ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხო.

ინვესტიციებზე საუბრისას მან განაცხადა: „მსოფლიოში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებს შორის და 2021-2025 წლებში საშუალოდ მშპ-ის 6 პროცენტს აღემატებოდა. ეს კი ქვეყნის ზრდის პოტენციალის მიმართ ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს.“

პრემიერს არ უხსენებია, მაგრამ მის გამოსვლამდე 2 კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ მეორე კვარტალში #1 ინვესტორი ჩინეთი გახდა, თუმცა ინვესტიციების მოცულობა ზრდის ნაცვლად ჯამურად შემცირდა.

ამ სტატიაში გიამბობთ, რეალურად რა ოდენობის ინვესტიციები განხორციელდა, რომელ სექტორებში და რამ განაპირობა ჩინეთის პირველი ადგილი.

ინვესტიციები 2004-2025 წლებში მოკლედ

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რამდენიმე პარამეტრით იზომება, მათ შორის: თანხობრივად დოლარებში, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით (მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში ერთ წელიწადში წარმოებული ყველა საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების ღირებულების ჯამია), ახალი ინვესტირებისა და რეინვესტირების (მოგების კომპანიაში ჩაბრუნების) პროპორციით. აგრეთვე იმის მიხედვით, რომელი ქვეყნიდან განხორციელდა ინვესტიცია და რომელ სექტორში. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ინვესტიცია ერთჯერადი ტრანზაქცია იყო თუ განგრძობადი, შეიქმნება თუ არა ინვესტირების შემდეგ ახალი სამუშაო ადგილები, გაიზრდება თუ არა ექსპორტი და ა.შ.

თუ ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ძირითადად ტენდენციურ ხასიათს ატარებს და, როგორც წესი, აღმავალი მრუდით ხასიათდება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის წინასწარ განსაზღვრა რთულია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2000-იან და 2010-იან წლებში ინვესტიციები ძირითადად უკავშირდებოდა ტრანზიტულ პროექტებს: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, შაჰდენიზის გაზსადენი და მისი გაფართოების სამუშაოები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ბოლო წლებში კი პირველ ადგილზე საფინანსო სექტორია. თუ ინვესტიციებს მმართველობის პერიოდებად დავყოფთ, 2004-2012 წლებში, წლიურად, საშუალოდ შემოდიოდა 1 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2013-2025 წლებში- 1.6 მლრდ, თუმცა 2004-2012 წლებში მშპ-სთან ფარდობა 10%-ს შეადგენდა, 2013-2025 წლებში კი უფრო ნაკლებს – 7.7%-ს.

2022 წლის შემდეგ, მიყოლებით 3 წელი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობა მცირდებოდა. 2026 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით FDI (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) 22%-ით, $960-დან $750 მლნ-მდე შემცირდა. წინასწარ განსაზღვრა, რა იქნება ინვესტიციების მოცულობა დარჩენილ ორ კვარტალში, შეუძლებელია. ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მშპ-სთან ფარდობა კიდევ უფრო შემცირდება.

ინვესტიციების ფარდობა მშპ-სთან და საქართველოს პოზიცია მსოფლიო რეიტინგში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობა აჩვენებს შემოსული უცხოური კაპიტალის მასშტაბს ქვეყნის ეკონომიკის ზომასთან მიმართებით.

თუ ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ პერიოდს, 2021-2025 წლებს ავიღებთ, უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის საშუალო მაჩვენებელი 6.4% იქნება, რაც 6%-ზე მეტია, მაგრამ არის კი ამ მაჩვენებლით საქართველო მოწინავე? ყველა სახელმწიფოს შესახებ 2025 წლის მაჩვენებელი ცნობილი არაა, 2021-2024 წლებზე დაყრდნობით, 6.9%-ით საქართველო 31-ე ადგილზე აღმოჩნდება. ტექნიკური მიზეზის გამო, 2025 წლის მოშორებას საქართველოს პოზიციები არ გაუუარესებია, პირიქით- საშუალო მაჩვენებელი 6.4%-დან 6.9%-მდე გაზარდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობა მშპ-სთან

წყარო: მსოფლიო ბანკი

რეგისტრაციის ადგილი ­- უჩვეულოდ მაღალი ფარდობის მიზეზები

ცხრილში ზოგი ქვეყნის მონაცემები კითხვებს აჩენს. მაშინ, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ინვესტიციების ნაწილია, ხოლო თავად ინვესტიციები მშპ-ის ერთ-ერთი კომპონენტია (მშპ მთავრობის ხარჯის, მოხმარების, ინვესტიციებისა და წმინდა ექსპორტის (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) ჯამია). როგორ შეიძლება კომპონენტის კომპონენტმა მთელს გადააჭარბოს? ან რატომ აქვთ კუნძულოვან სახელმწიფოებს ასეთი მაღალი ფარდობა?

ხშირ შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ასოცირდება ქვეყანაში რომელიმე კომპანიის შესვლასთან, ქარხნის აშენებასთან, წარმოების დაწყებასა და ადამიანთა დასაქმებასთან, რაც ყოველთვის ასე არაა. დაბალი გადასახადები, რეგულაციების სიმცირე, გამართული სასამართლო სისტემა ქვეყანას საინვესტიციოდ მიმზიდველს ხდის, მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ იურიდიულ რეგისტრაციის დონეზე. რეალური წარმოების არდაწყების გამო, არც რეალური ეკონომიკა იზრდება. რეგისტრაციის საფასურისა და თუნდაც მცირე გადასახადების ხარჯზე მიმღები ქვეყანა რაღაც სარგებელს მაინც იღებს, მაგრამ რეალური სარგებელი ქაღალდზე არსებულს ბევრად ჩამორჩება.

ჰონგ-კონგი და მაკაო დამოუკიდებელ სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ. ორივე ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულია, თუმცა ფართო ავტონომია გააჩნიათ განსაკუთრებით ეკონომიკურ ნაწილში. ორივე მათგანს საკუთარი დაბეგვრის რეჟიმი და საკუთარი ვალუტა გააჩნია, რის გამოც მშპ-ის, ინვესტიციების, საგარეო ვაჭრობისა თუ სხვა ეკონომიკური პარამეტრების გაზომვისას მათ ცალკე მოიხსენიებენ ხოლმე.

ბრიტანეთის კუთვნილებაა კაიმანის კუნძულებიც, რომლის ფართობიც 260 კმ2-ია, ანუ თბილისის ნახევარი, ხოლო მოსახლეობა 90 ათასი, რაც ბათუმის მოსახლეობის ნახევარს უდრის. პალაუს მოსახლეობა კიდევ უფრო ნაკლებია და სულ რაღაც 18 000-ს შეადგენს. მსგავსი ტიპის ქვეყნებში, ცხადია, დიდი ზომის რეალური ინვესტიციები შეუძლებელია.

ცხრილში ასევე მოცემულია კოსოვო, რომლის დამოუკიდებლობაც საქართველოს და კიდევ რამდენიმე ათეულ სახელმწიფოს აღიარებული არ აქვს და, შესაბამისად, ის არც გაეროს წევრია.

თუ მსგავსი ტიპის ქვეყნებს გამოვრიცხავთ, საქართველო ოცეულში აღმოჩნდება. აღნიშნული შესაძლოა, „ერთ-ერთი ყველაზე მაღალი“ არაა, თუმცა შეიძლება მაინც მაღალ მონაცემად ჩაითვალოს, მაგრამ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, თუ რა ტიპის ინვესტიციები ხორციელდება საქართველოში და აისახება თუ არა რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე.

ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით

საქსტატი ინვესტიციებს კომპონენტების მიხედვით (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია, სავალო ვალდებულებები) 2013 წლიდან ითვლის. 2013-2025 წლებში რეინვესტირების საშუალო მაჩვენებელი 48%-ს შეადგენდა, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ 2021-2025 წლებში კი – 73%-ს, მათ შორის ბოლო ორ წელიწადში- 84%-ს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ზოგადად, რეინვესტირება დადებითი მოვლენაა. პრობლემა ახალი ინვესტიციების სიმცირეა. 2017 წლიდან საქართველო მოგების გადასახადის დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადავიდა, რაც რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადის (მოგების 15%-იანი განაკვეთი) გაუქმებას ნიშნავდა. იმავე წელს საბიუჯეტო შემოსავლების კლების დასაბალანსებლად ბენზინზე ფასი გაორმაგდა, 1 ტონაზე 250-დან 500 ლარამდე გაიზარდა, დიზელზე კი – 167%-ით, 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მოგების გადასახადიდან მობილიზებული თანხის მოცულობა 300 მლნ-ით, ₾1.056 მლრდ-დან ₾757 მლნ-მდე შემცირდა, თუმცა საწვავის აქციზიდან მიღბული თანხის მოცულობა ₾252 მლნ-ით, ₾216-დან ₾468 მლნ-მდე გაიზარდა. თუ 2013-2016 წლებში რეინვესტირების მაჩვენებელი საშუალოდ 18%-ს შეადგენდა, რეფორმის შემდეგ, პანდემიამდეც, 2017-2019 წლებში გაორმაგდა და 37%-ს გაუტოლდა.

ინვესტიციები სექტორების მიხედვით

რა სექტორებში იდება ინვესტიციები? ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით ინვესტიციები 2016 წლიდანაა ხელმისაწვდომი. 2018 წლიდან უდავო ლიდერი საფინანსო სფეროა. 2016-2025 წლებში $16.1-დან ₾4.2 მლრდ საფინანსო სფეროზე მოდიოდა. თუ განსახილველად ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ 2021-2025 წელების პერიოდს ავიღებთ, ამ შემთხვევაში სექტორის წილი კიდევ უფრო იზრდება და 30%-იან ნიშნულსაც აჭარბებს. ბოლო 5 წელიწადში  $9.1 მლრდ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, საიდანაც $2.8 მლრდ საფინანსო სექტორში განხორციელდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საფინანსო სექტორში, ვაჭრობასა და უძრავი ქონებით დაკავშირებულ საქმიანობებში, რაც უძრავი ქონების რეალიზაცია- გაქირავებას მოიცავს და არა მშენებლობას, ინვესტიციების ნახევარზე მეტი მოდის. მრეწველობის, ენერგეტიკისა და მშენებლობის ჯამური წილი კი 20%-ზე ნაკლებია.

სექტორები, სადაც ინვესტირების მოცულობა მაღალია, შედარებით ნაკლებ ადამიანს ასაქმებს. საბანკო ტრანზაქციები და დადებული ფსონებიც გარედან ნაკლებად ჩანს, ვიდრე რაიმეს აშენება ან ახალი საწარმოს გახსნა.

TOP ინვესტორი ქვეყნები საქართველოში

რომელი ქვეყნები ახორციელებენ ინვესტიციას? მნიშვნელობა არ აქვს, 1996 წლიდან დავიწყებთ ათვლას (საქსტატი ინვესტიციებს 1996 წლიდან ითვლის), 2004 წლიდან, 2013 წლიდან თუ ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ 2021 წლიდან, პირველ ადგილზე ბრიტანეთი იქნება. ბრიტანეთის პირველობის მიუხედავად, საჭიროა მაინც ორი პერიოდის გამიჯვნა. მაშინ როცა გაზსადენისა და ნავთობსადენების პროექტები ხორციელდებოდა, ბრიტანეთი მასში BP-ით მონაწილეობდა, ბოლო წლებში კი ძირითადად საფინანსო სექტორშია ჩართული.

ტოპ ინვესტორი ქვეყნები საქართველოში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ 2025 წელს ბრიტანეთიდან შემოსული $427 მლნ ინვესტიციიდან $408 მლნ, ანუ 95%-ზე მეტი, საფინანსო სექტორში გადამისამართდა. კიდევ უფრო მაღალი 97%-იანი იყო ფინანსების წილი 2024 წლის ბრიტანულ ინვესტიციებში. 2023-2025 წლებში ბრიტანეთიდან საფინანსო სექტორის გარდა სხვა სფეროში ინვესტიცია პრაქტიკულად აღარ შემოსულა. უფრო სწორად, მცირე ოდენობის შემოვიდა, მაგრამ გადინებებიც დაფიქსირდა. 2023 წელს ერთი სექტორის წილმა 100%-იან მაჩვენებელს სწორედ გადინებების ხარჯზე გაუსწრო.

ბრიტანეთიდან შემოსული ინვესტიციები სექტორების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მეთოდოლოგიური გაუგებრობა – უცხოური ინვესტიციები მართლა უცხოურია?

2021-2025 წლებში ბრიტანეთიდან ფინასურ სექტორში $2 მლრდ-ზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში არც ბრიტანული ბანკი გახსნილა (ერთადერთმა ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მა, სტრატეგიის ცვლილების შემდეგ, საქართველო 2012 წელს დატოვა) და არც სადაზღვევო კომპანია შემოსულა. ამის გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ, რომ ხსენებული $2 მლრდ-ის უკან რეალურად თიბისი და საქართველოს ბანკი დგას. ორივე მათგანის აქციები ლონდონში პრემიუმ ლისტინგში ივაჭრება. რეგისტრაციის ადგილის გათვალისწინებით ეს თანხები ტექნიკურად უცხოურ ინვესტიციებად ირიცხება.

რეგისტრაციის ფაქტორით აიხსნება ნიდერლანდების მეორე ადგილიც. ნიდერლანდებიდან ინვესტიციები დამამუშვებელ მრეწველობაში აღირიცხება. რუსთავის აზოტი, კასპის ცემენტის ქარხანა, ფეროშენადნობების წარმოება ყველაფერი ეს ნიდერლანდურ ინვესტიციებად ითვლება. „რუსთავის აზოტისა“ და „ჯორჯიან მანგანეზის“, აგრეთვე „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენი, ნატახტარი) რეგისტრაციის ადგილი ნიდერლანდებია.

ჩინეთი #1 ინვესტორი, ოღონდ ერთჯერადად

2026 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებულ ჩინეთზეც გააქტიურდა საუბარი, რისი საფუძველიც მეორე კვარტალში ჩინეთის პირველ ადგილზე გასვლა გახდა.

ჩინეთის პირველ ადგილზე გასვლა ინვესტიციების მოზღვავებას არ ნიშნავს. პირიქით, 2026 წლის პირველ კვარტალშიც და მეორეშიც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ჯამურად 22%-ით, $960-დან $750 მლნ-მდე შემცირდა და შემცირებულში რომელიმე ქვეყნის დაწინაურება პოზიტიურ მოვლენად ვერ შეფასდება.

საქსტატს ინვესტიციების პორტალზე კვარტლების მიხედვით ინფორმაცია განთავსებული არ აქვს, თუ რომელმა ქვეყანამ რა სფეროში განახორციელა ინვესტიცია. სავარაუდოდ, ჩინეთის პირველ ადგილზე გასვლა ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შესყიდვას უნდა უკავშირდებოდს. ტრანზაქციის მოცულობამ $250 მლნ შეადგინა, ჩინურმა ინვესტიციამ- $220 მლნ, საფინანსო სექტორში შემოსულმა ინვესტიციამ კი- $208 მლნ.

2026 წლამდე ჩინეთმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში პირველი ადგილი მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს დაიკავა. მოვლენა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშების მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდებოდა. 2013-2025 წლებში ჩინეთის წილი უცხოურ ინვესტიციებში საშუალოდ 2.9%-ს უდრიდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

განუხორციელებელი ინვესტიციები ჩინეთიდან

ჩინეთი შესაძლოა მართლა ყოფილიყო მსხვილ ინვესტორებს შორის. ანაკლიის პორტის აშენების სურვილი ჩინეთმა ორჯერ გამოთქვა. პირველად ჩინური კომპანია  2014 წელს ფინალში დამარცხდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. მეორედ 2024 წელს-  სახელმწიფომ ჩინური CCCC უპირატეს კომპანიად დაასახელა, თუმცა 2026 წლის ივლისში ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებდა.

ლიბერთი ბანკის შეძენამდე 10 წლით ადრე, ბაზისბანკმა ბანკ რესპუბლიკის შეძენის სურვილიც გამოთქვა, მაგრამ საბოლოო გარიგება არ შედგა.

ასევე, ჩინური ინვესტიციით ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა უნდა გახსნილიყო. დასრულების დასახელებულმა თარიღმა ისე ჩაიარა, რომ მშენებლობა არც კი დაწყებულა.

სტრატეგიული პარტნიორობა და ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები

პლანეტის #2 ეკონომიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას 2023 წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მოეწერა ხელი. ხელშეკრულების პირველი პუნქტით მხარეები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას აცხადებენ, თუმცა გამოყოფილად მხოლოდ საქართველო უჭერს მხარს ერთიანი ჩინეთის პრინციპს. არც იქამდე და არც შემდეგ ჩინეთს მხარი არ დაუჭერია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების გაეროს რეზოლუციისთვის.

სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებამდე, 2018 წლიდან, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება მოქმედებს. 2020-2022 წლებში, ძირითადად სპილენძის მადნების ხარჯზე, ჩინეთი #1 საექსპორტო პარტნიორს წარმოადგენდა. ჩინეთთან ვაჭრობა დეფიციტურია. ბოლო პერიოდში იმპორტი, განსაკუთრებით კი ავტოიმპორტი, გაიზარდა მკვეთრად. 2021 წელს საქართველომ ჩინეთიდან $2.7 მლნ-ის ავტომობილი შეიძინა, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში კი -$60 მლნ-ის.

სავაჭრო ურთიერთობებს მიღმა, თუ არ ჩავთვლით ინვესტიციებში ჯერჯერობით პერიოდულ გააქტიურებებს, სხვა ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩინეთის წილი დაბალი ან ძალიან დაბალია. ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში ჩინეთი ათეულს მიღმაა. ფულად გზავნილებში კი 2025 წელს ჩინეთის წილმა 0.07% შეადგინა.