ახალი ამბები

თარგამაძე და ლალიაშვილი ერთ სუფრაზე: “მე და ნიკა დიდი ხნის მეგობრები ვართ”

5 იანვარი, 2021 • 2902
თარგამაძე და ლალიაშვილი ერთ სუფრაზე: “მე და ნიკა დიდი ხნის მეგობრები ვართ”

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც “ფორმულას” დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე და ტელეკომპანია  “იმედის” დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი ერთ სუფრაზე ჩანან. თარგამაძის თქმით, ფოტო 2 იანვარს, მათი საერთო მეგობრის, ლევან ვეფხვაძის სახლშია გადაღებული და ეს მხოლოდ მეგობრული შეხვედრა იყო.

“ნეტგაზეთის” კითხვას, ხომ არ ჰქონია აღნიშნულ შეხვედრას საქმიანი ნაწილი, თარგამაძემ ასე უპასუხა:

” მე და ნიკა ვართ ძალიან დიდი ხნის მეგობრები და, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს. [ახლა] ჩემი მეორე მეგობრის, ანუ ლევან ვეფხვაძის სახლში შევხვდით ერთმანეთს. ეს არის და ეს, მეტი არაფერი. ახალი წლის მომდევნო დღეს, სხვადასხვა მეგობრები სხვადასხვა ოჯახებში მიდიან ხოლმე”.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონია ადგილი რაიმე შეთავაზებას ლალიაშვილის მხრიდან, თარგამაძემ უპასუხა:

“არა, რანაირად იქნებოდა?”

რამდენიმე კვირით ადრე, 13 დეკემბერს, თავის საავტორო გადაცემაში “დროება” თარგამაძემ მონოლოგი მიუძღვნა “ქართული ოცნების” მცდელობას, შექმნას ალტერნატიული რეალობა და ამ პროცესში ტელეკომპანია “იმედის” როლზეც ილაპარაკა.

“ამ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგადაა. ეკონომიკა იზრდება, ბიზნესი თავისუფალია, კრიმინალი თითქმის არ არსებობს… კოვიდ პანდემიას მსოფლიოში საუკეთესოდ ვუმკლავდებით, განათლებაში ფინეთს ვჯობნით, სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე აღარ ძალადობს და ხალხი ბედნიერია.

ბედნიერია იმით, რომ არსებობს ბიძინა ივანიშვილი, მზესავით ანათებს, ყველგანაა და თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს. ბედნიერია იმითაც, რომ გვაქვს დენდროლოგიური პარკი…

…მიხვდით ალბათ, ეს საქართველოა. გნებავთ, პარალელური სამყარო ვუწოდოთ, გნებავთ – ვირტუალური რეალობა. მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი საქართველო არსებობს არა მხოლოდ ტელეკომპანია “იმედის” ეკრანზე, არამედ მათ მაყურებელთა სახითაც”, – დასძინა თარგამაძემ.

როცა “ნეტგაზეთმა” მას აღნიშნული მონოლოგის შესახებ ჰკითხა, თარგამაძემ თქვა, რომ ყველაფერთან დაკავშირებით იმავე აზრზეა. საპასუხო კითხვაზე, ხომ არ უთქვამს ნიკა ლალიაშვილს რაიმე ამ მონოლოგის შესახებ, “ფორმულას” დირექტორის მოადგილემ და “დროების” წამყვანმა თქვა:

“ამ თემებზე არ ვსაუბრობთ, როცა ვიკრიბებით. უფრო სწორად, იმდენად იშვიათად ვიკრიბებით, რომ ამის საშუალება არ არის.

მაგრამ ამ თემებთან დაკავშირებით და ზოგადად, მოქმედი ხელისუფლების როგორც პოლიტიკასთან, ისე მეთოდებთან დაკავშირებით, ჩემი კრიტიკული აზრი იმდენად კარგად არის ცნობილი ყველასთვის და მათ შორის მისთვის, რომ ამ თემაზე დამატებით საუბარს საჭიროდ არ ვთვლი”.


გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია “ფორმულაზე” 2019 წელს დასაქმდა, მომდევნო წელს კი არხის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. რაც შეეხება ნიკა ლალიაშვილს, ის “იმედის” გენერალურ დირექტორად 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა.

დანიშვნიდან ერთ თვეში, “იმედის” ჰოლდინგის ყოფილი ჟურნალისტების საჩივრის საფუძველზე, “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” დაადგინა, რომ ლალიაშვილი მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია, რითაც მედიასაშუალების დატოვება აიძულა.

წლების განმავლობაში თარგამაძე და ლალიაშვილი “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერები იყვნენ და პარტიული სიით მე-7 მოწვევის პარლამენტშიც შევიდნენ. აღნიშნული პარტია თარგამაძემ დააფუძნა  2007 წელს “ტვ იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ, სადაც წლების მანძილზე საქმიანობდა “დროების” წამყვანად და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის დირექტორად.

მასალების გადაბეჭდვის წესი