ახალი ამბები

ეგვიპტეში TikTok-ით “გარყვნილების პროპაგანდისთვის” დაკავებული ქალები გაათავისუფლეს

14 იანვარი, 2021 • 1049
ეგვიპტეში TikTok-ით “გარყვნილების პროპაგანდისთვის” დაკავებული ქალები გაათავისუფლეს

ეგვიპტის სასამართლომ TikTok-ზე “უხამსი” ვიდეოების გავრცელების გამო დაკავებული პირების საპატიმრო სასჯელები გააუქმა. ინფორმაცია ბრიტანული BBC ავრცელებს.

მავადა ალ ადჰამს, ჰანინ ჰოსამსა და კიდევ სამ ქალს გასულ წელს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაახლოებით 20 000 ამერიკული დოლარის ჯარიმის გადახდა მიუსაჯეს.

ჰანინ ჰოსამი ყველა ბრალისგან განთავისუფლდა, თუმცა სასამართლომ ჯარიმების გადახდა კვლავ ძალაში დატოვა მავადა ალ ადჰამისა და სხვა სამი ქალის შემთხვევაში, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით მედიისთვის არ არის ცნობილი.

ქალების დაკავების საქმე ეგვიპტეში ცნობილია როგორც “TikTok-ის საქმე”. ისინი “გარყვნილებისა” და “ამორალურობის” ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი. მედიისთვის ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელი ვიდეოსა და/თუ ფოტოს გამო დააკავეს ქალები.

ეგვიპტეში არსებობს კანონი “გარყვნილების წაქეზების შესახებ”, რომელსაც ეგვიპტის პროკურატურა ხშირად იყენებს “ეგვიპტური საზოგადოების ტრადიციებისა და მორალის შეურაცხყოფის” შემთხვევების წინააღმდეგ.

დაკავებულთა შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ ნეტგაზეთის მასალას არქივიდან:

ეგვიპტეში TikTok-ის მომხმარებელ გოგოებს “გარყვნილების პროპაგანდისთვის” აპატიმრებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი