ახალი ამბები

იაშვილში ბოლო ორ დღეში MIS-C სინდრომით 7 ბავშვი შემოიყვანეს – სამედიცინო დირექტორი

20 იანვარი, 2021 • 1392
იაშვილში ბოლო ორ დღეში MIS-C სინდრომით 7 ბავშვი შემოიყვანეს – სამედიცინო დირექტორი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ბოლო ორი დღის განავლობაში მულტისისტემური ანთების სინდრომით (MIS-C სინდრომი) ბოლო ორ დღეში 7 პაციენტი მოათავსეს კლინიკაში. მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, 5 შემთხვევა კი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

ჩხაიძის თქმით, MIS-C სინდრომის მქონე პაციენტების რაოდენობის მატება ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება და მომავალი 10 დღის განმავლობაში ამ დიაგნოზის მქონე პაციენტების ზრდას ელოდებიან.

“ამ სინდრომის განვითარება და სიხშირე ქვეყანაში უკავშირდება კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებლს. ანუ კორონავირუსის პიკიდან ერთი თვის შემდეგ მოჰყვება MIS-C სინდრომის მატების პიკი. ასე იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ასე არის ყველა ქვეყანაში. საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი. ამიტომ, თუ ჩვენ ნოემბერ-დეკემბრის პირველ ნახევარში ერთეული შემთხვევები გვიფიქსირდებოდა, ახლა, იანვრის მეორე ნახევრიდან ამ შემთხვევების მატება არის საგრძნობი”, – განმარტა ჩხაიძემ.

მისი თქმით, MIS-C სინდრომის დიაგნოზის პირველი შემთხვევა საქართველოში 2 ნოემბერს გამოვლიდა და მას შემდეგ, ამ დრომდე, იაშვილის სახელობის კლინიკაში 51 პაციენტი მოათავსეს. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, ჩხაიძის განმარტებით, კლინიკაში მკურნალობას რამდენიმე პაციენტი აგრძელებს, ბავშვების ნაწილი კი ბინაზე მკურნალობს.

ჩხაიძის განმარტებით, MIS-C სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობა სტაციონარიდან გაწერის შემდეგაც გრძელდება, რადგან აღნიშნული დიაგნოზი დეტალურ მეთვალყურეობას საჭიროებს. მეთვალყურეობის ხანგრძლივობა საშუალოდ 3-4 კვირაა. თუმცა, თუ მულტისისტემური ანთების სინდრომის შედეგად პაციენტს გული დაუზიანდა, მეთვალყურეობა შესაძლოა ერთი წლის განმავლობაშიც გაგრძელდეს. გულის დაზიანების შემთხვევები კი, ჩხაიძის თქმით, პაციენტების 60%-ში ვლინდება.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ჩხაიძის განმარტებით, კორონავირუსისგან განსხვავებით, MIS-C სინდრომის შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი ბავშვებში 1.6-2%-ია. კორონავირუსის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 0.01%-ს შეადგენს. ჩხაიძის თქმით, საქართველოში MIS-C სინდრომის შედეგად პაციენტის სიკვდილი არ ფიქსირდება.

სიმპტომების გამოვლენასთან დაკავშირებით ჩხაიძემ განმარტა, რომ ბავშვებში წამყვანი ტემპერატურის მატებაა, “ოღონდ არა ჩვეულებრივი მატება, არამედ ტემპერატურა 38 და მეტი განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი ამ სინდრომის დიაგნოსტიკისთვის”.

ჩხაიძის თქმით, ტემპერატურის მატების ხანგრძლივობა მინიმუმ 24 საათი უნდა იყოს, რაც საშუალოდ 3-5 დღის განმავლობაში გრძელდება:

“3-5- დღიანი მაღალი ტემპერატურის ფონზე უკვე ვითარდება სხვა ორგანოებისა და სისტემების ჩართვა პროცესში. ყველაზე ხშირად ზიანდება კუჭ-ნაწლავის სისტემა, ეს არის ღებინება, ნაწლავთა მოქმდების გახშირება, მუცლის ტკივილი. მუცლის ტკივილის იმდენად მძიმე შემთხვევებიც არის აღწერილი, რომ აპენდიციტის კლინიკური სურათის მსგავსი სურათიც კი დგება. ხშირად ზიანდება ასევე კანი. კანზე გამონაყარი ძალიან ტიპურია. ლორწოვანი გარსი, პროცესში გულის ჩართვა არის დამახასიათებელი. ფეხებისა და ხელების შეშუპება, კონიუნქტივიტი, ანუ პრაქტიკულად ყველა სისტემა შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესში. თუმცა, რა თქმა უნდა, აუცლებელი არ არის, რომ ერთდროულად ყველა დაზიანდეს, მაგრამ მინიმუმ ორი სისტემის დაზიანება აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ეს დიაგნოზი დავსვათ”, – განმარტა ჩხაიძემ.

ასევე, მისი განმარტებით, შესაძლოა ბავშვებში უშუალოდ კორონავირუსის მიმდინარეობასას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოვლინდეს, თუმცა 4-6 კვირის შემდეგ გამოვლინდეს ნიშნები, რომელიც მულტისისტემური ანთების სინდრომის დიაგნოსტიკისთვის არის აუცილებელი.

მულტიორგანული ანთების სინდრომი ბავშვებში კორონავირუსთან დაკავშირებული სინდრომია, რომელიც საქრთველოში, 15 იანვრის მონაცემებით, 60-მდე ბავშვს აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მიაწოდა.

გამოვლენილია ბავშვებში კოვიდთან დაკავშირებული ანთებითი სინდრომის 60-მდე შემთხვევა — გაბუნია

მასალების გადაბეჭდვის წესი