ახალი ამბები

კოვიდით დაიღუპა კაცი, რომელმაც პანდემიისას ექიმებისთვის მილიონები შეაგროვა

2 თებერვალი, 2021 • 912
კოვიდით დაიღუპა კაცი, რომელმაც პანდემიისას ექიმებისთვის მილიონები შეაგროვა

100 წლის ბრიტანელი, ტომ მური, რომელმაც პანდემიის დროს ქველმოქმედებისთვის დაახლოებით 33 მლნ ფუნტი შეაგროვა, კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც BBC წერს, მურს კორონავირუსი წინა კვირას დაუდასტურდა, შაბათს კი სუნთქვის გართულებით ბედფორდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემის თანახმად, მურის ჯანმართელბის მდგომარეობის გამო მისი აცრა კორონავირუსზე შეუძლებელი იყო.

ტომ მურის გარდაცვალებას გამოეხმაურა როგორც დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ასევე, პრემიერ-მინისტრი. ოფიციალურ განცხადებაში ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ტომ მური „ადამიანობის გამარჯვების განსახიერება იყო“.

„ის იყო არა მხოლოდ ეროვნული შთამაგონებელი, არამედ იმედის სხივი მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

დაახლოებით ერთი წლის წინ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, კაპიტანმა ტომ მურმა გადაწყვიტა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის თანამშრომლებისთვის საქველმოქმედო კამპანია დაეწყო და მათთვის ფულადი სახსრები შეეგროვებინა. თავდაპირველი მიზანი, რომელიც მურის კამპანიამ დაისახა, საკმაოდ მცირე — 1 000 ფუნტ-სტერლინგი იყო.

კამპანიის ბოლოს მან 33 მლნ ფუნტ-სტერლინგზე მეტი შეაგროვა, რაც 100 მლნ ლარზე მეტია. სწორედ ამიტომ, ივლისში დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ტომ მური რაინდად აკურთხა.

ვრცლად ტომ მურზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

100 წლის ბრიტანელი ვეტერანი, რომელმაც ექიმებისთვის 31 მილიონი ფუნტი შეაგროვა

მასალების გადაბეჭდვის წესი