ახალი ამბები

ეგვიპტეში TikTok-ის მომხმარებელ გოგოებს “გარყვნილების პროპაგანდისთვის” აპატიმრებენ

28 ივლისი, 2020 • 1547
ეგვიპტეში TikTok-ის მომხმარებელ გოგოებს “გარყვნილების პროპაგანდისთვის” აპატიმრებენ

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, პანდემიის თანმდევი კარანტინის ფონზე, ვიდეოპლატფორმა Tiktok განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ასე მოხდა ეგვიპტეშიც, თუმცა პროცესი მალევე გასცდა გართობის ნაწილს და არაერთ ადამიანს, უმეტეს შემთხვევაში – გოგოებს, რომელთა ვიდეოებიც  განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა მომხმარებელთა შორის, პლატფორმაზე რეგისტრაცია თავისუფლების ფასად დაუჯდა. დაკავებულებს ან უკვე დაპატიმრებულებს “უხამსი” შინაარსის მასალის გავრცელებას, “ამორალურობასა” და “ოჯახური ღირებულებების შეურაცხყოფას” ედავებიან.

ეგვიპტის სოციალურ ქსელებში საკითხზე მსჯელობა კიდევ ერთხელ გააქტიურდა 27 ივლისს, მას შემდეგ, რაც კაიროს სასამართლომ Tiktok-ზე განთავსებული ვიდეოების გამო  2 წლით დააპატიმრა ორი ახალგაზრდა ქალი. სამთავრობო გაზეთის თანახმად, “ჰანინ ჰუსამი და მავადა ალ-ადჰამი ბრალდებულნი არიან ეგვიპტის საზოგადოების ღირებულებებისა და პრინციპების შელახვასა და უხამსი ფოტო-ვიდეომასალის გავრცელებაში, რომლებიც საზოგადოებრივ მორალს შეურაცხყოფს”. სასამართლომ მათ ასევე დააკისრა ფულადი ჯარიმის, დაახლებით $20 000-ის გადახდა.

ეს სასამართლოს პირველი გადაწყვეტილებაა გოგოების ნაწილის წინააღმდეგ, რომლებიც მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს დააკავეს. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ  ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობდა სოციალურ ქსელებსა თუ ტელეეთერში.

ზემოხსენებული ჰანინ ჰუსამის დაკავების საფუძველი გახდა მისი ვიდეო, რომლითაც 18 წელს ზემოთ გოგოებს უთხრა, რომ შეეძლოთ, თანხა გამოემუშავებინათ ერთ-ერთ ონლაინ აპლიკაციაში (Likee) Live-ჩართვების სერვისისა და სხვა მომხმარებელთა მოზიდვის სანაცვლოდ. ამის გამო, ადგილობრივი მედიის თანახმად, ათასობით ადამიანმა ჰუსამი ახალგაზრდა ქალების ონლაინ სექსში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა, რაც ბრალდებების ადრესატმა უარყო. კამპანიაში ჩაერთვნენ თოქ-შოუების წამყვანები, ზოგიერთმა ადვოკატმა კი პროკურატურასაც მიმართა. საბოლოოდ, ჰანინ ჰუსამი 21 აპრილს დააკავეს.

კიდევ ერთმა დაპატიმრებულმა, მავადა ალ-ადჰამმა, პოპულარობა TikTok-ზე ატვირთული სატირული ვიდეოებით მოიპოვა. ის მიმდინარე წლის მაისში დააკავეს, ასევე “უხამსი” მასალის გავრცელების ბრალდებით.

ჰანინ ჰუსამი და მავადა ალ-ადჰამი. ფოტო: Egyptian streets

“ეს შოკისმომგვრელი განაჩენია მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო. ეს არის საშიში ინდიკატორი… მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა გოგოების მიერ TikTokზე გამოქვეყნებული ვიდეოების შინაარსთან დაკავშირებით, ეს არ უნდა იყოს დაპატიმრების საფუძველი”, – უთხრა ქალთა უფლებადამცველმა ინთისარ ალ-საიდმა სააგენტო France Press-ს.

დაკავებების პროცესი უკვე დაწყებული  იყო, როცა ნუსხას ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი საქმე დაემატა. მაისში TikTok-ის მომხმარებელმა არასრულწლოვანმა გოგომ ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ჰყვებოდა, როგორ იძალადა კაცების ჯგუფმა მასზე სექსუალურად. დაზარალებულს სახის არეში სილურჯეებიც აღენიშნებოდა.

ბრალდებული კაცები დააკავეს, თუმცა მათთან ერთად დააკავეს გოგოც, “გარყვნილების” გავრცელების ბრალდებით, პლატფორმაზე მანამდე ატვირთული ვიდეოების გამო. არასამთავრობო სექტორის ჩარევის შემდეგ, ივნისში, დაზარალებული ძალადობის მსხვერპლ ქალთა რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს.

ეგვიპტეში “გარყვნილების პროპაგანდასა” და “საზოგადოებრივი მორალის შელახვასთან” დაკავშირებული კანონმდებლობის ქალთა მიმართ  გამოყენება გავრცელებული პრაქტიკაა. პროცესი არც TikTok-ით დაწყებულა და არც ამჟამინდელი ხელისუფლების დროს. ეგვიპტელი უფლებადამცველი და გამომძიებელი ჟურნალისტი ჰუსამ ბაგჰატი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ყოველთვის პოზიციონირებდა, როგორც საზოგადოებრივი მორალის მცველი და ამ ინსტრუმენტს იყენებდა მათ წინააღმდეგ, ვინც არ ჯდება მის მიერ დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებში.

ამავე “ნორმების” დაცვის სახელით, რამდენიმე კვირის წინ 3 წლით დააპატიმრეს ეგვიპტელი მოცეკვავე ქალი; ტელეეთერში ბოდიშის მოხდით აიცილა სასჯელი მსახიობმა რანია იუსუფმა, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე “გამომწვევი” კაბის ჩაცმის გამო პროკურატურაში უჩივლეს; გასულ წელს დააპატიმრეს ორი მსახიობი ქალი, რომელთაც ეგვიპტელ პოლიტიკოსთან სექსუალური კავშირის ამსახველი ვიდეო უნებართვოდ გაუვრცელეს; 2016 წელს “გარყვნილების პროპაგანდისთვის” 2 წლით დააპატიმრეს მწერალი, თავისი წიგნის გამო. სია ამით არ სრულდება.

აღნიშნულ მოვლენებს ყოველთვის ახლავს მძაფრი დისკუსია სოციალურ ქსელებში. საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ნაწილი მხარს უჭერს სახელმწიფოს, როგორც ღირებულებათა მცველს. სხვები, აქტივისტები, უფლებადამცველები და რიგითი მოქალაქეები, ცდილობენ, ონლაინ კამპანიების მეშვეობით მხარდაჭერა გამოხატონ დაკავებულთა და დაპატიმრებულთა მიმართ. ასეთი კამპანია უძღოდა წინ Tiktok-ის მომხმარებელი ორი გოგოს დაპატიმრებასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი