ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს, 30 იანავს ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კომპანიამ მუშაობა კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა.
მისი თქმით, ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვანი პროქტია და მას სახელმწიფო მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა. მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა მთავრობა ინვესტორს მკაცრ მოთხოვნებს უწესებს.
“დღეს ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კომპანიამ სრულიად კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა საქმიანობა. ნამახვანი ჰესი, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია.
ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ყოველთვის იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მკაცრ მოთხოვნებს არ ვუყენებთ პროექტის ინვესტორს. პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა. შედეგად, ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული და უსაფრთხოა. არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა და დაადასტურა, რომ იგივე გეოლოგიური თვალსაზრისით, ნამახვანი ჰესი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა სეისმოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე”, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, ნამახვანი ჰესის ასაშენებლად საქართველოში 800 მილიონი აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც “განსაკუთრებით საყურადღებოა პოსტკოვიდური კრიზისის ფონზე”. ამასთან, მინისტრის განცხადებით, პროექტის 2 000-მდე საქართველოს მოქალაქეს მისცემს დასაქმების შესაძლებლობას, რომელთაგან ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
“ჩვენ ცალსახად გვერდში დავუდგებით ამ პროექტს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნამახვანი ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე დღეს დილიდან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც ცდილობენ აღნიშნულ ტერიტორიაზე დადგმული კარვისა და ჯვრის აღების უფლება არ მისცენ მათ. პოლიციასა და აქტივისტებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ადგილობრივი აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პოლიცია მათ ეუბნება, რომ ეს ტერიტორია კომპანია “ენკას” საკუთრებაა, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის აშენებას გეგმავს, შესაბამისად აქტივისტებს არც ჯვარის და არც კარვების დადგმის უფლება არ აქვთ.
96-ე დღეა, აქტივისტებს სამშენებლო ტერიტორიაზე კარვები აქვთ გაშლილი და ამ გზით ცდილობენ მშენებლობის შეჩერებას. ამასთან, ისინი პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებსაც.
აქტივისტებმა რიონის ხეობაში, მშენებლობის ადგილას 29 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გამართეს და ჯვარი აღმართეს. კონკრეტულ ტერიტორიამდე ჯვარის ატანის პროცესში მათ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციამ, თუმცა საბოლოოდ მოსახლეობამ ჯვრის აღმართვა მაინც მოახერხა. იმ ადგილიდან, სადაც ამ მომენტში ჯვარია აღმართული, კომპანია “ენკამ” საკუთარი ტექნიკა დღეს, 30 ოქტომბერს გაიყვანა.
„ნეტგაზეთმა“ კომპანია „ენკა რინიუებლზის“ წარმომადგენელს სექტემბერში ჰკითხა, რა სამუშაოები მიმდინარეობდა ნამახვანის ჩანჩქერის სიახლოვეს, რასაც მაშინაც აპროტესტებდა მოსახლეობა, და ჰქონდა თუ არა კომპანიას ამის ნებართვა.
„ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარე ყველა სამუშაო მოსამზადებელი გახლავთ, მათ შორის, ნამახვანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, მიმდინარეობს ქვედა ნამახვანის ჰესის სადერივაციო გვირაბისთვის გათვალისწინებული ადგილის ზემოთ გზის დროებითი გადატანა. აღნიშნულ სამუშოებზე 2020 წლის 3 ივნისს გაცემულია ნებართვა #BS100014 სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ. ეს სსიპ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შედის. ნებართვა შეგიძლიათ გამოითხოვოთ აღნიშნული სტრუქტურისგან“ ,– მოგვწერეს სექტემბერში კომპანია „ენკა რინიუებლზიდან“.
მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ მოვლენებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” გამოეხმაურა. EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ნამახვანის კასკადის მსენებლობას პროექტის განმახორციელებელი კომპანიის მიერ ადგილზე წარმოებულ სამუშაოებს სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევს.
“მიუხედავად ნამახვანი ჰესების კასკადის გარშემო არსებული უამრავი შეკითხვისა პროექტის სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების, სეისმური მდგრადობის, სახელმწიფოს ფისკალური რისკების, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის თუ სამართლებრივი ხარვეზების თაობაზე, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 22 აპრილს გასცა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, კომპანიას სამშენებლო სამუშაოების წარმოება შეუძლია მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილების შემდეგ, რაც საბოლოო სამშენებლო დოკუმენტის და საექსპერტო დასკვნების წარდგენას გულისხმობს.
ამ დოკუმენტების წარდგენამდე კი, კომპანიას მხოლოდ მოსამზადებელი რიგის და მიწის სამუშაოების განხორციელების უფლება აქვს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი აქტივისტების, ასევე, თავად შპს „ენკა რინიუებლზის“ მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია დროებით ბანაკს აშენებს, რომელიც 500 ადამიანამდე იტევს; ბანაკი ნაწილობრივ უკვე ოპერირებს, ასევე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბეტონის ქარხნის მოწყობისა და სადაწნევო გვირაბთან მისასვლელი გზის მშენებლობისთვის, შენდება დროებითი ხიდი”, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული სამოუშაოები ცალსახად სცდება მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებს და უნდა ჩაითვალოს მშენებლობის დაწყებად. EMC-ის ცნობით, ქვემო ნამახვანი ჰესის ნებართვის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენამდე მშენებლობის კომპანიას დაწყების უფლება არ აქვს.
ასევე, EMC განცხადებაში აღნიშნავს, რომ სამთავრობო უწყებები და კომპანია საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდიან ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ.
“ამგვარი ვითარება კიდევ უფრო შემაშფოთებელია პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი აქტივობა ბუნებრივად შემცირებულია, თუმცა კომპანია კვლავ აგრძელებს არასანქცირებულ სამუშაოებს სადავო ელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით”, – წერია განცხადებაში.
EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შესაბამისი უწყებების მეშვეობით უზრუნველყოს ნამახვანი ჰესის საპროექტო არეალში კომპანიის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შემოწმება, პროექტის ფარგლებში გაცემულ ნებართვასთან/ნებართვებთან შესაბამისობის დადგენის და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით. ასევე, მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და მათი სათანადო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღბის პროცესში.
„ნამახვანის ჰესების კასკადი“ მდინარე რიონზე, ცაგერსა და წყალტუბოში შენდება. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანახმად, ჰესის:
დადგმული სიმძლავრეა 433 მგვტ;
სავარაუდო წლიური გამომუშავება — 1496 გგვტ.სთ;
ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი — 2023 წელი;
საინვესტიციო ღირებულება — 750 მლნ აშშ დოლარი;