ახალი ამბები

„არა ნამახვანჰესს, სოლიდარობა მოსახლეობას“ – აქცია პარლამენტთან

1 თებერვალი, 2021 • 1056
„არა ნამახვანჰესს, სოლიდარობა მოსახლეობას“ – აქცია პარლამენტთან

ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობასთან, დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის კომიტეტის სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ.

„დროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა ფინანსური ინტერესებით გამართლებული, დამანგრეველი პროექტების წინააღმდეგ და კატეგორიულად მოვითხოვოთ სამართლიანი, მართლაც ქვეყნის ინტერესებზე და არა რამდენიმე კერძო კომპანიის გამდიდრებაზე ორიენტირებული ენერგოპოლიტიკა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ორგანიზატორები არიან „მწვანეები“ და პლატფორმა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“. „მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის გათელვა და საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი და სამაგალითო პროტესტის ჩახშობა“, – წერენ ისინი.

აქცია 30 იანვარს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. შაბათს პოლიციამ რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აქტივისტების მიერ 96 დღით ადრე გაშლილი კარავი ძალის გამოყენებით დაშალა, აიღო მათ მიერ აღმართული ჯვარი. პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.

როგორც ორგანიზატორები წერენ, 30 იანვარს ინვესტორმა კომპანია „ენკამ“, „საქართველოს მთავრობისა და პოლიციის დახმარებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა ძვირფასი ღირებულების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე, ძალადობით განაახლა რიონის ხეობაში სრულიად დაუსაბუთებელი, სხვადასხვა ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური თუ სახელმწიფო საფრთხეების შემცველი გიგანტური პროექტის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა“.

სოფელ ჟონეთთან მიმდინარე მოვლენებს 30 იანვარსვე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელმაც თქვა, რომ ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კომპანიამ მუშაობა კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა.

პოლიციამ ნამახვან ჰესის ტერიტორიაზე აქტივისტების კარვები დაშალა, დაკავებულია 1 აქტივისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი