ახალი ამბები

„ტუალეტის დაწმენდა არაა სასირცხვილო“ – რატომ წაიყვანა უცხო პირმა მოსწავლეები მერიაში

1 თებერვალი, 2021 • 1279
„ტუალეტის დაწმენდა არაა სასირცხვილო“ – რატომ წაიყვანა უცხო პირმა მოსწავლეები მერიაში

ჩხოროწყუს დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მეშვიდე კლასის მოსწავლეებს მერიის ტუალეტი დაასუფთავებინა, ამბობს, რომ სურდა, „პატარა ბავშვებისთვის [ცოდნის] ერთი მარცვალი“ ჩაედო.

„არავის დავალება არ იყო, პირადად ჩემი ინიციატივა იყო. მე მოვყევი შემცირებაში, ამ შემცირების მერე დამრჩა ერთადერთი შანსი, რომ პატარა ბავშვებისთვის [ცოდნის] ერთი მარცვალი ჩამედო“, – ამბობს  ეთერ ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ვიყავი ევროპაში. იქ არაფერი არ იყო ჩვენზე უკეთესი, არც კულტურა, არც განათლება, არც არაფერი, გარდა იმისა, რომ ტუალეტის დაწმენდაც კი არ არის სასირცხვილო მომენტი“, – თქვა მან.

„წავედი მეორე სკოლაში, შევუთანხმდი დირექტორს, ნონა თოდუას, შემიყვანა მე-7 კლასში, დაველაპარაკე ბავშვებს, წამოვიყვანე ბავშვები მერიაში იმიტომ, რომ ესენი უნდა გამოვიდნენ მერები, მხატვრები, ინჟინრები, იურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ ოჯახს რომ გაუჭირდეს, ცოლ-შვილის თუ ქმარ-შვილის გულისთვის, შეიძლება, რომ ასეთი საქმე არ ითაკილონ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

რას ამბობენ სხვები?

მეორე სკოლის დირექტორმა, ნონა თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასთან მივიდა ეთერ ჯაფარიძე, რომელიც, მისი ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი იყო, რომელმაც უთხრა, რომ „არის ერთობლივი პროექტი და ამ პროექტში ჩაერთვება თქვენი სკოლაო“…

„გასაგებია, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაგრამ ბავშვებს რომ ასეთი რაღაცის გაკეთება მოუწევდათ, ნათქვამი არ იყო. მიმდინარეობს მოკვლევა და ძალიან გთხოვთ, მეტ ინფორმაციას ვერ მოგცემთ“, – ამბობს დირექტორი.

რესურსცენტრის უფროსის, ლია ჯალაღონიას თქმით, აქტივობის შესახებ რესურსცენტრი არ ყოფილა ინფორმირებული: „რესურსცენტრმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო მოგვიანებით, ეს ამბავი … მოხდა რესურსცენტრის გვერდის ავლით, მკაფიოდ მინდა ეს დავაფიქსირო“.

ჩხოროწყუს მერის, დათო გოგუას თანახმად, როგორც კი შეატყობინეს ამ აქტივობის შესახებ, მერიას „მაშინვე გვქონდა რეაგირება და გამოვუშვით ეს ბავშვები მერიიდან“.

მისი თქმითვე, ამ ადამიანს 2020 წლის 31 დეკემბრერს ამოეწურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა: „ის არ არის არც აიიპ-ის და არც მერიის თანამშრომელი“.

„ეს იყო ამ ქალბატონის თვითშემოქმედება, ბოროტად ისარგებლა დაცვის თანამშრომლების ნდობით და დაცვამაც შემოუშვა ბავშვები“.

ვრცლად:

ჩხოროწყუში მეშვიდეკლასელებს მერიის ტუალეტი მოახეხინეს – დაწყებულია გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი