ახალი ამბები

გამოვლენილია ბავშვებში კოვიდთან დაკავშირებული ანთებითი სინდრომის 60-მდე შემთხვევა — გაბუნია

15 იანვარი, 2021 • 2130
გამოვლენილია ბავშვებში კოვიდთან დაკავშირებული ანთებითი სინდრომის 60-მდე შემთხვევა — გაბუნია

მულტიორგანული ანთების სინდრომი ბავშვებში (MIC) კორონავირუსთან დაკავშირებული სინდრომია, რომელიც საქრთველოში, 15 იანვრის მონაცემებით, 60-მდე ბავშვს აღმოაჩინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მიაწოდა.

სინდრომის დროს აღინიშნება სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის, გულის, ფილტვის და სხვა, ანთება. მართალია, მისი ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ მას კორონავირუსს უკავშირებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჟურნალისტის კითხვაზე ამბობს, რომ ეს სინდრომი სამედიცინო საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, შემთხვევების მატების შემდეგ კი საქართველოშიც დაფიქსირდა.

„დაახლოებით 55-60 შემთხვევამდე არის დაფიქსირებული ჩვენთან, შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის. ყველა, საბედნიეროდ, დამთავრდა კარგად“, – ამბობს ის.

გაბუნიას განმარტებითვე, შემთხვევების უმრავლესობას იაშვილის კლინიკაში და „ნიუ ჰოსპიტალში“ უმკურნალეს. მკურნალობის პროტოკოლი კი ჯერ კიდევ 10 ნოემბერს დამტკიცდა.

„შემთხვევების დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, მათ შორის, სტეროიდებით. საჭიროა რიგ შემთხვევაში იმუნოგლობულინი, რომელიც აქვს იმ კლინიკებს, ვინც ამ მედიკამენტებს იყენებდა სხვა მიზნებისთვის მანამდე“, – ამბობს გაბუნია და დასძენს, რომ მაგალითად, იაშვილის კლინიკას ამ პრეპარატის დეფიციტი არ აქვს.

„რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდროემბთან ასოცირებულ  ხარჯებს აფინანსებს აქტიური ანაზღაურებით..ეს მედიკამენტი აფთიაქში არც უნდა ვეძიოთ, ეს არის საავადმყოფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მედიკამენტზე წვდომა პაციენტისთვის და ხარჯების ანაზღაურება უკვე არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამდენად, ბაზარზე და მით უფრო შავ ბაზარზე, არავინ შეეცადოს ამ მედიკამენტის მოძებნა“, – აცხადებს გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი