ახალი ამბები

უმრავლესობა ოპოზიციის დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს

2 თებერვალი, 2021 • 1141
უმრავლესობა ოპოზიციის დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს

“ქართული ოცნება”  ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ამ ეტაპზე მხარს არ დაუჭერს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მიიღეს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე და ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ.

“რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს, განახორციელოს ის, რასაც ჩვენ პარლამენტის საბოტაჟს ვუწოდებდით და რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ პარლამენტი დღეს სწორედ კონსტიტუციით გარანტირებულ ინსტრუმენტს აამოქმედებს.

კობახიძის თქმით, დღეს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, “დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული”.

“თუმცა ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც განცხადებები წარადგინეს, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 39%-მა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა 2/3, როგორც სოციოლოგიურმა კველევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა”, – განაცადა კობახიძემ.

მისი თქმით, უმრავლესობამ ასევე გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი.

“ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო დღემდე ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა”, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს “ქართული ოცნების” და მისი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ.


საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის 51 დეპუტატის განცხადებას განიხილავს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. თავდაპირველად ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ არჩევნების გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო “პატრიოტთა ალიანსიდან” გამოსულმა 4-მა (ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია) და პარტია “მოქალაქეების” 2-მა დეპუტატმა (ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი). საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს.

“ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც გასული წლის 20 ნოემბერს არ გამორიცხა, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას. თუმცა შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ამ საკითხზე პარტიულ თათბირზე იმსჯელა და განაცხადა, რომ “საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიცის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს” და პარლამენტს შესაბამის განცხადებას წარუდგენს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ იგი:

  • პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
  • იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
  • მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
  • გარდაიცვალა;
  • დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;
  • ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩამონათვალს, რომელიც პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია, ამავდროულად, ამბობს, რომ საკითხს პარლამენტი წყვეტს. პარლამენტის რეგლამენტი არაფერის ამბობს ისეთ დაშვებაზე, როცა სახეზეა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის (რომელიმე) საფუძველი, თუმცა კენჭისყრაზე საკითხი ვარდება.

ეს გარემოება დავის საგანი იყო ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის დროსაც, როცა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი — სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი — სახეზე იყო, თუმცა აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, დამატებით კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე ფორმალური ხასიათის იყო, თუ თავის თავში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოიაზრებდა. მაშინ უმრავლესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ პარლამენტი ვალდებული იყო მელიასთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა, რადგან ამის საფუძველი არსებობდა და კენჭისყრა მხოლოდ მექანიკური ხასიათის იყო.

 

უმრავლესობას მოვუწოდებ, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება — ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი