ახალი ამბები

ევროპაში AstraZeneca-ს ვაქცინა შესაძლოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებს არ გაუკეთონ

27 იანვარი, 2021 • 898
ევროპაში AstraZeneca-ს ვაქცინა შესაძლოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებს არ გაუკეთონ

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ხელმძღვანელის, ემბერ ქუქის თქმით, შესაძლოა, ევროპაში AstraZeneca-ს ვაქცინა მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებისთვის იყოს დაშვებული, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები, თუ რამდენად ეფექტიანად იცავს ეს ვაქცინა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სააგენტო AstraZeneca-ს ვაქცინას ავტორიზაციას ამ კვირის ბოლოს მიანიჭებს.

ემბერ ქუქმა ევროპარლამენტს განუცხადა, რომ EMA სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აღნიშნული ვაქცინის შედეგებს სწავლობს.

la Repubblica-სთან ინტერვიუში AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიომ განაცხადა, რომ “შეზღუდული რაოდენობის მონაცემები” აქვთ მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინის მოქმედების შესახებ, თუმცა, მისივე თქმით, ამჟამამინდელი ინფორმაციით ვაქცინამ მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში “ძალიან ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა ვირუსის წინააღმდეგ, ისეთივე, როგორიც ახალგაზრდებშია”. მან ასევე განაცხადა, რომ ესმის იმ ქვეყნების, რომლებიც სიფრთხილის გამო ვაქცინას მხოლოდ ახალგაზრდა ჯგუფებში გამოიყენებენ.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ნორმალურია. ყველასთვის საკმარისი ვაქცინა არ არსებობს. ამიტომ, თუ მოხუცებისთვის სხვა ვაქცინის გამოყენება სურთ და ჩვენი ვაქცინა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის უნდათ, პრობლემას ვერ ვხედავ”, – განაცხადა სორიომ.

AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ გერმანული გაზეთები წერდნენ, რომ 65 წელს გადაცილებული ადამიანების ჯგუფისთვის ვაქცინის ეფექტურობა შესაძლოა მხოლოდ 8% იყოს, თუმცა ეს ინფორმაცია კომპანიამ უარყო. კომპანიის წარმომადგენლებმა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში და დიდი ბრიტანეთის მედიცინის და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიყვანეს იმის დასტურად, რომ ეს ციფრი ასაწორია. The Guardian-ის ცნობით, ვაქცინა დიდ ბრიტანეთში იმუნიზაციის კამპანიისას ფართოდ გამოიყენება 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთის მონაცემები დამაბნეველია:

“ერთი შეხედვით ჩანს, რომ მონაცემებში ორი რამ არის არეული ერთმანეთში. AstraZeneca-ს ცდების მაჩვენებელში დაახლოებით 8% 56-დან 69 წელს შორის ადამიანები არიან, მხოლოდ 3-4% არის 70 წელს გადაცილებული. ეს არ ნიშნავს, რომ მისი ეფექტურობა უფროსი ასაკის ადამიანებში მხოლოდ 8%-ია”, – განმარტა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

თუმცა გერმანიის მთავრობამ ასევე გამოთქვა ეჭვები AstraZeneca’s-ს ცდებში მონაწილე ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებითაც: “შემოდგომიდან ცნობილია, რომ ვაქცინის სხვა მწარმოებლებთან შედარებით AstraZeneca-ს ცდებში ნაკლები უფროსი ასაკის ადამიანი იღებდა მონაწილეობას”, – განაცხადეს გერმანიის მთავრობაში.

The Guardian, AstraZeneca-ს მონაცემებზე დაყრდნობით, წერს, რომ ცდებში 65 წელს გადაცილებული ადამიანები საერთო რაოდენობის 10%-ს შეადგენს.

გამოცემის ცნობით, ევროპის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ქუქმა განაცხადა, რომ არ განსჯის ვაქცინის დამტკიცებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. თუმცა მისი თქმით, შესაძლებელია, რაიმე სახით განისაზღვროს, რომ ვაქცინაცია მხოლოდ გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფს ჩაუტარდეს.

“ნოემბერში Lancet-ში გამოვაქვეყნეთ მონაცემები, რომელიც აჩვენებდა, რომ ასაკოვან ადამიანებში ვაქცინამ ძლიერი იმუნიტეტი აჩვენა, მათმა 100%-მა მეორე დოზის შემდეგ  სპეციფიკური ანტისხეულები გამოიმუშავეს”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

გამოცემის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საკვებისა და წამლების ადმინისტრაციას ამ დრომდე არ დაუმტკიცებია AstraZeneca-ს ვაქცინისთვის ლიცენზია, რადგან 300 ათასი ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე ცდების შედეგებს ელოდებიან.

აღნიშნული ცდების მიზანია, პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ როგორ მოქმდებეს ვაქცინა ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი