დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოს აქვს დაპირება, რომლის ფარგლებშიც, შესაძლოა ვაქცინები მიიღოს.
გამყრელიძე განმარტავს, რომ ამ დაპირების თანახმად, 7-8 ქვეყნის მიერ შესყიდული ჭარბი დოზები შესაძლოა საქართველოსაც გადაუნაწილდეს.
„ვაქცინებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო აგვისტოში და წელს გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა კოვაქსიდან, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. ჩვენი გეგმით, წელს გვჭირდება 3.9 მლნ დოზა, ანუ 2.5 მილიონი დოზა კიდევ არის მოსაპოვებელი, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი, ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასა და მწარმოებელთან.
ევროკავშირის 7-8 ქვეყნიდან არის დაპირება, რომ როცა ისინი მიიღებენ შეკვეთილ ჭარბ დოზებს, საქართველოს გაუნაწილებენ“, – ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ვაქცინების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებთანაც, მაგრამ:
„ სამწუხაროდ, ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად. ჯერჯერობით ის არის ძლიერი სახელმწიფოების ხელში. ეს არის ის სახელმწიფოები, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ა.შ.
გუშინ ესპანეთმა იჩივლა იმის გამო, რომ ვერ მიეწოდა ის დოზები, რაც მას გადახდილი აქვს – შეაჩერა, 2-3 კვირით გადადო მეორე დოზების გაკეთება… შესაბამისი რაოდენობის ვაქცინებს ევროკავშირის ქვეყნები ვერ იღებენ“, – აცხადებს გამყრელიძე და ამატებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორი ყველაფერს აკეთებს, რათა 2021 წლის ეროვნული გეგმა შესრულდეს.
კორონავირუსზე ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოს მოსახლეობის 60% უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. მთავრობის გათვლით, 2022 წლის დადგომამდე კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 1.7 მილიონი ადამიანი აიცრება.
ვაქცინაციის გეგმა: ვინ, როდის და სად აიცრება კორონავირუსზე საქართველოში