ახალი ამბები

გარეჯის საკითხის ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზება არის რისკის შემცველი – გახარია

1 თებერვალი, 2021 •
გარეჯის საკითხის ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზება არის რისკის შემცველი – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, დავით-გარეჯის საკითხის პოლიტიზება “ნებისმიერი მხარის მიერ” რისკის შემცველია.

“დავით-გარეჯის საკითხის ნებისმიერი სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა, დაველოდოთ საგამოძიებო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს. ვერ გამოყოფ ვერავის, საერთო სახელმწიფოებრივი მიდგომა უნდა იყოს ეს — ჩვენ ყველამ თავი შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება თეორიულადაც კი დავითგარეჯის საკითხის პოლიტიზებას შეუწყოს ხელი”, – განაცხადა გახარიამ იმ კითხვის საპასუხოდ, იზიარებს თუ არა “ქართული ოცნების” დეპუტატების პოზიციას, რომ დავითგარეჯასთან დაკავშირებით ივერი მელაშვილის და სხვების განცხადებები აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მისი თქმით, დავითგარეჯის საკითხზე ნებისმიერი სიტყვას გავლენა ექნება საზღვრის დადგენის პროცესზე.

“ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც და უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც. თითოეულ სიტყვას აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, ისტორიული ან სოციალური მნიშვნელობა, მას პირდაპირი მნიშვნელობა ექნება იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს”, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, სხვადასხვა აქტორების მხრიდან განცხადებები, “თითქოს გარეჯა საქართველო არ არის”, საზღვრის დადგენის პროცესში და საერთაშორისო სამართალში შეიძლება, გამოყენებულ იქნას საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მტკიცებულებად.

“მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, დაცვის სტრატეგიად არჩევა ვერსიის, რომ დავითგარეჯა ან მისი ნაწილი არ არის საქართველო, არის მოღალატეობრივი საქციელი”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

ამ თემაზე:

რა ვიცით დავით-გარეჯის პრობლემაზე — მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი