ახალი ამბები

ომბუდსმენმა “იმედს” განსხვავებული მოსაზრების გამო ჟურნალისტის დისკრიმინაცია დაუდგინა

6 აპრილი, 2021 •
ომბუდსმენმა “იმედს” განსხვავებული მოსაზრების გამო ჟურნალისტის დისკრიმინაცია დაუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა “იმედს” განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაუდგინა. საუბარია ანა ცხოვრებოვასთვის გადაცემის წამყვანის ფუნქციებიდან ჩამოშორებაზე, რაც ომბუდსმენის თქმით, განპირობებული იყო მის მიერ გამოხატული განსხვავებული მოსაზრებებით და ეს იყო შრომის უფლებაში ჩარევა განსხვავებული მოსაზრებების გამო.

სახალხო დამცველმა ტელეკომპანია “იმედს” რეკომენდაციით მიმართა, მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

ომბუდსმენი ტელეკომპანიას ასევე მიმართავს, უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება შიდასამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

ომბუდსმენის თქმით, მხარეთა პოზიციების, წარმოდგენილი აუდიოჩანაწერების და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელსა და “ტელეიმედის” ხელმძღვანელობას შორის არსებული კომუნიკაცია სარედაქციო პოლიტიკის თაობაზე ცალსახად მიუთითებს მხარეთა განსხვავებულ დამოკიდებულებებს.

სახალხო დამცველის თქმით, ანა ცხოვრებოვამ გამოხატა არაერთი მოსაზრება, რომელიც არ ემთხვეოდა კომპანიის ხედვებს. ასევე, ცხოვრებოვამ არ შეასრულა ხელმძღვანელის მითითება ერთ-ერთი სიუჟეტის ეთერში არგაშვების თაობაზე, ხოლო ბოლო გადაცემაში ღიად განაცხადა მენეჯმენტის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის თაობაზე.

“რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ განმცხადებელსა და ტელეკომპანიის დირექტორს შორის პირველი საუბრის გამართვიდან (2019 წლის 24 დეკემბერი) მალევე დაიხურა გადაცემა „ბიზნესი“ (2020 წლის 19 თებერვალი) და განმცხადებლისთვის ფუნქციური ცვლილებით, გადაცემის წამყვანობიდან ჩამოშორება დროში დაემთხვა მისი მხრიდან გამოხატულ განსხვავებულ მოსაზრებებს”, — ამბობს სახალხო დამცველი.

ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” წამყვანმა ანა ცხოვრებოვამ 2020 წლის 28 თებერვალს პირდაპირ ეთერში თქვა, რომ გადაცემა ორშაბათიდან ეთერში აღარ გავა.

ტელეწამყვანის თქმით, ამის ოფიციალურ მიზეზად ჰოლდინგის მენეჯმენტი არხის ფორმატის ცვლილებას ასახელებს. თუმცა ცხოვრებოვა აღნიშნავს, რომ მენეჯმენტს არაერთხელ ჰქონდა გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა.

ჟურნლიასტებმა, ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა ტელეკომპანია იმედის იმ დროისთვის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკოლოზ ლალიაშვილის წინააღმდეგ ქარტიასაც მიმართეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ლალიაშვილს ქარტიის მე-2 პრინციპის დარღვევა დაუდგინა, რომლის მიხედვითაც, “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.

ვრცლად წაიკითხეთ:

“მაესტროს” წამყვანი ამბობს, რომ გადაცემა “მიუკერძოებელი მუშაობისთვის” დაუხურეს

მასალების გადაბეჭდვის წესი