ახალი ამბები

აქტივისტები 6 თებერვალს პარლამენტთან “დაუმორჩილებლობის მარშს” გამართავენ

3 თებერვალი, 2021 • 494
აქტივისტები 6 თებერვალს პარლამენტთან “დაუმორჩილებლობის მარშს” გამართავენ

შაბათს, 6 თებერვალს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები “დაუმორჩილებლობის მარშს” გამართავენ.

როგორც მოძრაობა “სირცხვილია” აცხადებს, როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის გეგამა არ აქვს და ამ კრიზისს თავის სასიკეთოდ იყენებს, მოქალაქეების დაუმორჩილებლობის დრო დგება.

აქტივისტების თქმით, სოლიდარობას უცხადებენ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც, შეზღუდვების მიუხედავად, შაბათს თვითნებურად, პროტესტის ნიშნად აპირებენ გახსნას. “სირცხვილია” სწორედ შაბათ საღამოს, კომენდანტის საათის დროს გეგმავს მსვლელობის მოწყობას:

“შაბათს, 6 თებერვალს, 200-მდე რესტორანი აღარ დაემორჩილება მთავრობის დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გაიხსნება. დილიდან შეგვიძლია ვესტუმროთ ბარებსა და რესტორნებს, ვისარგებლოთ მათი მომსახურებით და გავამხნევოთ მათი მფლობელები. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის და ჩვენი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.

ე.წ. კომენდანტის საათის დროს ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. 20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან” ,- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი