Interviewsსამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის როლი და არამხოლოდ – რა ხდება კავკასიაში | ინტერვიუ შტეფან მაისტერთან

11 ნოემბერი, 2020 • 4126
რუსეთის როლი და არამხოლოდ – რა ხდება კავკასიაში | ინტერვიუ შტეფან მაისტერთან

მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მიმდინარე ომი, რომელიც თვენახევარი გაგრძელდა, საბოლოოდ, შეთანხმებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, სხვა საკითხებთან ერთად, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელების მივლენა განისაზღვრა. რუსები რეგიონში მინიმუმ ხუთი წლით დარჩებიან, ეს ვადა ავტომატურად გაგრძელდება, თუ რომელიმე მხარე მის შეწყვეტას არ მოითხოვს. ასევე, ნახიჩევანის კორიდორში, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკას დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს, სატრანსპორტო კონტროლი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდება.

შეთანხმების სრულად სანახავად იხილეთ სტატია: ტერიტორიების გადაცემა, რუსი მშვიდობისმყოფელები | რა წერია ბაქო-ერევნის შეთანხმებაში

როგორ აისახება სამხრეთ კავკასიის შიდა პოლიტიკაზე კონფლიქტის ამგვარი ფორმით გადაწყვეტა და შეთანხმებაში შესული პუნქტები, რომლებიც რუსულ წარმომადგენლობას ზრდის მთიან ყარაბაღში? რას ნიშნავს ეს რუსეთის ინტერესებისთვის? ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთთან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი შტეფან მაისტერი საუბრობს. [შტეფან მაისტერი წარსულში გახლდათ საგარეო ურთიერთობების გერმანული საბჭოს რობერტ ბოშის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრის დირექტორი].


უკანასკნელი წლების განმავლობაში, ეს არ არის პირველი სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მათ ჰქონდათ სამხედრო დაპირისპირება ამ ზაფხულში, ასევე, “აპრილის ომი” 2016 წელს, რომელიც მხოლოდ 4 დღე გაგრძელდა და რა დროსაც რუსეთს ძალიან აქტიური როლი ჰქონდა ცეცხლის შეწყვეტის პროცესში. დღეს ეს ასე აღარ არის. რა შეიცვალა რუსეთისთვის?

ვფიქრობ, “თამაშის შემცვლელი” ამ ომში გახლდათ თურქეთის როლი. ამ ომში თურქეთმა ნამდვილად შემოაბიჯა აზერბაიჯანში არამხოლოდ იარაღის მიწოდებით, როგორიცაა დრონები, ასევე, სამხედრო წვრთნებითაც. ჩვენ ვიცით, რომ ამ ომამდე ჩატარდა თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროების წვრთნები, ასევე ვიცით, რომ თურქები წვრთნიან ტექნიკოსთა ჯგუფებს, რომლებიც შემდგომში დრონებს მართავენ. ასევე, სირიელი დაქირავებული მებრძოლებიც. ვფიქრობ, რომ თურქეთმა ნამდვილად შეცვალა კონფლიქტის დინამიკა, რაც ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა რუსეთისათვის. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთმა არაფერი იცოდა ამის შესახებ, თუმცა ისინი არ მოელოდნენ რომ მოვლენები ასე ცუდად წარიმართებოდა სომხეთისათვის.

თუმცა ალიევი უარყოფს ყველა ბრალდებას, რომ თურქეთი აზერბაიჯანს, პოლიტიკური და დიპლომატიური დახმარების გარდა, სხვა ტიპის დახმარებასაც უწევს. მინდა გკითხოთ რუსეთის დამოკიდებულების შესახებ ნიკოლ ფაშინიანის შესახებ. ფიქრობთ თუ არა, რომ რუსეთმა სომხეთისადმი დამოკიდებულება, მათ შორის, ახალი მთავრობის გამო შეცვალა?

დიახ, ასე ვფიქრობ. რუსეთს არ მოსწონს, როდესაც ქუჩა [ქუჩის აქციები] ცვლის ხელისუფლებას. მათ არ მოსწონთ ე.წ. ფერადი რევოლუციები. ფაშინიანი კი არის დემოკრატიულად არჩეული ლიდერი, რომელიც ხელისუფლებაში ქუჩის აქციების შედეგად მოვიდა. ეს რუსეთისთვის არის ძალიან ცუდი მაგალითი. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ახლა ბელარუსში ხდება. მათ არ მოსწონთ, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის და კორუმპირებულ, ავტორიტარულ მმართველებს ცვლიან, რადგან მოსკოვისთვის ხელსაყრელია ასეთი ლიდერები, რათა ადვილად შეძლონ მანიპულირება.

რუსეთმა თავისი ჩაურევლობით მიაღწია იმას, რომ სომხეთმა წააგო ომი, ხოლო ახლა რუსეთის კონფლიქტში დაბრუნება მიანიშნებს, რომ მათ უნდათ ფაშინიანის ხელისუფლების შეცვლა. რომ არა ფაშინიანი, შეიძლება რუსებს სრულიად სხვაგვარად ემოქმედათ.

მას შემდეგ, რაც ფაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ გვესმოდა მისი განცხადებები, რომ რუსეთი გახლდათ სომხეთის ნომერ პირველი მოკავშირე. ფიქრობთ, რომ ამ დროის განმავლობაში, მათ შორის ომამდეც, რუსეთი მაინც არ ენდობოდა ფაშინიანს?

ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის სიტყვები არის ერთი, თუმცა მათ მიერ რეალობის აღქმა არის მეორე. ფაქტი ისაა, რომ ფაშინიანი გახლდათ დემოკრატიულად არჩეული ლიდერი, რომელსაც სურდა საკუთარი ქვეყნის დემოკრატიზაცია და კორუფციის დამარცხება. ეს აზიანებდა რუსულ ინტერესებს, მათ შორის, რუსული ბიზნესის ინტერესებსაც. ფაშინიანს შეეძლო რუსეთში ჩასულიყო კიდევ 10-ჯერ, მაგრამ რუსები მაინც არ ენდობოდნენ მას, რადგან ის იყო უფრო მეტად დემოკრატიული, ვიდრე სარქისიანი ან კოჩარიანი, და მას სურდა, რომ სომხეთი დაეახლოებინა ევროპისთვის. მაშინაც კი, თუ ფაშინიანი ამის შესახებ ღიად არ საუბრობდა, მმართველობის წესი და ასევე ის ხალხი, რომლებიც ფაშინიანმა ხელისუფლებაში მოიყვანა, მიანიშნებდა სწორედ ამაზე.

ერთია რუსეთის დამოკიდებულება ნიკოლ ფაშინიანის პიროვნებისა და მისი მართვის სტილის მიმართ, მაგრამ მეორეა ის, რომ სომხეთიც და რუსეთიც წევრები არიან ევრაზიული კავშირისა და კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის. ამ უკანასკნელის მიხედვით, თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. 29 სექტემბერს სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ვარდენისს, თუმცა რუსეთს ამაზე რეაქცია არ ჰქონია. ასევე გვახსოვს ფაშინიანის წერილი პუტინისადმი, რომ ჩარეულიყო კონფლიქტში. როგორ შეიძლება აიხსნას რუსეთის ინერტულობა, მათ შორის ამ ორგანიზაციების პერსპექტივიდან?

ყველა პოსტსაბჭოთა ორგანიზაცია, სადაც რუსეთია დომინანტი ქვეყანა, არ არის მულტილატერალური [მრავალმხრივი, თანაბარუფლებიანი ურთიერთობები]. ისინი ემსახურებიან რუსულ ინტერესებს. თუ რუსეთს სურს, რომ ეს ორგანიზაციები გამოიყენოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შესასვლელად, ისინი ამას გამოიყენებენ, თუ არ სურთ – არა. ამ შემთხვევაში მათ არ ჰქონდათ ინტერესი, რომ სომხეთს სამხედრო კუთხით დახმარებოდნენ. ასევე არც ყაზახური და ბელარუსული ძალები იბრძოლებდნენ სომხეთის მხარეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ისინიც ავტორიტარული ქვეყნები არიან და ასეთი ქვეყნები ცდილობენ, არ ჩაერიონ სხვა ავტორიტარული ქვეყნების სუვერენიტეტში. ამიტომ ეს არის შემთხვევა, როდესაც არ შეგვიძლია შევადაროთ “CSTO” (კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაცია) “NATO”-ს, სადაც ალიანსი რეალურად მუშაობს, მაგრამ CSTO-ში ყველაფერი რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული.

გარემოება, რაც ახლა სომხეთის გარშემო შეიქმნა, ის, რომ რუსეთი არ დაეხმარა მას ყველაზე კრიტიკულ მომენტში, იქონიებს თუ არა გავლენას სომხურ საგარეო პოლიტიკაზე? შეცვლის თუ არა ეს სომხეთის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ?

ჩვენ ახლა ახალი რეალობა გვაქვს. რეგიონში გყვავს რუსი მშვიდობისმყოფელები მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის კორიდორში, ასევე, FSB-ეს (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) სასაზღვრო ძალები, რომლებიც გააკონტროლებენ ნახიჩევანის კორიდორს. ეს ნიშნავს უფრო მეტ რუსულ ძალებს რეგიონში, ვიდრე აქამდე იყო.

ახლა ჩვენ ვხედავთ სომხეთის სახელმწიფოს შეზღუდულ სუვერენიტეტსაც. ეს სომხეთისთვის იმაზე ცუდია, ვიდრე აქამდე იყო. ახლა რუსეთი გააკონტროლებს სომხეთის უსაფრთხოებას და ამიტომ ექნება გავლენა სომხურ პოლიტიკაზე, შეიძლება ხელისუფლებაც კი შეცვალონ. მათ უნდათ ფაშინიანის ჩამოშორება და ამიტომ მხარს დაუჭერენ ამ ნაციონალისტურ ძალებს, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან მთავრობას.

ჩვენ ვნახავთ დიდ საშინაო კრიზისს სომხეთში მომდევნო დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში. ვიმედოვნებ, არ იქნება სამოქალაქო ომი, მაგრამ ვნახავთ ბევრ ჯგუფს, რომელთაც განსხვავებული ინტერესები აქვთ, ამიტომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ამით. ამიტომ მე არ მჯერა, რომ დარჩენილია რაიმე სივრცე მანევრისთვის, რათა ფაშინიანმა ან ნებისმიერმა სხვა სომხურმა მთავრობამ შეძლოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება, ისეთის, რაც არ იქნება რუსეთის ინტერესებში.

სომხეთის არსებული მდგომარეობ რომ შევადაროთ საქართველოს 2008 წლის რეალობას, უნდა ითქვას, რომ ომის შემდგომ სააკაშვილმა მაინც განაგრძო, შეიძლება გააძლიერა კიდეც, დასავლური საგარეო კურსი, როგორც ჩანს, ეს სომხეთის შემთხვევაში შეუძლებელია…

საქართველოს ჰქონდა შეერთებული შტატების მხარდაჭერა, შეიძლება იმ დონის არა, რასაც სააკაშვილი მოელოდა, თუმცა მაინც მხარდაჭერა იყო. სომხეთი კი ძალიან იზოლირებულია და დამოკიდებული რუსეთზე. რუსეთია უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორი. შეიძლება ეს სომხებს არ მოსწონთ, მაგრამ სხვა არჩევანი არ არის.

ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, მათ შორის, რუსეთის ჩარევით მოხდა. გარდა იმისა, რომ რუსეთი მშვიდობისმყოფელებს განათავსებს რეგიონში, კიდევ რა ბენეფიტებს შეიცავს ეს მდგომარეობა მისთვის?

რუსეთს ჰყავს ძალები ყარაბაღში და ამით ის აკონტროლებს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ აზერბაიჯანსაც. ეს არის პირველი ბენეფიტი. მეორე ის არის, რომ რუსეთმა მეტ-ნაკლებად შეძლო თურქეთის დატოვება რეგიონს მიღმა. მათ ჰქონდათ შიშები, რომ თურქეთი რეგიონში შეასრულებდა დიდ როლს, თუმცა არსებული რეალობით, თურქეთს მხოლოდ შეზღუდული გავლენები აქვს კონფლიქტზე.

მესამე ის არის, რომ რუსეთს საშუალება მიეცა, გაცილებით დიდი შესაძლებლობებით აკონტროლოს სომხეთის შიდა პოლიტიკა, ვიდრე ეს ომამდე შეეძლო, და მეოთხე – რუსეთმა გარიყა დასავლეთი რეგიონიდან. ეუთოს მინსკის ფორმატი, ასეა თუ ისე, მკვდარია. კონფლიქტის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ საფრანგეთსა და აშშ-ს, რომლებიც ამ ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან, – მხოლოდ რუსეთმა, შესაძლოა, თურქეთთან კოორდინაციის გზით.

რომ დავუბრუნდეთ სომხეთს, ომის განმავლობაში სომხური მხარე თითქოს ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ომი მათი წარმატებით მიმდინარეობდა. მაგალითისთვის, 9 ნოემბრის ღამეს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქალაქ შუშასთვის ბრძოლა გრძელდებოდა, თუმცა ომის დასრულების შემდეგ დე ფაქტო ყარაბაღში განაცხადეს, რომ ქალაქი ჯერ კიდევ 7 ნოემბერს დაკარგეს. ერევანში მიმდინარე პროტესტი ხომ არ არის გამოწვეული იმითაც, რომ ხალხს წარმოდგენა ჰქონდა, სომხეთი ომს არ აგებდა? 

საკითხავია, ხალხი რამდენად ენდობოდა ამ განცხადებებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მოსახლეობას უქმნიდა წარმოსახვას, რომ ომს სომხური მხარე იგებდა, თუმცა ხალხმა უკვე ნახა დევნილები, გაიგეს რეალური ინფორმაცია საკუთარი ახლობლებიდან და სოციალური მედიიდან. ამდენად, შესაძლოა ხალხის ნაწილი ამიტომაც აპროტესტებს, თუმცა, მე ვფიქრობ, ეს დემონსტრაციები, პოლიტიკური პარტიების კოალიცია და მათ მიერ ხელისუფლების ასეთი ფორმით კრიტიკა, არის როგორღაც ორგანიზებული, შესაძლოა, ყოფილი მმართველი ელიტების მიერ და ასევე რუსეთთან კავშირით. ვფიქრობ, რომ ისინი ორგანიზებას უწევენ ამ პროტესტს ფაშინიანის წინააღმდეგ.

ნაციონალისტური ჯგუფები ლიდერობენ ახლა. მათ იერიში მიიტანეს ფონდ “ღია საზოგადოებაზე”, ასევე, რადიო თავისუფლებაზე. შესაძლოა, რუსეთის კვალიც იმალებოდეს ამ ყოველივეში.

პრეზიდენტმა ალიევმა ჯერ კიდევ ომის დროს განაცხადა, რომ ამ ომის შემდეგ მთელი რეგიონი შეიცვლებოდა. ახლა, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანმა ომი მოიგო, ხოლო რუსეთის გავლენები გაიზარდა, რას ნიშნავს ეს მთელი რეგიონისთვის?

ნება მომეცით, აზერბაიჯანზე რამდენიმე რამე ვთქვა. ჩემი ხედვით, ალიევს ომამდე ჰქონდა ლეგიტიმაციის კრიზისი. მისი მჩაგვრელი პოლიტიკა ოპოზიციის წინააღმდეგ აღარ იყო პოპულარული საზოგადოებაში, მეტიც, ოპოზიცია ხალხში შესაძლოა უფრო პოპულარული ყოფილიყო, რადგან ეს [ალიევის მმართველობა] უკვე მეტისმეტი იყო.

ვფიქრობ, ეს გამარჯვება ალიევს აძლევს ძლიერ ლეგიტიმაციას, თუმცა ის კვლავ ავტორიტარულ მმართველად რჩება.

ვფიქრობ, რომ თუ ის კვლავ დაინახავს საშინაო საფრთხეებს, შეიძლება ეს იყოს სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი. ის შეიძლება შეეცადოს გამოიყენოს მისი სამხედრო უპირატესობა, რათა დაიწყოს სამხედრო კონფლიქტი ყარაბაღში. ასეთი საფრთხე მუდმივად არსებობს.

ჩვენ გვაქვს ზავი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუმცა არ გვაქვს სტაბილურობა. ვხედავთ ძალიან ბევრ სიძულვილს ორივე მხარეს, ძალიან ბევრ მსხვერპლს.

რაც შეეხება რეგიონს, ვფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. რუსეთი არის მოთამაშე, რომელსაც არ მოაქვს მშვიდობა, არამედ იყენებს კონფლიქტებს საკუთარი ინტერესების მისაღწევად. ამიტომაც მართვადი არასტაბილურობა არის საუკეთესო მდგომარეობა, რაც შეიძლება რუსეთს ჰქონდეს. ისინი ითამაშებენ ორივე მხარესთან და თურქეთთანაც. ვშიშობ, რომ რეგიონში არასტაბილურობა მოიმატებს, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს.

საქართველოს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით, მანამდე კი მაინტერესებს, როგორ იმოქმედებს ეს შეთანხმება აზერბაიჯანელ ან სომეხ დევნილებსა და ლტოლვილებზე?

მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სომხების ეთნიკური წმენდა ყარაბაღიდან, ისინი უბრალოდ დატოვებენ ყარაბაღს, მათ შეიძლება ყარაბაღი დატოვონ რუსული დაცვით. ხოლო აზერბაიჯანელი დევნილები უკან დაბრუნდებიან, თუმცა საკითხავია, რა სიტუაციაა ინფრასტრუქტურის მხრივ, რამდენად შესაძლებელია ყარაბაღში ცხოვრება. ძნელი იქნება ამ ტერიტორიაზე კეთილდღეობის შექმნა, როდესაც საომარი ვითარებაა. რაც შეეხება სომხეთს, დევნილების ფაქტორი კიდევ ზრდის დესტაბილიზაციის შესაძლებლობას. ეს შეთანხმება არ არის გამოსავალი. ეს კონფლიქტს ვერ მოაგვარებს.

თქვენ ბრძანეთ, რომ არ იქნება ეთნიკური წმენდა და სომხები თავისი ნებით დატოვებენ ყარაბაღს. შესაძლოა არა იმიტომ, რომ მათ სახლებში ჯარისკაცები გამოჩნდებიან და წასვლას მოსთხოვენ, მაგრამ არაპირდაპირი მიზეზებით, მუდმივი დაბომბვის შიშით, ალბათ, მაინც დატოვებენ საკუთარ სახლებს. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია თუ არა, რომ ამას ეთნიკური წმენდა ვუწოდოთ?

არა, არ ვამბობ, რომ ეს ეთნიკური წმენდაა. ეს არის ხალხის გადაწყვეტილება, რომ დატოვონ ყარაბაღი, რომელიც მძიმე სიტუაციისა და ეთნიკური წმენდის შიშის გამო მიიღეს. მათ აქვთ საფრთხის განცდა, რომ ეთნიკურ სომხებს მოკლავენ. ასევე მნიშვნელოვანია სომეხთა გენოციდის ისტორიული მხარეც, ეს ნამდვილად არის პრობლემა.

მინდა ვისაუბროთ თურქეთის შესახებაც. ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, ამ ომის შემდეგ თურქეთმა ნოყიერი ნიადაგი მოიპოვა რეგიონში შემოსასვლელად და  ეს კავკასიას თურქეთისა და რუსეთის დაპირისპირების კიდევ ერთ ავანსცენად აქცევს. როგორ შეიძლება თურქეთის როლის შეფასება?

ვფიქრობ, ჩვენ ვნახავთ, რომ თურქეთი გამოიწვევს რუსეთს, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, და მიეცემა ვაჭრობის საშუალება სირიისა და ლიბიის საკითხებზე. ვფიქრობ, ისინი ამ კონფლიქტებს ერთმანეთთან აკავშირებენ. თურქეთი არ არის კმაყოფილი რუსეთის როლის ზრდით შავ ზღვაში, რაც ძირითადად ყირიმის შემთხვევით [ყირიმის ანექსია] გამოიხატა. ჩვენ ვიცით, რომ თურქეთს უნდა დრონები მიაწოდოს უკრაინასაც, რაც შეიძლება გამოწვევა იყოს რუსეთისთვისაც. თურქეთს კავკასიას ჭირდება იმისთვის, რათა უფრო მეტი სავაჭრო [იგულისხმება დიპლომატიური ვაჭრობა] შესაძლებლობა ჰქონდეს რუსეთთან და ასევე გახდეს უფრო დამოუკიდებელი რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით. ამდენად, მათ ინტერესი აქვთ აზერბაიჯანის გაზსა და ნავთობში.

თუმცა, ამავე დროს, თურქეთს აქვს არაერთი მიმდინარე ენერგოპროექტი რუსეთთან შავი ზღვის გავლით, მაგალითად, TurkStream, რომელიც ექსპლოატაციაში წელს შევიდა…

დიახ, ისინი ორივე ავტორიტარული ლიდერები არიან და ასეთ ლიდერებს ერთმანეთი მოსწონთ. ისინი ყოველთვის შეთანხმდებიან. ერდოღანსა და პუტინს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ. თუმცა, თუ შევხედავთ თურქეთის ენერგოსტატისტიკას, დავინახავთ, რომ მოთხოვნა გაზზე იზრდება, თუმცა მოთხოვნა რუსულ გაზზე მცირდება. ის ცდილობს, რომ  ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთზე, ამავე დროს კი, გახდეს ენერგეტიკული ჰაბი.

როდესაც ჩვენ გვაქვს ახალი რეალობა, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში უკვე არის რუსეთი სამხედრო ძალებით წარმოდგენილი, რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. რას ამბობს გეოპოლიტიკური სურათი?

უნდა ვახსენოთ, რომ რუსეთისთვის აღარ დარჩა რაიმე სხვა შესაძლებლობა, რათა აკონტროლოს ეს ქვეყნები, გარდა სამხედრო ძალისა. აქ აღარაა რბილი ძალა. მას არ აქვს არც ეკონომიკური და არც მმართველობითი მიმზიდველობა. შეიძლება ზოგ ლიდერს მოსწონს რუსეთი, მაგრამ ის აღარაა მიმზიდველი ქართველებისთვის, ალბათ, არც სომხებისა და ბელარუსებისთვის.

მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ეყრდნობა უფრო მეტად სამხედრო გადაწყვეტებს, სამხედროების რეგიონში მივლინებას, ახალი კონფლიქტების გაჩენას, მაგალითად, დონბასში [აღმოსავლეთ უკრაინა]. შედეგად, ეს ნიშნავს მეტ დესტაბილიზაციას, მეტ საფრთხეებს ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, რომელიც დაინტერესებულია ტრანს-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციით.

ჩვენ ვხედავთ რეგიონში კონფლიქტს დასავლეთსა და რუსეთს შორის, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ეს არ არის სათანადოდ აღიარებული ევროპაში. ჩვენ არ გვესმის, თუ რას ნიშნავს ეს ევროკავშირის სტაბილურობისთვის, ასევე, ევროპის მიმზიდველობისთვის რეგიონში. ეს არის ჩვენი მთავარი მარცხი აქ.

ვფიქრობ, საქართველოსთვის არ არის მარტივი შემთხვევა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არ არის რუსეთის მიერ შექმნილი, თუმცა არის მის მიერ გამოყენებული და მანიპულირებული. ქვეყნებში, სადაც არის შიდა სირთულეები, ე.წ. “ფეიკ ნიუსები” [ყალბი ახალი ამბები] და ასე შემდეგ, რუსეთს ეძლევა შესაძლებლობა, გავლენა ჰქონდეს. დიახ, არიან რუსული ძალები სამეზობლოში, თუმცა საქართველო კვლავ ინარჩუნებს მხარდაჭერას დასავლეთის მხრიდან. საქართველოს კვლავ აქვს შანსი, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს, თუმცა ეს ყოველთვის, პირველ რიგში, თავად ქვეყნის მმართველი ელიტების პასუხისმგებლობაა.


მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანის განცხადებით, სომხურმა მხარემ შეტევა მიიტანა მშვიდობიან მოსახლეობაზე, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. ომის განმავლობაში სამი ჰუმანიტარული ზავი გაფორმდა, ორჯერ რუსეთის, ხოლო ერთხელ აშშ-ს შუამავლობით, თუმცა სამივე შემთხვევაში მხარეები აცხადებდნენ, რომ მოწინააღმდეგე ზავის პირობებს არ იცავდა. საბოლოოდ, აზერბაიჯანის არმიამ შეძლო აეღო დასახლებები ფუზულის, ჯაბრაილის, გუბადლის, ხოჯევანდის, ხოჯალის, ლაჩინის რაიონები. ასევე ქალაქები ჰადრუთი და შუშა, რომლებიც ომის შემდგომ ძირითადად მხოლოდ სომხური მოსახლეობით იყო დასახლებული. 10 ნოემბრის ღამეს, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ომის დასრულების შეთანხმებას ალიევთან და პუტინთან ერთად, რომლის ტექსტიც დაუჯერებლად მტკივნეული იყო სომეხი ხალხისთვის. შეთანხმება 9 პუნქტისგან შედგება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნებას, რუს მშვიდობისმყოფელებსა და ლაჩინისა და ნახიჩევანის კორიდორების შექმნას გულისხმობს. ფაშინიანის გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტებმა დაიკავეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები, ასევე თავს დაესხნენ პარლამენტის სპიკერს. 17 პარტიისგან შემდგარი კოალიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი