ახალი ამბები

ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა კიდევ უფრო მტკიცდება – სამადაშვილი

13 ნოემბერი, 2017 • 2229
ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა კიდევ უფრო მტკიცდება – სამადაშვილი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს  ცვლილებების ახალი ტალღის შესახებ განაცხადა. ცვლილებების მიხედვით, 18-დან 14-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა.  მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები “ნეტგაზეთთან” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა შეაფასა.

“ზოგადად, ცვლილებები აჩვენებს იმას, რომ როგორც ჩანს, არაფორმალური მმართველობა კიდევ უფრო მტკიცდება ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ საკვანძო პოსტებზე, როგორიცაა ფინანსთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ინიშნებიან ივანიშვილთან დაახლოებული პირები. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ქვეყნის არაფორმალურ მმართველს უნდა, რომ უფრო ახლო დისტანციიდან მართოს ეს უწყებები. გახარიას დანიშვნა შს მინისტრის პოსტზე ჩემთვის პირადად გაუგებარია იმიტომ, რომ პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილება შესაბამისი არ აქვს. გარდა ამისა, არის ადამიანი, რომელსაც აქვს სერიოზული ბიზნესინტერესები რუსეთში. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი ბიზნესსაქმიანობა და ნახავთ, რომ ის დიდწილად დაკავშირებულია სწორედ რუსეთთან.

ზოგადად, რაც შეეხება ცვლილებებს, უნდა ვნახოთ, ბიუჯეტში როგორ აისახება ეს ცვლილებები. ანუ რეალურად ოპტიმიზაცია მოხდება თუ არ მოხდება ბიუროკრატიული ხარჯების. ეს შეიძლება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები იყოს და არაფერი არ შეიცვალოს საბიუჯეტო ხარჯებში,”-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პრემიერის განცხადების მიხედვით, მთავრობის სტრუქტურა შემდეგნაირად შეიცვლება:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცეპრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. იგი პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. ხოლო შს მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი გახარია, რომელიც იმავდროულად იქნება ვიცეპრემიერი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამ უწყებას უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს;
  • პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.

მინისტრების პორტფელები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  1. დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მინისტრი, პირველი ვიცეპრემიერი;
  2. გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი;
  3. მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი, ვიცეპრემიერი;
  4. მამუკა ბახტაძე, ფინანსთა მინისტრი;
  5. მიხეილ ჩხენკელი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
  6. მიხეილ გიორგაძე, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი;
  7. ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  8. დავით სერგეენკო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი;
  9. სოზარ სუბარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
  10. ზურაბ ალავიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
  11. ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
  12. თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
  13. კახა კახიშვილი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;
  14. ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი