ახალი ამბები

ისრაელის ელჩი მიტროპოლიტ იოანეს ქადაგებასა და შემდგომ განმარტებას ეხმაურება

4 იანვარი, 2021 • 1866
ისრაელის ელჩი მიტროპოლიტ იოანეს ქადაგებასა და შემდგომ განმარტებას ეხმაურება

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის იმ ქადაგებას ეხმაურება, რომელიც საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილმა ანტისემიტიზმად შეაფასა. ელჩი ასევე უსვამს ხაზს სასულიერო პირის განმარტებას ამავე ქადაგებასთან დაკავშირებით და იმედის მომცემს უწოდებს მას.

“20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში წარმოთქვა ქადაგება, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

ამიტომ ჩემთვის იმედის მომცემი იყო 31 დეკემბერს მიტროპოლიტის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც მან განმარტა, რა იყო ნაგულისხმევი მის სიტყვაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პატივისცემა ებრაელი ხალხის მიმართ და დაგმო ანტისემიტიზმი”, – აღნიშნავს რან გიდორი.

ელჩი ამბობს, რომ 2 000 წელზე მეტი ხნის მანძილზე, საქართველო “მშობლიური სახლია” წარმატებული ებრაული თემისთვის, ხოლო”ქართველი მეგობრები და პარტნიორები ყოველთვის სამართლიანად ამაყობენ იმ ფაქტით, რომ მათ ქვეყანაში ანტისემიტიზმი ფაქტიურად არ არსებობდა”.

“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს შევხვდეთ ღრმა რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს, და ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მიტროპოლიტი იოანეს ქადაგება

საუბარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბერის ქადაგებაზე ბაგრატის ტაძარში, რომელიც წმ. ამბროსი მედიოლანელის ხსენების დღეს ეხებოდა. მიტროპოლიტმა ქადაგებისას თქვა:

„ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოხდა დაპირისპირება იუდეველთა თემის ქრისტიანებთან. ქრისტიანები უფრო მეტნი იყვნენ რიცხვით. დაპირისპირება გადავიდა ძალადობაში და ძალადობის შედეგი იყო, რომ ქრისტიანებმა სძლიეს იუდეველთა თემს  და მათი სინაგოგა დაანგრიეს.

აღშფოთდა ხელისუფლება, იჩივლეს, აგვიშენონ ახლაო.. ქალაქში ცოტანი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოში ცოტანი არ არიან. გავლენაც აქვთ მეფის კარზე ყოველთვის, ახლაც.  ქრისტიანები არ თანხმდებოდნენ, მაშინ მმართველმა შეუთვალა ამბროსის, უნდა გადაიხადოთო. მან უპასუხა, რომ ქრისტეს ჯვარმცელთ და ქრისტიანთა მდევნელთ ქრისტიანებმა სალოცავი… როგორ უნდა ავუშენოთო. ნუ, ისინიც მოქალაქეები არიან და აქვთ უფლება და დღევანელი ნორმებით, უფლებები აქვთ.

ამბროსი ხომ ყოფილი სახელმწიფო მოხელე იყო და მან შეუთვალა, კარგიო. მაგრამ მათ ჯერ გადაიხადონ საუკუნეების მანძილზე მათი დასმენით, ცილისწამებით.. ამდენი ქრისტიანი აწამესო, რამდენი ქრისტიანთა სალოცავები დაანგრიეს და რამდენჯერო – აი, ამ ყველაფერს რომ გადაიხდიან,  მერე ჩვენ თანხას მივცემთ სინაგოგის აშენებისთვისო.

მიხვდნენ, რომ ეს თანხა ისეთია, რომ ვერ გადაიხდიან. უდანაშაულოთა სისხლის ფასი არის, რომ გადაიხადო?! რამდენი აწამეს, მათი ცილისწამებით, ბრალდებით, დასმენით. რამდენჯერ მათ, სანამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა ქრისტიანობა – ძალადობდნენ ქრისტიანებზე. და მაშინ მმართველმა დაიბარა თემის… და უთხრა – პასუხი ასეთიაო – თქვენ იმ საუკუნეების, ნუ, ერთი-ორი საუკუნე მაინც, გადაიხადეთო და ისინი გადაგიხდიან იქიდანო. და უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო.

დღესაც, როდესაც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, უცნაურია, ეკლესიის ლანძღვის და ცილისწამების უფლება არის, რომ სიტყვის თავისუფლება.. როდესაც ჩვენ გვინდა, რომ გავაკრიტიკოთ ეს ქმედება, გვეუბნებიან, რომ იცით, მათ ჰქონდათ უფლება. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს ეთნიკური საზღვრით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა, ეკლესიის წინააღმდეგ. თუმცა ეკლესიიდგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღიათ“.

“ანტისემიტიზმი” – TDI-ის შეფასება

მიტროპოლიტის ქადაგებას 28 დეკემბერს გამოეხმაურა “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” [TDI] და თქვა, რომ მიტროპოლიტმა ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა “ქრისტიანთა მდევნელი” და “ურწმუნო მოდგმა”.

“ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად, ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება”, – დასძენს ორგანიზაცია და ამატებს:

“მან პარალელი გაავლო ებრაელებს, “ურწმუნო მოდგმასა” და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და, შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. შემაშფოთებელია ამ კონტექსტში უფლებადამცველების ,,ეკლესიასთან მებრძოლებად” მოხსენიებაც”.

ორგანიზაციის განცხადბით, ბევრი ანტისემიტური და უარყოფითი სტერეოტიპი სათავეს იღებს მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთში გამოქვეყნებული ყალბი პროპაგანდისტული ბროშურიდან – „სიონის უხუცესთა პროტოკოლები’’, რომელიც გვთავაზობს შეთქმულების თეორიას ებრაელთა მიერ მსოფლიოს კონტროლისა და დომინაციის შესახებ.

„ებრაელების შესახებ სტერეოტიპების საფუძველზე დაშენდა ინსტიტუციონალიზებული ანტისემიტიზმი, რომელიც თანამედროვე კონტექსტშიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

საქართველოში მართლმადიდებელი მაღალი იერარქიის წარმომადგენელი სასულიერო პირების მხრიდან იუდაური რელიგიისადმი შეუწყნარებლობის გამოვლენა იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის უგულებელყოფაცაა, რომელიც ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს“, – ამბობს TDI.

“მიზანმიმართული პროვოკაცია” – მიტროპოლიტის პასუხი TDI-ს

2021 წლის პირველ იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც TDI-ის მოსაზრებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ყველაფრის “ნეგატიურ ტონებში” წარმოჩენა ამ ორგანიზაციის “პრინციპია” და ამ შემთხვევაშიც ასე მოიქცა.

“ყველასათვის ცნობილია, რომ ქრისტიანული მოძღვრების საწყისებში უფლის მიერ სწორედ ებრაელები (მოციქულები) იდგნენ, თუმცა TDI-ში საჭიროდ მიიჩნიეს ეს შეეხსენებინათ ჩემთვის.

ქადაგება რამდენიმე ისტორიული ფაქტის გარდა შეეხო არა ებრაულ თემს, არამედ თანამედროვე საქართველოში მოქმედ TDI-ის ფორმატის ორგანიზაციებს. შეიძლება ითქვას, რომ ქადაგებიდან უკონტექსტოდ ამოღებული ფრაზების კომენტირებით სწორედ ეს ორგანიზაცია ცდილობს ეკლესიის ირგვლივ დაძაბულობის შექმნას, და ეს პირველი არ არის”, – დასძენს ის.

მისივე თქმით, წმ. ამბროსი მედიოლანელი ქადაგებაში წარმოჩენილი იყო, როგორც კონფლიქტის მხარეთა შემრიგებელი, “ხოლო დაპირისპირება ამ შემთხვევაში რელიგიური ემოციების ფონზე მოხდა და არა ეთნიკური ფაქტორით, მით უმეტეს, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანთა შორის მრავალი ებრაელი იყო”.

“ქადაგების პირველი ნაწილი, მთლიანობაში, ისტორიული თხრობაა”, – აღნიშნავს სასულიერო პირი.

მიტროპოლიტი იოანე განცხადებაში ასევე დასძენს, რომ ქართულ რეალობაში ებრაელ ხალხთან განსაკუთრებით თბილი და მეგობრული ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია და ამაში “ეკლესიის როლი უდავოდ დიდია”:

“ამიტომაც სრულიად მიუღებელია ბრალდება, რომ ეკლესია თითქოს არ ემიჯნება ანტისემიტიზმს. ასევე დავამატებ, თუ ვინმემ ჩემს ქადაგებაში დაინახა ებრაელი ხალხის შეურაცხყოფის მცდელობა, მსგავსი არაფერი მიგულისხმია და, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი შეურაცხყოფა ეროვნული ნიშნით, მათ შორის ებრაელი ხალხისა, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელია”.

“TDI-ს მცდელობა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომ შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში”, – ამბობს მიტროპოლიტი განცხადების ბოლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი