ახალი ამბები

დარჩენილია ერთი კერა, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო

9 იანვარი, 2021 • 768
დარჩენილია ერთი კერა, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დარჩენილია ერთი კერა. უწყება ამბობს, რომ მეხანძრეება დღეს 5 კერის ლიკვიდაცია შეძლეს.

ხანძრები ლიკვიდირებულია: იმერეთში – საჩხერეში, სოფელ ვაკისაში; შიდა ქართლში – რკონის ხეობაში; სამეგრელოში – მარტვილში, სოფელ ბალდაში და წალენჯიხაში, სოფელ სქურში.

„ერთი კერაა დარჩენილი სოფელ დობერაზენში, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია. დღის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა გურიაში, სოფელ მამათში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.

ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.ყველა ლიკვიდირებულ კერაზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

„მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე,“ – ამბობს უწყება.

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეს ტყისა და მინდვრის ნაწილი იწვის. ხანძრის კერებს მაშველები სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში ებრძოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი