ახალი ამბები

პარლამენტი COVID-19-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ცვლილებებს დაჩქარებულად განიხილავს

25 იანვარი, 2021 • 876
პარლამენტი COVID-19-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ცვლილებებს დაჩქარებულად განიხილავს

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც COVID-19-ის ვაქცინაციისთვის არის აუცილებელი.

როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა. ცვლილებების პროექტით საქართველოში შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინის შემოტანა.

ამასთან, ამავე დოკუმენტის მიხედვით, მდინარაძის თქმით, სახელმწიფო დაფარავს ყველა საჭირო სამკურნალო და სარეაბილიტაციო ხარჯს იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენები განუვითარდებათ:

“საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც შემუშავდა და განხორციელდება მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, პარლამენტში დაჩქარებული წესით დაინიცირდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისათვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა.

ამასთან, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პრევენციული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის სამეციდინო პერსონალის თუ დაწესებულის დაშვებული შეცდომით”, – აცხადებს მდინარაძე.

ვრცლად ვაქცინაციის გეგმაზე წაიკითხეთ:

ვაქცინაციის გეგმა: ვინ, როდის და სად აიცრება კორონავირუსზე საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი