აგვეხსნა და მათ შორის პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, სადაც ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ”.