ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით რუსეთში თურქული მატარებელი პირველად ჩავა

1 თებერვალი, 2021 • 1276
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით რუსეთში თურქული მატარებელი პირველად ჩავა

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 29 იანვარს ანკარიდან რუსეთში გაემგზავრა სატვირთო მატარებელი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

სატვირთო ეშელონი 15 ვაგონისგან შედგება და რვა დღეში 4600 კილომეტრს გაივლის. მატარებელი მოსკოვში ინდუსტრიულ ტვირთს ჩაიტანს.

თურქული მხარის განცხადებით, ახალი სარკინიგზო მიმართულება “იქნება მნიშვნელოვანი შენატანი ლოჯისტიკური ღირებულებისა და დროის შემცირების კუთხით, რასაც მნიშნველოვანი ადგილი უჭირავს კონკურენციის დროს”.

გარდა რუსეთის მიმართულებისა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას თურქული მხარე გამოიყენებს ჩინეთთან ტვირთბრუნვის გასაზრდელადაც.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, ათწლეულების განმავლობაში მოლაპარაკებებისა და მშენებლობის შემდეგ, 2017 წელს გაიხსნა. მაგისტრალის აშენების მიზანი იყო, შექმნილიყო ალტერნატიული — მოკლე და იაფი — სატრანსპორტო დერეფანი ევროპისა და ჩინეთისაკენ.


11 იანვარს რუსეთის დედაქალაქში გამართული სამხრივი შეხვედრის შემდეგ, სადაც სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდნენ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მათ მიერ მიღწეული შეთანხმება შესაძლებელს გახდიდა სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ რუსეთისა და თურქეთის სარკინიგზო არტერიებიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი