ახალი ამბები

ივანიშვილი არაფორმალური მმართველი თუ გეგონათ, მძიმე შეცდომაა – მდინარაძე

11 იანვარი, 2021 • 1212
ივანიშვილი არაფორმალური მმართველი თუ გეგონათ, მძიმე შეცდომაა – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ე.წ. არაფორმალური მმართველი არასდროს ყოფილა.

ჟურნალისტების საპასუხოდ ის ამბობს, რომ ივანიშვილი ყოველთვის ღიად ერთვებოდა როგორც პარტიის, ასევე ქვეყნის მმართველობის პროცესში.

მდინარაძის თქმით, ივანიშვილი ყოველთვის იკავებდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, შესაბამისად, არაფორმალური მმართველი არასწორი ტერმინია.

„აქამდე თუ ვინმეს მიაჩნდა, რომ ის არაფორმალური მმართველი იყო, ეს არის მძიმე შეცდომა იმიტომ, რომ არაფორმალური მმართველი – ეს ტერმინი ჩვენ გვესმოდა მაშინ, როდესაც ის იყო პარტიის ხელმძღვანელი, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი და მისი ხელმოწერით შემოდიოდა პრემიერის კანდიდატურა. მაშინაც კი „არაფორმალურ მმართველს“, ამ ტერმინს იყენებდნენ ნაცმოძრაობის წევრები და ეს მძიმე შეცდომა იყო“, – ამბობს მდინარაძე.

წლების განმავლობაში საქართველოში  საერთაშორისო ექსპერტები, ოპოზიციის წევრები, ორგანიზაციები და სხვები საუბრობდნენ და მიუთითებდნენ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობაზე.

რამდენიმე თვის წინ კი აშშ-ის კონგრესმა კანონპროექტი წარმოადგინა, რომელშიც საქართველოსთვის დახმარების შესანარჩუნებლად ერთ-ერთ პირობად დაასახელა „ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა“.

„ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა“ – დახმარების შენარჩუნების პირობა აშშ-ის კანონპროექტში

მასალების გადაბეჭდვის წესი