ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 1 ოქტომბერს დაწესებულ სანქციებში მოხვდა რუსი პოლიტიკური კონსულტანტი სერგეი ტოლმაჩევი, რომელიც 2025 წელს აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბას საარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა.

აფხაზეთში ტოლმაჩევის მუშაობის შესახებ დეტალურად წერდა რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Meduza. მისი ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ბლოკში სერგეი კირიენკოს დაევალა აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში ბადრა გუნბას მხარდაჭერა, ხოლო გუნბას კამპანიის შემუშავებაზე კირიენკომ კრემლთან დაკავშირებული პოლიტიკური ტექნოლოგების ჯგუფი მიამაგრა, რომელსაც სერგეი ტოლმაჩევი ხელმძღვანელობდა.

Meduza-ს ცნობით, ტოლმაჩევი პოლიტიკური ტექნოლოგების წრეებში „შავი პიარის“ სპეციალისტად იყო ცნობილი. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, გუნბას კამპანიის ერთ-ერთი მიმართულება ოპონენტის, ადგურ არძინბას წინააღმდეგ ნეგატიური საინფორმაციო კამპანია იყო. მათ შორის, არძინბას პროთურქულ შეხედულებებსა და USAID-თან კავშირებზე კეთდებოდა აქცენტი. ეს ინფორმაცია Meduza-ს წყაროებს მიეკუთვნება და არა თავად ბრიტანეთის სანქციების დასაბუთებას.

ტოლმაჩევის მონაწილეობას გუნბას კამპანიაში სხვა წყაროებიც ადასტურებენ. Carnegie Endowment-ის 2025 წლის ანალიზში ნათქვამია, რომ კრემლთან დაკავშირებული პოლიტიკური სტრატეგი სერგეი ტოლმაჩევი გუნბას კამპანიის მართვაში მონაწილეობდა.

სხვა რუსული გამოცემებიც წერდნენ, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ხელისუფლების კანდიდატ ბადრა გუნბასთან რუსი პოლიტიკური ტექნოლოგი სერგეი ტოლმაჩევი მუშაობდა.

ტოლმაჩევმა თავადაც დაადასტურა თავისი ჩართულობა კამპანიაში. 2026 წლის თებერვალში მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამართულ ლექციაზე მან გააანალიზა 2025 წლის აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია და გუნბას გამარჯვების ფაქტორებზე ისაუბრა. გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ტოლმაჩევმა ყურადღება გაამახვილა, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ენერგომომარაგების, სოციალური გადახდებისა და სატრანსპორტო კავშირების საკითხებზე, ასევე ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზებთან მუშაობასა და საინფორმაციო მხარდაჭერაზე.

ტოლმაჩევი რუსეთის პოლიტიკურ ტექნოლოგიებში მუშაობამდე სახელმწიფო თანამდებობებსაც იკავებდა. ევროკავშირის სანქციების ოფიციალურ დოკუმენტში ის აღწერილია, როგორც რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ზაპოროჟიეს რეგიონის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე, ე.წ. ზაპოროჟიეს რეგიონის ყოფილი „ვიცე-გუბერნატორი“ და რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი „ვიცე-გუბერნატორი“. ევროკავშირის მიხედვით, ამ თანამდებობებზე იგი მონაწილეობდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ორგანიზებაში.