ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხანძარი გაგრაში – რა ვიცით ამ დროისთვის

9 იანვარი, 2021 • 1784
ხანძარი გაგრაში – რა ვიცით ამ დროისთვის

ტყის ხანძრები აფხაზეთში 4 იანვრის საღამოს დაიწყო. თავდაპირველად ცეცხლის კერები დაფიქსირდა გალის, გაგრის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში, თუმცა პირველ ეტაპზე, ხანძრის ყველაზე ძლიერი კერა გალის რაიონში იყო. გალში დე ფაქტო მთავრობის ცნობით, ხანძარი 9 სოფლის ტერიტორიაზე გავრცელდა და დაიწვა სამი სახლი.

გალის შემდეგ, ცეცხლის ძლიერი კერები დაფიქსირდა გაგრის რაიონში, სადაც მაღალმთიანი ფიჭვნარი იწვის. გაგრის რაიონში ტყის ხანძარი 6 იანვრის ღამეს დაიწყო და სხვადასხვა ინტენსიობით დღემდე გრძელდება.

მიუხედავად თბილისის შეთავაზებისა, ხანძრებთან გამკლავებას დე ფაქტო აფხაზეთი დამოუკიდებლად ცდილობს. ცეცხლის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ დრომდე არ ჩართულა რუსეთიც, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთთან ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცე და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

კონკრეტულად სად იწვის ტყე გაგრაში და რამდენად შორსაა მოსახლეობისგან

გაგრის რაიონში ხანძარი ქალაქის ჩრდილო დასავლეთ უბანში, მდინარე ჟვავიაკვარას მარჯვენა სანაპიროზე და მიმდებარე სერებზეა, რომელიც დაფარულია ფიჭვნარით. ჟვავიაკვარას ხეობა მჭიდროდ დასახლებულია.

ამ დროისთვის ხანძარი უახლოვდება ან უკვე მიუახლოვდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტო-მაგისტრალს და მიიწევს დასახლებული პუნქტებისკენ.

გუშინ ღამით ხანძარი მიუახლოვდა სანატორიუმ “მოსკოვსა” და მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც ზღვის სანაპიროზე, ჟვავიაკვარას ხეობასთან და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზასთან ახლოსაა განლაგებული.

დამატებითი ინფორმაცია ცეცხლის კერების ადგილმდებარეობის შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის მასალაში:

კონკრეტულად სად იწვის ტყე გაგრაში – ხანძრის რუკა

რამდენად წარმატებულია ბრძოლა ხანძრის წინააღმდეგ

დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისროს განცხადებით, 9 იანვარს გაგრის რაიონში “ცეცხლის ყველაზე საშიში კერები ჩააქრეს, რომლებიც დასახლებულ პუნქტებს უქმნიდა საფრთხეს”.

“9 იანვრის დილას, ყველაზე ძლიერი ხანძრის კერა გაჩნდა გაგრის ქედის მაღალმთიან მონაკვეთზე. ხანძრის მთლიანი ფართობი არის 30 ჰექტარი. ხანძარმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. ცეცხლის ძირითადი კერების ჩაქრობის შემდეგ, ელექტო ენერგიის მაღალი ძაბვის დაზიანებული მაგისტრალი აღდგენილია.”, – ნათქვამია დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოგვიანებით, სამინისტრომ გაავრცელა დე ფაქტო მინისტრის ლევ კვიცინიას კადრები, რომელიც ვერტმფრენით გადაადგილდება ცეცხლმოკიდებული ტყის თავზე.

“ლევ კვიცინიამ გადაიფრინა ხანძრითა და კვამლით დაფარულ ადგილებზე. სამაშველო სამუშაოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ცეცხლის ინტენსივობა მცირდება. სამინისტროს მთელი შემადგენლობა მუშაობს. კვიცინიას განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხეები არ არსებობს და სოციალური ქსელებით გავრცელებული “პანიკური” ინფორმაციები “კონტრპროდუქტიულია”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შესახებ ცნობები მიეწოდა რუსეთის განსაკუთრებული სიტუაციების მართვის მინისტრის მოადგილეს. “რუსული მხარე მზადაა ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენოს თვითმფრინავები”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაგრის დე ფაქტო მერის, იური ხაგუშის განცხადებით, “სულ დამწვარია 250 ჰექტარი ტერიტორია. 40 კერძო სახლი, 2 სანატორიუმი და ორი სასტუმრო კი გადაარჩინეს დაწვას.” მისი თქმით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაგრაში ცეცხლის კერების ნაწილი ჩააქრეს, ხოლო სხვა შემთხვევებში, “სპეციალური ტექნიკის მიერ ხანძრის ადგილამდე მიუდგომლობის გამო, ცეცხლის კერების ჩაქრობა ვერ მოხერხდა, თუმცა შეძლეს მათი ლოკალიზება”.

დე ფაქტო მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ დრომდე ხანძრის კერები სრულიად არ ჩამქრალა, რაც ასევე დასტურდება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებითაც.

ფოტო, სადაც ხანძრის კერა მოჩანს, გადაღებულია გაგრაში, 9 იანვრის საღამოს 10 საათზე. David Zhvania

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განცხადება ხანძრების “ფრაგმენტირებისა და ლოკალიზების” შესახებ 8 იანვარსაც გააკეთეს.

თბილისის შეთავაზება და სოხუმის პასუხი

აფხაზეთში ხანძრების დაწყების დღიდან, საქართველოს ცენტრალური მთავრობა “დე ფაქტო ხელისუფლებასა და საოკუპაციო რეჟიმს ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად ნებისმიერი მიმართულებით დახმარებას სთავაზობდა”.

ნეტგაზეთს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ დღიდან ხანძრების დაწყებიდან, ამოქმედდა სპეციალური ცხელი ხაზი და ცენტრალურმა ხელისუფლებამ სოხუმს დახმარება შესთავაზა.

6 იანვარს ნეტგაზეთის სუსში არ განუცხადეს თუ რა პოზიცია ქონდა დე ფაქტო სოხუმს თბილისის მიერ გაწეულ დახმარებაზე.

მოგვიანებით, 8 იანვარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დახმარება გაუწიოს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ვერტმფრენების გამოყენებითაც.

იმავე დღეს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ Sova news-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდებებოდა”.


აფხაზეთში, გაგრის გარდა, ხანძრის კერები ნარჩუნდება გუდაუთის, გალისა და ოჩამჩირის რაიონებში. სინიპტიკოსების ცნობით, ხვალიდან გაგრაში წვიმას ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი