ახალი ამბები

100 წლის ბრიტანელი ვეტერანი, რომელმაც ექიმებისთვის 31 მილიონი ფუნტი შეაგროვა

30 აპრილი, 2020 • 1846
100 წლის ბრიტანელი ვეტერანი, რომელმაც ექიმებისთვის 31 მილიონი ფუნტი შეაგროვა

მსოფლიო ომის ბრიტანელი ვეტერანი ტომ მური, რომელმაც ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სისტემისთვის (NHS) თავისი საქველმოქმედო კამპანიით 30 მილიონი ფუნტი (100 მილიონ ლარზე მეტი) შეაგროვა, 100 წლის გახდა. დაბადების დღე მას, ათასობით ადამიანთან ერთად, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა და დედოფალმაც მიულოცეს.

საქველმოქმედო კამპანია, რომელიც მურმა წამოიწყო, თავდაპირველად NHS-ისთვის 1 000 ფუნტის შეგროვებას ითვალისწინდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეგროვებული თანხა ბევრად უფრო მეტი გამოდგა.

ბაღში სიარულით დაწყებული კამპანია

BBC-ის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, კაპიტანმა ტომ მურმა გადაწყვიტა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის თანამშრომლებისთვის საქველმოქმედო კამპანია დაეწყო და მათთვის ფულადი სახსრები შეეგროვებინა. თავდაპირველი მიზანი, რომელიც მურის კამპანიამ დაისახა, საკმაოდ მცირე — 1 000 ფუნტ-სტერლინგი იყო.

ამასთან ერთად მურმა, რომელიც კამპანიის დაწყებისას 99 წლის იყო, თავისთვისაც დაისახა მიზანი: თავის ბაღში 100 წლის იუბილემდე 100 წრე უნდა დაერტყა. ერთი წრის დისტანცია 25 მეტრია.

მურმა, როგორც BBC წერს, სახსრების შეგროვება არა მარტო კორონავირუსის, არამედ NHS-თან წინა ურთიერთობის გამოც განიზრახა — ტომ მური ერთი წლის წინ კიბოს და თეძოს მოტეხილობას  მკურნალობდა და, როგორც თავად ამბობს, კამპანიით სურდა დახმარებოდა NHS-ის „გასაოცარ“ თანამშრომლებს, რომლებიც მკურნალობის დროს ეხმარებოდნენ.

ტომ მური დადის თავის ბაღში. ფოტო: BBC

უკვე 15 აპრილისთვის კამპანიის ორივე მიზანი, BBC-ის ცნობით, შესრულებული იყო: ტომ მურმა 100 წრის გავლა მოახერხა, ხოლო 1 000 ფუნტის ნაცვლად შეგროვებული თანცა გაცილებით მეტი — 9 მილიონი იყო. მსოფლიოს მასშტაბით კამპანიას ფული 450 000-ზე მეტმა ადამიანმა შესწირა.

ამასთან ერთად, დაიწყო სხვა კამპანიაც — რვა წლის რიგენ დევისის დედამ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც მისმა შვილმა მოუწოდა სხვა ბავშვებს, ვეტერანისთვის „ვირტუალური დაბადების დღის მისალოცი ბარათი“ გაეკეთებინათ. დევისის მიზანი 1 500 ბარათი იყო, მაგრამ უკვე დაბადების დღისთვის ტომ მურს ვირტუალური თუ ბეჭდური ბარათი ათასობით ადამიანმა გაუგზავნა.

ტომ მურის და მისი შვილიშვილი. მას ხელში უჭირავს ფოტო, სადაც ტომ მურისთვის გამოგზავნილი ბარათებია ნაჩვენები. ფოტო: BBC

უკვე 30 აპრილისთვის, როცა ტომ მური 100 წლის გახდა, NHS-ისთვის შეგროვებული თანხა თავდაპირველ მიზანზე 31 000-ჯერ მეტი იყო და 31 მილიონი ფუნტი შეადგინა.

#1 ჩარტებში, მილოცვა დედოფლისგან და პოლკოვნიკის წოდება

24 აპრილს, მაშინ ჯერ კიდევ კაპიტანი ტომ მური გახდა ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში პოპულარობით პირველ ადგილზე მოხვდა.

მურმა ბრიტანელ მომღერალ მაიკლ ბოლთან და NHS-ის თანამშრომლებთან ერთად სიმღერა You’ll Never Walk Alone-ის (შენ არასდროს ივლი მარტო) ქავერი ჩაწერა. BBC-ის ცნობით, 24 აპრილისთვის უკვე გაყიდული იყო 82 000 ასლი. მთელი შემოსავალი  აგრეთვე გადაეცემა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას (NHS).

30 აპრილს კაპიტან ტომ მურმა 100 წლის იუბილეზე ათასობით ადამიანისგან მიიღო მილოცვა. მათ შორის იყვნენ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და დედოფალი ელისაბედ II. ჯონსონის თქმით, მური „ყველა ჩვენგანის სიცოცხლეში ნათელი წერტილია“, ელისაბედ II-მ კი მურისთვის გაგზავნილ წერილში დაწერა: „ძალიან გახარებულია, რომ [ტომ მური] მე-100 დაბადების დღეს აღნიშნავს“.

ამასთან ერთად, კაპიტან ტომ მურს გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალების საპატიო პოლკოვნიკის წოდებაც მიანიჭეს. გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, სერ მარკ კარლეტონ-სმიტმა მიიღო, ხოლო შესაბამისი წერილის მისატანად ტომ მურთან ვიცე-პოლკოვნიკი ტომას მილერი მივიდა.

ტომას მილერი ამცნობს ტომ მურს პოლკოვნიკის წოდების მიღებაზე. ფოტო: BBC

გარდა ამისა, იუბილის აღსანიშნავად მურის ქალაქში გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა გადაიფრინეს. ერთ-ერთი პილოტის, მარკ დისკომბის თქმით, ამ რეისის შესრულება „უდიდესი პატივი“ იყო.

თვითმფრინავების გადაფრენა და ტომ მურის რეაქცია. სქრინშოტი BBC-ის ვიდეოდან

როგორც BBC წერს, დღეს, გაერთიანებული სამეფოს დროით შუაღამისას, ტომ მურის კამპანიისთვის შემოწირულობების მიღება დასრულდება. თუმცა, როგორც თავად მური ამბობს, მსურველებს შეეძლებათ პირდაპირ NHS-ს გადაურიცხონ.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი