ახალი ამბები

ერდოღანი და პუტინი ევროპას რუსულ გაზს შესთავაზებენ თურქეთის გავლით

19 ოქტომბერი, 2022 • 1105
ერდოღანი და პუტინი ევროპას რუსულ გაზს შესთავაზებენ თურქეთის გავლით

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეთანხმდა თურქეთში ბუნებრივი გაზის ჰაბის შექმნაზე.

„როიტერსის“ ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში, მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ახლა ევროპა ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოს საკუთარი თავი ენერგიით მომავალ ზამთარს. საბედნიეროდ, თურქეთში მსგავსი პრობლემა არ არის. მეტიც, იმედი მაქვს, რომ თურქეთი გახდება ბუნებრივი გაზის მიწოდების ცენტრი. პუტინთან ბოლო შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით თურქეთში გაზის ჰაბის შექმნაზე. მისივე სიტყვებით, ევროპა შეძლებს ბუნებრივი აირის მიღებას თურქეთის გავლით“, — განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთში გაზის კერის შექმნის იდეა ერდოღანს ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა 13 ოქტომბერს ასტანაში გამართულ მოლაპარაკებებზე. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ასეთი კერა შეიძლება გახდეს არა მხოლოდ გაზის გაყიდვის ადგილი ევროპის ქვეყნებში, „თუ ისინი დაინტერესდებიან ამით“, არამედ საწვავის ფასების დადგენის პლატფორმაც.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვლიდან ევროკავშირის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად, 2/3-ით შეამცირეს რუსულ გაზზე დამოკიდებულება.

„გაზაფხულზე ვივარაუდეთ, რომ რუსულ გაზზე უარის თქმას შვიდი წელი დასჭირდებოდა. დღეს ფაქტია, რომ ორი მესამედის ჩანაცლებისთვის მხოლოდ რვა თვე დაგვჭირდა. ანუ საგრძნობლად დავაჩქარეთ გაზის სხვა უცხოურ მომწოდებლებზე გადასვლა, მაგრამ ამისთვის მაღალი ფასის გადახდა მოგვიწია“, — თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი