ახალი ამბებიეკონომიკა

ფასდაკლება აცრილ სტუმრებს, ხელფასის დანამატი აცრილ დასაქმებულებს – ბიზნესის ინიციატივა

10 აგვისტო, 2021 • 1754
ფასდაკლება აცრილ სტუმრებს, ხელფასის დანამატი აცრილ დასაქმებულებს – ბიზნესის ინიციატივა

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შეზღუდვებზე შესუსტებული ზედამხედველობის ფონზე, აქვს ინიციატივა, რესტორნებმა ვაქცინირებულ სტუმრებს ფასდაკლება შესთავაზონ, ვაქცინირებულ დასაქმებულებს კი -სახელფასო დანამატი.

„ვაქცინირებული ადამიანები, რომლებიც ესტუმრებიან ჩემს რესტორანს, მიიღებენ მომსახურების ფასდაკლებას. ასევე, თანამშრომლები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან, მიიღებენ სახელფასო დანამატს“, – განაცხადა ბურჯანაძემ 10 აგვისტოს პრესკონფერენციაზე.

მისი განმარტებით, ეს იქნება ბიზნესის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რათა ვაქცინირებულ ადამიანებს „გარკვეული ბენეფიტი მიენიჭოთ“, ინიციატივა კი არანაირად არ გულისხმობს „არავაქცინირებულების შეზღუდვას“.

„ის [არავაქცინირებული პირი] რჩება იმ მდგომარეობაში, როგორც აქამდე იყო, მომსახურების მხრივ თუ ხელფასის მხრივ, უბრალოდ, გარკვეული ბენეფიტი იქნება მათთვის, ვინც აცრილია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ თქვა, რომ ამ იდეას მრავალი რესტორანი იზიარებს, თუმცა ეს არ არის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილება – ეს ამ ეტაპზე მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მისი თქმითვე, სხვა რესტორნები, რომლებსაც ამ ინიციატივის განხორციელების სურვილი აქვთ, არიან „მარანი“, „მარანი ჰოლი“, „ბატონთა“ და ა.შ.

თუმცა, ბურჯანაძის თქმითვე, „ზოგიერთი რესტორნისთვის ეს წარმოუდგენელია სტუმართან მიმართებაში, მაგრამ მისაღებია დასაქმებულებთან მიმართებაში“.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ „გარკვეული ბენეფიტის მიცემა არ ნიშნავს, რომ ვინმე დაიჩაგრება“ და გამოთქვა ვარაუდი, რომ „ამ ნაბიჯს თუ გამოეხმაურება რესტორანი, სასტუმრო თუ რომელიმე სხვა ბიზნესოპერატორი, მივიღებთ საბოლოოდ იმ შედეგს, რომ ვაქცინირების ტემპი გაიზრდება“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, დავბურნუნდებით 90-იან წლებში, სადაც გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია“, – განაცხადა მან.

შოთა ბურჯანაძემ ასევე გააკრიტიკა არსებულ რეგულაციებზე ზედამხედველობა და თქვა, რომ „რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულებაა საჭირო“. მისი თქმით, შეზღუდვების გაუთვალისწინებლობის „მაპროვოცირებელი იყო ის, რომ გამოცხადდა ამნისტია, რამაც გააჩინა განცდა, რომ ყველაფერი მისაღებია“.

„დღეს გვაქვს უამრავი ქორწილი, ქელეხი, ფესტივალები, ივენთები. სხვა მოლოდინები როგორ შეიძლება არსებობდეს, როცა 3000 ადამიანი, 500 ადამიანი ერთად იკრიბება, იქ ეპიდემია არ გავრცელდება?” – იკითხა მან.

„გვაქვს ორი უკიდურესობა: მთლიანად გახსნილები ვართ, ან მთლიანად ჩაკეტილები. შუაში, ოქროს შუალედის მოძებნა გვიჭირს, ყველაფერი არის ნებადართული და ხალხი თითქოსდა გათავისუფლდა მარწუხებისგან. არადა, რეალურად ასე ჩვენ უფრო მეტ შეზღუდვებში შევალთ. ამ ვითარებიდან გამოსავალი არის რეგულაციების აღსრულებაზე ზედამხედველობა“, – აცხადებს ბურჯანაძე.

მისი თქმით, ამჟამად გამოსავალი არის, ერთი მხრივ, „ყველა მრავალრიცხოვანი ღონისძიების გაუქმება, ფესტივალების თუ სხვადასხვა ივენთის“, ხოლო მეორე – ვაქცინირება. „ვაქცინირება არის ერთადერთი გადარჩენის გზა“.

New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამერიკული გამოცემის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი საშუალოდ 3758-ია, რაც 100 000 მოსახლეზე 101 ახალ შემთხვევას გულისხმობს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 68%-ით გაიზარდა.

10 აგვისტოსვე საქართველოში COVID-19-ის დღიურად აღრიცხული შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ასევე რეკორდულია ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 54-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი