ახალი ამბები

არაფერი უჩვეულო არ არის – ცქიტიშვილი საშვებზე არადომინანტური კონფესიებისთვის

22 დეკემბერი, 2020 • 2391
არაფერი უჩვეულო არ არის – ცქიტიშვილი საშვებზე არადომინანტური კონფესიებისთვის

“ეს იყო შეზღუდვების პირველი ტალღის დროსაც, აქ არაფერი უჩვეულო არ არის”, – თქვა მაია ცქიტიშვილმა შეზღუდვების კონტექსტში არადომინანტური კონფესიების დღესასწაულებზე საუბრისას. მან კვლავ გაიმეორა, რომ ამ კონფესიების წარმომადგენლებმა თავიანთი მრევლის სია სპეციალურ სამსახურებს უნდა მიაწოდონ, რათა მათთვის ერთჯერადი საშვი დაუშვან შეზღუდვების დროს სადღესასწაულო რიტუალებზე დასასწრებად.

“არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ კათოლიკური შობის ფარგლებში 144-ზე დარეკვის საშუალებით და, პირველ რიგში, ჩვენ ვთხოვთ კონფესიებსაც, რომ მიაწოდონ თავისივე მრევლის სია ჩვენს სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის, რომ მათ თავიანთ რელიგიურ მსახურებაში მიიღონ მონაწილეობა. ეს იყო შეზღუდვების პირველი ტალღის დროსაც, აქ არაფერი უჩვეულო არ არის”, – აღნიშნა მან.

მართლმადიდებლურ შობაზე საუბრისას, რომლის შემთხვევაშიც, არადომინანტური კონფესიების დღესასწაულებისგან განსხვავებით, შეზღუდვები იხსნება, ცქიტიშვილმა დასძინა:

“ჩვენ, ყველანი, საქართველოში აღვნიშნავთ მართლმადიდებლურ შობას. ეს გამონაკლისიც არის საქართველოში დაშვებული. ჩვენ, სამწუხაროდ, დასვენების დღე არ გვაქვს კათოლიკურ შობაზე. მასიურად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და, შესაბამისად, ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღეები.

ამიტომ, ნუ შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს. ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეების ყველა უფლებას ვიცავთ. მათ თავისუფალი აღმსარებლობის უფლება აქვთ და კათოლიკურ შობაზე იქნება თუ გრიგორიანულ შობაზე, მათ ექნებათ საშუალება, მივიდნენ მათ ეკლესიაში შეზღუდვების გარეშე”.


მთავრობის თავდაპირველი გეგმით, შეზღუდვა გადაადგილებაზე მხოლოდ 2 ღამით – 31 დეკემბერს (ახალი წელი) და 6 იანვრის ღამეს (მართლმადიდებლური შობა) იხსნებოდა. თუმცა სხვა რელიგიური ჯგუფებს, რომელთა დღესასწაულები დეკემბერ-იანვარს ემთხვევა, ეს გამონაკლისები არ ითვალისწინებდა.

ცქიტიშვილმა 27 ნოემბერსაც თქვა, რომ 6 იანვრის ღამე მთავრობამ გამონაკლისად ჩათვალა იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია.

არასამთავრობო სექტორში მთავრობის ამ მიდგომებს უთანასწორო მოპყრობად აფასებენ.

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს “აშკარა დისკრიმინაცია” უწოდა.

“შევუწყობთ ხელს” – ცქიტიშვილი არადომინანტური რელიგიური ჯგუფების დღესასწაულების აღნიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი