ახალი ამბები

ვუჰანელი ექიმი ამბობს, რომ კოვიდის რისკებზე საუბრის უფლებას არ აძლევდნენ

26 იანვარი, 2021 • 1133
ვუჰანელი ექიმი ამბობს, რომ კოვიდის რისკებზე საუბრის უფლებას არ აძლევდნენ

ჩინეთის ქალაქ ვუჰანის საავადმყოფოს ექიმის თქმით, გასული წლის დასაწყისშივე ეჭვობდა COVID-19-ის თანმდევი მაღალ რისკებთან დაკავშირებით, თუმცა ოფიციალურმა პირებმა ამის შესახებ ღიად საუბარი აუკრძალეს. სამედიცინო მუშაკის ინტერვიუ BBC-ის ახალი დოკუმენტური ფილმის ნაწილია.

ექიმი, რომელიც ტელეკომპანიას ესაუბრა, ვუჰანში, ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ საავადმყოფოში საქმიანობს. ვუჰანის ცენტრალური საავადმყოფო სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ბაზრობიდან, რომელიც მიჩნეულია პანდემიის თავდაპირველი აფეთქების ადგილად.

როგორც ექიმი ამბობს, ის და მისი კოლეგები 2020 წლის იანვარშივე ეჭვობდნენ COVID-19-ის გადადების მაღალი რისკების შესახებ, თუმცა ოფიციალურმა პირებმა აუკრძალეს, ამის შესახებ ვინმე გაეფრთხილებინათ. შედეგები კლინიკისთვისაც მძიმე აღმოჩნდა: გარდაიცვალა არაერთი ექიმი, მათ შორის, ლი ვენლიანგი, რომელმაც პირველად ატეხა განგაში.

“ყველამ იცოდა, რომ [ვირუსი] ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა, სულელმაც კი იცოდა”, – ამბობს სამედიცინო მუშაკი, თუმცა დასძენს, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ აკრძალა ამის შესახებ საუბარი. მისივე განცხადებით, რამდენიმე კვირაში ვირუსის ასობით  თუ არა, ათასობით საეჭვო შემთხვევა დაგროვდა, თუმცა ექიმებს არ ჰქონდათ მათი დადასტურების ან დიაგნოზის გაცხადების საშუალება.

ჩინეთის მხრიდან პანდემიის რისკებისა და მასშტაბების შესაძლო დამალვაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე მიმდინარეობდა. თეთრი სახლისთვის მომზადებულ საიდუმლო დოკუმენტში აშშ-ის დაზვერვის სამსახური (IC) ასკვნიდა, რომ ჩინეთი ფარავდა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბს.

ჩინეთმა პირველად 20 იანვარს გააფრთხილა მოქალაქეები, რომ COVID-19 ადამიანიდან ადამიანზე გადამდები ინფექციაა. სხვა ცნობების მიხედვით, შესაძლო პანდემიის შესახებ ქვეყანამ 6 დღით ადრე იცოდა, თუმცა მთელი ამ პერიოდის მანძილზე აცხადებდა, რომ რისკები დაბალი იყო.

BBC-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში განხილულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავდაპირველი მიდგომების პრობლემურობაც:

WHO საჯაროდ იზიარებდა ჩინეთის ხელისუფლების გარანტიებს გადადების რისკების მტკიცებულებების არარსებობაზე. თუმცა იმავე პერიოდში ორგანიზაციაში ჩატარებული სხდომის ჩანაწერში ერთ-ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ საჭირო იყო მონაცემების ნახვა და არ იყო სწორი რისკების არარსებობაზე ხელაღებით საუბარი.

ჩინეთი დღემდე უარყოფს რაიმე სახის ინფორმაციის დაფარვას და ამბობს, რომ ყველა მონაცემს დროულად აქვეყნებდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსს 2 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა, აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა კი 99 მილიონს აჭარბებს. ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთშია დაღუპული.

მასალების გადაბეჭდვის წესი