ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებს უფლებამოსილებას პირველ რიგში უჩერებენ- რატომ? – “ოცნების” განმარტება

4 იანვარი, 2021 • 1383
“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებს უფლებამოსილებას პირველ რიგში უჩერებენ- რატომ? – “ოცნების” განმარტება

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს, 4 იანვარს”პატრიოტთა ალიანსის” წევრების,  ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, დღეს მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების საკითხი იმიტომ განიხილეს, რომ ამ პარტიის საარჩევნო სიის სხვა წევრებმა პარლამენტში მათი ადგილები დაიკავონ.

“რატომ “პატრიოტთა ალიანსი”? — იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, “პატრიოტთა ალიანსის” სია ცესკოში ჩახსნილი არ არის და რამდენიმე წევრს ამ სიიდან აქვს სურვილი, რომ იმ შემთხვევაში, თუ “პატრიოტთა ალიანსის” ეს პირველი სამი ადამიანი გავა პარლამენტიდან, მათ დაიკავონ მათი ადგილები ადგილმონაცვლეობის პრინციპიდან გამომდინარე”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრების გარდა, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პარლამენტს სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებმაც მიმართეს. თუმცა მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი ჯერჯერობით არ განიხილავს.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ამის მიზეზი ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებია. მისი თქმით, “ქართული ოცნება” მოლაპარაკებების ფორმატს ითვალისწინებს.

“რაც შეეხება სხვა წევრებს, რა თქმა უნდა, მათი საკითხის განხილვაც იქნება დადგენილ ვადებში და, ამავდროულად, ჩვენ ვითვალისწინებთ მოლაპარაკებების ფორმატს, ელჩების რეკომენდაციასაც და პოლიტიკურ პროცესს ვაძლევთ ფორმატს, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით ზილფიმიანი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის პარტიულის სიის მე-8 ნომერია, ღია წერილს აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ ის პარლამენტში შედის.

დავით ზილფიმიანი “პატრიოტთა ალიანსის” სიაში მე-8 ნომერია და  უპარტიოდაა მითითებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, თუმცა, სხვა  ოპოზიციური პარტიების მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე უარი “პატრიოტთა ალიანსმაც” თქვა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პატრიოტთა ალიანსის პარტიულ სიიდან ოთხ წევრს არ მიუმართავს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ 31 დეკემბერს გამოაქვეყნა – ამ სიაში არ შედიან დავით ზილფიმიანი, სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე, სიის მე-5 ნომერი გელა მიქაძე და მე-7 ნომერი ფრიდონ ინჯია.

ზილფიმიანამდე ავთანდილ ენუქიძემ უკვე განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.

 

პატრიოტთა ალიანსის სიის წევრი ზილფიმიანი პარლამენტში შედის 

მასალების გადაბეჭდვის წესი