ახალი ამბები

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო მატარებელმა პირველად გაიარა

9 დეკემბერი, 2020 • 1021
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო მატარებელმა პირველად გაიარა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო მატარებელმა პირველად გაიარა. მათივე ცნობით, 8 დეკემბერს, გვიან საღამოს,  საქართველოში შემოვიდა მატარებელი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა.

“აღნიშნული მოვლენა უპრეცედენტოა, რადგან აქამდე, შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა. მატარებელი, რომელიც ჩინეთის სიანის პროვინციაში უნდა ჩავიდეს შუა სარკინიგზო დერეფნის გავლით (რომლის შემადგენელია ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო გადასასვლელი) 8,693 კილომეტრს 12 დღეში დაფარავს”,-აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოზე გამავალი ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო მარშრუტი იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს.  ეს სარკინიგზო ხაზი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს.

ამას გარდა, სარკინიგზო ხაზის მიერ გადატანილ ტვირთზე ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციასაც ავრცელებს: 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). მათ შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU).

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, ათწლეულების განმავლობაში მოლაპარაკებებისა და მშენებლობის შემდეგ, 2017 წელს გაიხსნა. მაგისტრალის აშენების მიზანი იყო შექმნილიყო ალტერნატიული — მოკლე და იაფი — სატრანსპორტო დერეფანი ევროპისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი