ახალი ამბები

აუდიტი ტყის ხანძრებისთვის მზაობის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს

8 მარტი, 2021 • 810
აუდიტი ტყის ხანძრებისთვის მზაობის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში, რომელიც 2017 – 2019 წლების პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ სატყეო სააგენტოს მმართველობაში მყოფი უბნების 73%-სთვის შემუშავებული არ არის მართვის გეგმები. იმ უბნებში კი, რომლისთვისაც აღნიშნული გეგმები არსებობს, ხანძარსაწინააღმდეგო აქტივობები განხორციელებული არ არის. ამასთან, აუდიტის სამსახური კადრებისა და ტექნიკის ნაკლებობაზე საუბრობს.

ხანძრების პრევენციისთვის განხორციელებული ღონისძიებების ნაკლოვანებები

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ტყის ხანძრების საფრთხისა და რისკის შეფასებისთვის პირველ ეტაპს ტყის ფონდის აღრიცხვა და მართვის გეგმების შედგენა წარმოადგენს, რა დროსაც უწყების განცხადებით, ხორციელდება ტყეების ხანძარსაშიშ კლასებად დაყოფა. აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნულის შემდგომ იგეგმება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

აუდიტის განცხადებით, შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ნაწილობრივ უზრუნველყოფილია გეგმების შედგენა-შესრულების საკითხები. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 21 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან სსიპ დაცული ტერიტორიების მმართველობაშია 20, საიდანაც 14 ადმინისტრაცია იმართება მენეჯმენტის გეგმით, რასაც აუდიტი დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ტყის მართვის გეგმები მხოლოდ შვიდი ტერიტორიული ადმინისტრაციისთვისაა დამტკიცებული და მათი შემუშავება მნიშვნელოვანია სააგენტოს სისტემაში შემავალი ტყის ფონდის მართვისთვის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მმართველობის ქვეშ მყოფი ტყის ფონდის 32 უბნისთვის (73%) არ არის შემუშავებული მართვის გეგმები. ამასთან, იმ უბნებშიც, რომლისთვისაც შესაბამისი გეგმები შემუშავებულია, ხანძარსაწინააღმდეგო აქტივობები განხორციელებული არ არის.

“გარდა აღნიშნულისა, ნაკლოვანებით ხასიათდება გეგმის შედგენის პროცესიც. კერძოდ, არ არის დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო წყალსაცავების, ვერტმფრენის ასაფრენი მოედნების, მინერალიზებული ზოლებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების მოწყობის სტანდარტები და კრიტერიუმები, რომელთა შემუშავება და დამტკიცება უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, განსაკუთრებით კი, საგანგებო სიტუაციების სამსახურთან აქტიური თანამშრომლობით” ,– ვკითხულობთ ანგარიშში.

ტყის ფიზიკური დაცვის არსებული მოდელის არაპროდუქტიულობა

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც აუდიტის ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული, ტყის რესურსების დაცვაა.

ამ კუთხით, აუდიტი აღნიშნავს, რომ ტყის რესურსებით უკანონო სარგებლობას უარყოფითი გავლენა აქვს ხანძრებზე, რადგან უკანონო ჭრის შედეგად დატოვებული ნარჩენები გარკვეულ პერიოდში ხმება და ადვილად აალებად/წვად მასალად იქცევა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წლამდე საქართველოში სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოში ფუნქციონირებდა „ტყის მცველების“ საშტატო ერთეულები:

“ტყის მცველები წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან რგოლს, ერთი მხრივ, ტყის უკანონო სარგებლობის პრევენციაში, ხოლო მეორე მხრივ, ადგილზე აქრობდნენ მცირე ხანძრებს ან დროულად ავლენდნენ ინციდენტს, რისი მეშვეობითაც ამცირებდნენ მცირე ხანძრების დიდ მასშტაბში გადაზრდის რისკებს. 2019 წლამდე სატყეო სააგენტოში გათვალისწინებული იყოს ტყის მცველები დაახლოებით 500 საშტატო ერთეული.

ამ პერიოდში ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

2019 წლის 25 იანვრიდან კი, ტყის ფიზიკური დაცვის თვალსაზრისით, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

კერძოდ, აუდიტის განცხადებით, სატყეო სააგენტოს აღნიშნული ფუნქცია ჩამოშორდა, რის გამოც ტყის მცველის პოზიცია გაუქმდა და მის ხარჯზე 304 საშტატო ერთეულით გაიზარდა სსდ ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა.

აქედან გამომდინარე, აუდიტი წერს, რომ სატყეო სააგენტოში შტატები მნიშვნელოვნად შემცირდა იმ თანამშრომელთა ხარჯზე, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ ტყეში აღეკვეთათ უკანონო ჭრის ფაქტები. ამასთანავე, დროულად აღმოეჩინათ ტყის ხანძრები და მათი ლოკალიზება-ლიკვიდაცია მოეხდინათ.

“საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილ ზემოაღნიშნულ ცვლილებას ლოგიკურადუნდა გამოეწვია ტყის უკანონო მოპოვებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის ზრდა, თუმცა 2019 წელს ამ მიმართულებით არსებული მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად (58%-ით) შემცირდა” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

შესაბამისად, ხანძრების პრევენციისთვის ტყის მცველის მნიშვნელოვანი პოზიციების გაუქმებამ, ანგარიშის მიხედვით, ვერ უზრუნველყო ადგილზე (ტყის ფონდის ტერიტორიაზე) ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენის ზრდა, ხოლო სატყეო სააგენტოს შეუმცირა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსები.

ტყის ხანძრებისთვის მზადყოფნის ღონისძიებების ნაკლოვანებები

ამასთან, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ტყის მართვის ორგანოების თანამშრომლების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღჭურვის შესაბამისი კრიტერიუმები დადგენილი არ არის.

შედეგად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ინვენტარი არათანაბრადაა განაწილებული, როგორც ხანძარსაშიში რეგიონების, ასევე ტყის ფართობების მიხედვით.

აუდიტის განცხადებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა მცირეა, რაც აუდიტის შეფასებით, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მოხალისეთა სისტემა ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აუდიტი აღნიშნავს, რომ მეხანძრე-მაშველების არსებული რესურსები არათანაბრად არის განაწილებული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აღნიშნული ნაკლოვანებების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია რესურსების განაწილების კრიტერიუმების არარსებობა.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია, რომ არსებული მდგომარეობით, საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (სრულყოფილი მომზადების კურსი) მეხანძრე-მაშველთა მხოლოდ 20%-ს აქვს გავლილი.

ეფექტიანობის აუდიტის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფლობს 372 სახანძრო სატრანსპორტო საშუალებას, საიდანაც 146 არის მაღალი გამავლობის, რთული რელიეფისათვის განკუთვნილი სახანძრო ავტოცისტერნა (შემდგომში ტყის სახანძრო ცისტერნა), რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის (თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სხვა ხანძრების ქრობის პროცესშიც), ხოლო მათი განაწილება რეგიონების მიხედვით არათანაბარია.

მაგალითად, ანგარიშში საუბარია, რომ აჭარის რეგიონში, სადაც ხანძრების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, სახანძრო მანქანები მეტია, ვიდრე კახეთის რეგიონში, სადაც ხანძრების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ აღემატება.

ტყის სახანძრო მანქანების არასათანადო მზადყოფნა

არათანაბარ განაწილებასთან ერთად, ანგარიშში საუბარია, რომ სახანძრო მანქანების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

კერძოდ, აუდიტის განცხადებით, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებიდან მხოლოდ 25% არის სრულად გამართული, ხოლო 21% გაუმართავ მდგომარეობაშია.

მანქანების გამოშვების წლების ანალიზით აუდიტი აცხადებს, რომ ავტოპარკის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად მოძველებულია. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ  25-წლიანი ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს სატრანსპორტო საშუალებების 51%-ს. შესაბამისად, აუდიტის განცხადებით, მაღალია მათი მოვლა-შენახვის ხარჯები (2017-2019 წლებში – 1.2 მლნ ლარი).

“აღსანიშნავია, რომ სამსახური არსებული სახსრებით ახორციელებს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების შესყიდვას. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით, მოძველებული ავტოპარკი მოვლა-შენახვის მნიშვნელოვან დანახარჯებს განაპირობებს და ხანძრის ქრობის დაბალი მაჩვენებელი გააჩნია. შესაბამისად, თანამედროვე, ახალი სატრანსპორტო საშუალებები ოპერატიული რეაგირების წინაპირობას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ავტოპარკის ჩანაცვლების ინტენსიური პროცესის გაგრძელება” ,- წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტი აღნიშნავს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საავიაციო საშუალებები არ გააჩნია, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის პროცესში ძირითადად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები გამოიყენება.

საკანონმდებლო ხარვეზები და მიუღებელი საკანონმდებლო აქტები

აუდიტის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ მიუხედავად კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, 2015 წელს დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა განახლებული არ არის.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად მისაღებია მრავალი ნორმატიული აქტი, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების ახალი კანონით გათვალისწინებული 32 ნორმატიული აქტიდან:

დამტკიცებულია 11 ნორმატიული აქტი, ინიცირებისთვის მზადაა 9 ნორმატიული აქტი, დამუშავების სხვადასხვა ეტაპზეა 12 ნორმატიული აქტი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ლოკალურ დონეზე რისკის და საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებისა და აღსრულებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილების დელეგირების განხორციელებაა საჭირო, რაც უზრუნველყოფილი არ არის.

შედეგად, აუდიტის განცხადებით, არცერთ მუნიციპალიტეტში შესაბამისი გეგმები შემუშავებული და დამტკიცებული არ არის.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, გამოწვევას წარმოადგენს ტყის ხანძრის გაჩენისთვის მსუბუქი სასჯელის ზომაც:

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხის ინიცირება 2017 წელს იგეგმებოდა, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელებულა.

აღნიშნული გარემოება დროში ახანგრძლივებს, ართულებს და გარკვეულ შემთხვევებში, შეუძლებელს ხდის აუცილებელი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას”, – წერია ანგარიშში.

რეკომენდაციები

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს:

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს:

ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების სრულყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ტყის მართვის ორგანოებმა უზრუნველყონ:

  • შესაბამისი გეგმების (ტყის მართვისა და მენეჯმენტის გეგმები) დროული შემუშავება და გამოვლენილი რისკიანი ზონებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შედგენის ორგანიზება;
  • საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან კოორდინაციით, ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების (მინერალიზებული ზოლებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების მოწყობის და სხვა) შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა და აღნიშნულ პროცესში რელევანტური ასპექტების გათვალისწინება − ხანძარსაშიში კლასი, რეგიონის მახასიათებელი, რელიეფი, მომეტებული ხანძრის საფრთხის შემცველი ზონის და სხვა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის შერჩევისა და განაწილების კრიტერიუმების, მეთოდოლოგიის შემუშავება, ასევე პირველადი აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის ზრდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს და სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს:

ტყის ხანძრების პრევენციის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სამინისტრომ სააგენტოსთან ერთად იმსჯელოს ტყის მცველების სისტემის საჭიროებაზე, მათ ოპტიმალურ რაოდენობასა და რეგიონულ განაწილებაზე. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია სააგენტომ გამოიყენოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს:

ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მნიშვნელოვანია სამსახურმა უზრუნველყოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, რათა განისაზღვროს და დაზუსტდეს სათანადო კონტროლის/მონიტორინგის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდება ტყის მართვის ორგანოების მიერ დაგეგმილი და შესრულებული ღონისძიებების პერიოდული მონიტორინგი, შეფასება და საჭირო რეკომენდაციების გაცემა.

მზადყოფნის ღონისძიებების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია სამსახურმა უზრუნველყოს:

  • რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით მეხანძრე-მაშველებისა და სახანძრო ავტოპარკის ოპტიმალური განაწილების კრიტერიუმების შემუშავება და დანერგვა;
  • მეხანძრე-მაშველთა მოხალისეობრივი საქმიანობის პრაქტიკის გაძლიერება-გაუმჯობესება;
  • საავიაციო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ტექნიკური ბაზის შესწავლა და სამინისტროს ჩართულობით სამსახურის ვერტმფრენით აღჭურვის შესაძლებლობის საკითხის ინიცირება.

პრევენციული ღონისძიებების გასააქტიურებლად მნიშვნელოვანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სფეროში მისაღები ნორმატიული და საკანონმდებლო აქტების ინვენტარიზაცია/პრიორიტეტიზაცია და ინიციატივების გზით, დააჩქაროს ამ მიმართულებით არსებული პროცესები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:

ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, შესაბამის უწყებებთან ერთად (სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო/სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო) უზრუნველყოს ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებული სასჯელის ზომების გამკაცრების საკითხის ინიცირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი