ახალი ამბები

ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა უარესდება: NGO-ები

14 იანვარი, 2021 •
ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა უარესდება: NGO-ები

“ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა”, – ამბობენ სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” და “კოალიცია თანასწორობისთვის” დღეს, 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე, ასევე სხვა რამდენიმე ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას და სახელმწიფოს მოუწოდებენ, მიჰყვეს თანასწორუფლებიანობის პრინციპებს.

“სახელმწიფო არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს და ავლენს უთანასწორო დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ბუკნარისა და სხვა ინციდენტები – “არასათანადო რეაგირება” სახელმწიფოსგან

მიმართვაში საუბარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ძალადობაზე ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმების მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილ კერძო სახლში ლოცვას აპროტესტებს იმ არგუმენტით, რომ “ეს ქრისტიანული მიწაა” და აქ მეჩეთის ადგილი არ არის.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მუსლიმი თემის მიერ კერძო საკუთრებაში სალოცავის მოწყობა და ღვთისმსახურება კონსტიტუციით დაცული უფლებაა. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს მუსლიმი მოსახლეობის ღვთისმსახურებისთვის ხელის შემშლელი ნებისმიერი ქმედება, ასევე – მიიღოს ყველა შესაძლო პრევენციული ზომა.

“სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ არის მუსლიმების უფლებების შელახვის პირველი შემთხვევა. რელიგიური უმცირესობებისათვის საქართველოში რელიგიური ნიშნით დევნა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სისტემური პრობლემაა.

2012-დან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობის და უფლებების დარღვევის რვა მასშტაბური შემთხვევა გამოვლინდა. აქედან შვიდ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, ზოგ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ რელიგიურ კონფლიქტებს მთავრობამ “პრობლემური მანდატისა და კომპეტენციების მქონე უწყების” – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნებით უპასუხა, რომელიც “რელიგიის თავისუფლების საკითხებს, ადამიანის უფლებების ნაცვლად, მეტწილად უსაფთხოების პერსპექტივიდან ხედავს”:

“ის ფაქტი, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე განხორციელებულ არაერთ ძალადობრივ და დისკრიმინაციულ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება, კიდევ უფრო ამძიმებს რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას, საზოგადოებაში აჩენს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღვივებას”.

შობის დღესასწაულის საკითხი

ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე ახსენებენ სახელმწიფოს წლევანდელ გადაწყვეტილებას შობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის დღესასწაულის აღსანიშნავად, 6 იანვრის ღამეს, გადაადგილებასთან დაკავშირებით პანდემიის თანმდევი შეზღუდვა მოიხსნა. სხვა კონფესიებს მთავრობამ უთხრა, რომ თუ სურდათ შობის დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა (25 დეკემბერს), რელიგიურ ორგანიზაციებს სახელმწიფო უწყებებისთვის უნდა მიეწოდებინათ „მრევლის სია“ და ისინი „უზრუნველყოფდნენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის”.

აღნიშნულს წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 14 აპრილის განცხადება აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეკლესიები არ დაიხურებოდა, საქართველო “მართლმადიდებლური სახელმწიფოა”, “ეკლესიის და სახელმწიფოს თანამშრომლობის უამრავი ათასწლეულიანი ისტორიით”.

“ხელისუფლების ამგვარი განცხადებები მოწმობს, რომ ის ღიად და მიზანმიმართულად ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს კანონის უზენაესობას, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობასა და სახელმწიფოსა და რელიგიურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპებს”, – წერენ ორგანიზაციები.

“საეკლესიო ანტისემიტიზმი”: ხელისუფლების რეაგირება

ხელმომწერები აგრეთვე საუბრობენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ქადაგებაზე, რომელიც არასასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა” მალევე შეაფასა ანტესემიტიზმად. თავად სასულიერო პირმა უარყო აღნიშნული, ისრაელში საქართველოს ელჩმა კი მხარდაჭერა გამოუცხადა მას.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გამოჩნდა დეკანოზ ილია კირკაძის ქადაგება, რომელიც ანტისემიტიზმად შეაფასა როგორც არასამთავრობო სექტორმა, ისე ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა. კრიტიკული განცხადებები გაახმიანეს ორგანიზაცია “ისრაელის სახლმა”, პარტია “ევროპულმა საქართველომ”, სახალხო დამცველმა და სხვებმა.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს:

  • დაიცვას ყველა მოქალაქის მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის ფუნდამენტური უფლება, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები; საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად;
  • 12 იანვარს სოფელ ბუკნარში მომხდარი ძალადობისა და რელიგიური დევნის შემთხვევებზე უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და ამასთან, მიიღოს ადეკვატური ზომები ძალადობის პრევენციის მიზნით;
  • უზრუნველყოს სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის მიერ ღვთისმსახურების თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება;
  • შეიმუშაოს რელიგიური კონფლიქტის ტრანსფორმაციის გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროგრამების გამოყენებით რელიგიურ თემებს შორის მშვიდობიანი, თანასწორი და სოლიდარული თანაცხოვრების პირობებსა და გარანტიებს შექმნის;
  • შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა;
  • მკაცრად შეაფასოს და დაგმოს ანტისემიტიზმი, ამასთანავე, გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები.

განცხადებას ხელს აწერენ: “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)”; “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)”; “მედიის განვითარების ფონდი (MDF)”; “თბილისი პრაიდი”; “დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)”;  “ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)”; “უფლებები საქართველო”; “თანასწორობის მოძრაობა”; “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)”; “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”; “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”; “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”; “საფარი”; ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).

https://batumelebi.netgazeti.ge/news/322770/

მასალების გადაბეჭდვის წესი