ახალი ამბები

რესტორატორთა ასოციაცია ქორწილებზე ლიმიტის გაზრდას 50 ადამიანამდე თხოვს

28 ივნისი, 2021 • 883
რესტორატორთა ასოციაცია ქორწილებზე ლიმიტის გაზრდას 50 ადამიანამდე თხოვს

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ითხოვს, რომ დასაშვები გახდეს ისეთი ქორწილებისა და ღონისძიებების გამართვა, რომელსაც 50-მდე ადამიანი დაესწრება. ამის შესახებ მან დღეს, 28 ივნისს, მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ კანონის გვერდის ავლით, 200-250 ადამიანის დასწრებით ღონისძიებები მაინც იმართება და რეალურად, კანონმორჩილი ბიზნესები იჩაგრებიან.

ბურჯანაძის აზრით, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა და რეგულაციების დაცვით 50 დამსწრემდე ქორწილებისა და ღონისძიებების დაშვებას ითხოვს:

“გავიღვიძეთ ძალიან რთულ ვითარებაში იმ კუთხით, რომ დღესდღეობით სტუმარ-მასპინძლობის სფეროს დაახლოებით 40%, უბრალოდ, არ არსებობს. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, დღეს ქვეყანაში არის უმუშევრობა და ვაკანსიები ამ სფეროში ჯერ რომ არ ყოფილა, იმდენია. სფერო ეძებს როგორც კვალიფიციურ მუშახელს, ასევე, ახალ კადრებს.

ამ ურთულესი პრობლემის წინაშე დავდექით იმიტომ, რომ ადამიანები ან სხვა სფეროში გადავიდნენ, ვერ გაუძლეს წელიწადი და 3 თვე იმ რეალობას, რა რეალობაშიც ცხოვრობდნენ, ან საზღვარგარეთ წავიდნენ. დამატებით, არ უნდათ სფეროში დაბრუნება, რადგან სტაბილურობის გარანტიები არ არსებობს. დღესდღეობით ქვეყანაში ძალიან ბევრია ისეთი ფაქტები, სადაც ქორწილები და ღონისძიებები იმართება, ირღვევა კანონი.

ამ ვითარებაში ჩვენ ვჩაგრავთ ადამიანებს, რომლებიც კანონს იცავენ და არ იხდიან ამ ღონისძიებებს. თუ კანონის დაცვა ამ კუთხით ვერ ხერხდება, უნდა დავუშვათ აუცილებლად 50 კაცამდე ქორწილების და ღონისძიებების შესაძლებლობა და იყოს მოთხოვნა რეგულაციების დაცვის”, — აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი