ახალი ამბები

რესტორატორთა ასოციაცია რესტორნების გახსნას 16 იანვრიდან ითხოვს

6 იანვარი, 2021 • 1508
რესტორატორთა ასოციაცია რესტორნების გახსნას 16 იანვრიდან ითხოვს

რესტორატორთა ასოციაცია მთავრობას რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას დაანონსებულ თარიღზე(პირველ თებერვლამდე) ორი კვირით ადრე სთხოვს. ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ, დღეს, 6 იანვარს, “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ტრანსპორტის მუშაობის აღდგენასა და მოლების გახსნასთან ერთად, რესტორნებიც უნდა ამუშავდეს. თუ ასე არ მოხდება, როგორც ბურჯანაძე ამბობს, თებერვლიდან რესტორნების მხოლოდ 10% შეძლებს გახსნას:

“იანვრის შუა რიცხვებიდან თუ არ გაიხსნა, ჩვენ თუ ველოდებით თებერვლის პირველ რიცხვში არსებული რესტორნების 50%-ს გახსნას, გაიხსნება მხოლოდ 10%. თუ ეს არ მოხდა 15 იანვარს. ეს გარდაუვალია, 10%-ზე მეტი ბიზნესში არსებული რესტორნებისა, უბრალოდ, ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ვალია დაგროვილი. მიუხედავად ამ სექტორისთვის ძალიან დიდი სახელმწიფო დახმარებისა, უბრალოდ, ვერ შეძლებს. ძალიან ბევრი რესტორანი იყიდება, იჯარის ქვეშ მყოფი რესტორნების დიდი უმრავლესობა, 95% უბრალოდ ვეღარ შეძლებს [ფუნქციონირებას], მეიჯარეებიდან მოთხოვნა არის ფართების დაცლის, ასევე, ვინც იხდის, უფუნქციობის გამო ვეღარ შეძლებენ გადახდას და მივიღებთ რესტორნების ძალიან მცირე რაოდენობას, რომლებიც შეძლებენ ოპერირებას”, — განაცხადა ბურჯანაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია პროდუქტის გატანა, ე.წ. takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი