ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი აზერბაიჯანის გავლით რუსეთს სარკინიგზო გზით დაუკავშირდება | ალიევი

11 იანვარი, 2021 • 3116
სომხეთი აზერბაიჯანის გავლით რუსეთს სარკინიგზო გზით დაუკავშირდება | ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთი რუსეთის ფედერაციას აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით დაუკავშირდება. ალიევი როგორ ამბობს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწორედ სატრანსპორტო პროექტებზე იმუშავებს. მან ამის შესახებ რუსეთში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, სადაც ალიევთან ერთად ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდნენ.

“ყოველთვის სასიამოვნოა რუსეთის დედაქალაქში ყოფნა და მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ ჩემი მადლიერება მოწვევის და სამხრივი შეხვედრის გამართვისთვის. შეხვედრა გამოდგა ძალიან სასარგებლო და მე ვფიქრობ, გულწრფელი, რადგან შეხვედრის დასასრულს, ჩვენ შევძელით ხელი მოგვეწერა განცხადებისთვის.

ეს არის მეორე განცხადება ომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ხელი მოეწერა და არსებითად ხაზს უსვამს იმას, რაც გასულ წელს მოხდა.

განცხადება მიზნად ისახავს შექმნას სრულიად ახალი ვითარება ჩვენს რეგიონში. გახსნას სატრანსპორტო გზები. სატრანსპორტო გზების გახსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 30 წლის შემდეგ, აზერბაიჯანს სომხეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების გამოყენებით, კავშირი ექნება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკას კი აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით სარკინიგზო კავშირი ექნება რუსეთთან და ირანთან. ჩვენ ასევე კავშირი გვექნება თურქეთის ბაზარზე ნახიჩევანის რესპუბლიკის გავლით. თურქეთისა და რუსეთის სარკინიგზო არტერიები ერთმანეთს დაუკავშირდება. ამრიგად, განცხადება ხსნის ფართო შესაძლებლობებს”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა სამხრივი შეხვედრის შემდეგ, პუტინთან ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

“დარწმუნებული ვარ, სამუშაო ჯგუფი, რომელიც დღეს შევქმენით, იმუშავებს ეფექტურად და პერიოდულად მოგვაწვდის ინფორმაციას განხორციელებული სამუშაოების შესახებ. ეს არ არის ერთი პროექტი, არამედ რამდემინე. დარწმუნებული ვარ ყველა მათგანი შესრულდება”, – განაცხადა ალიევმა.


დღეს, 11 იანვარს მოსკოვში გამართული შეხვედრა არის ომის დასრულების შემდეგ ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შემდგარი პირველი ოფიციალური ღონისძიება.

იმის გასაგებად, თუ რა გავლენები შეიძლება ჰქონდეს ნახიჩევანის კორიდორის გახსნას საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე, გირჩევთ მასალას ნეტგაზეთის არქივიდან:

ნახიჩევანის კორიდორი – რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი