ახალი ამბებიკომენტარი

9 წელია ძიძად ვმუშაობ, ახლა უმუშევრად დავრჩი, რადგან სამსახურში ტაქსით ვერ ვივლი | ზეპირი ისტორია

30 დეკემბერი, 2020 • 2583
9 წელია ძიძად ვმუშაობ, ახლა უმუშევრად დავრჩი, რადგან სამსახურში ტაქსით ვერ ვივლი | ზეპირი ისტორია

56 წლის ნანა სალაძე 2 წლის ბავშვს უვლის. მას ძიძად მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა ამჟამად უმუშევრადაა დარჩენილი, რადგან პანდემიის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვამ მისი მუშაობის შესაძლებლობაც შეაჩერა. 

როგორც ნანა გვიყვება, მას არ აქვს საშუალება, რომ ყოველდღიურად სამსახურში ტაქსით იაროს. მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ მას, როგორც არაფორმალურ სექტორში დასაქმებულს, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციაც არ ეკუთვნის.

ნეტგაზეთთან ის ჰყვება იმ მატერიალურ და ემოციურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც პანდეემის დროს აღმოჩნდა.

ძიძად მუშაობის 9-წლიანი პერიოდი 

ცხრა წელი ხდება, რაც ძიძად ვმუშაობ. უკვე 8 წელი გავიდა, რაც ამ ოჯახში ვარ.

1980-იან წლებში ჯერ პედაგიური უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიბლიოთეკამცოდნეობის მიმართულებით, თუმცა ჩემი სპეციალობით დიდი ხანი არ მიმუშავია, რადგან ქვეყანა მალე “დაინგრა”. შემდეგ თემქაზე იყო ტექნიკური სასწავლებელი.., ბუღალტერია ვისწავლე და ვმუშაობდი კიდეც, თუმცა გავთხოვდი, ბავშვი გამიჩნდა და მას მერე სამსახურში აღარ გავსულვარ. სახლში არავინ მყავდა, მეუღლე მუშაობდა. მოგეხსენებათ, 90-იანი წლები რა პერიოდი იყო. როცა ბავშვები პატარები იყვნენ, სახლში დავჯექი. სანამ ჩემმა შვილებმა სკოლა არ დაამთავრეს და სრულწლოვნები არ გახდნენ, რომ სახლში მარტო დამეტოვებინა, მანამდე სამუშაოდ არ გავსულვარ. 

ქმარზე დამოკიდებულება ფინანსურად ძალიან ძნელია, 16 წლიდან ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი, ამიტომ იმდენად მიჩვეული ვიყავი, ამით დავიღალე. მერე დაიწყეს ოჯახებმა დამხმარეების, ძიძების აყვანა და, როგორც გითხარით, მე-9 წელი ხდება, ძიძად ვმუშაობ. ახლა უკვე მესამე ბავშვს ვზრდი. თავიდან 300 ლარად ვმუშაობდი, ჩემთვის ეს თანხა იმ დროს ძალიან ბევრი იყო.

მერე მომიმატეს. პანდემიამდე ხელფასი 450 ლარი მქონდა, თუმცა ახლა ყველას გაუჭირდა და ხელფასი 400 ლარამდე შემიმცირდა.

თითქმის ერთი თვეა უმუშევარი ვარ. წინა თვეებში ჩვეულებრივ ვმუშაობდი, როცა გამოცხადდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტი ჩერდებაო, მეც გავჩერდი. 

ალბათ, შემინარჩუნდება ეს სამსახური და ტრანსპორტი როგორც კი აღდგება, მუშაობას გავაგრძელებ. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, თუმცა, როცა გაიხსნება და ჩემი დამსაქმებელიც წავა სამსახურში, ვფიქრობ, მაინც დავჭირდები და ისევ დამირეკავს. თუ ასე არ მოხდა, მერე შევეცდები რაღაც სხვა მოვძებნო. ზოგადად, ძიძად მუშაობის დაწყება რთულია, ყველა ბავშვს სხვადასხვაგვარი მიდგომა სჭირდება. 

ჩემი დამსაქმებელიც დასვეს სახლში… დისტანციურად მუშაობს. ტრანსპორტი არ დადის და მე როგორ მომთხოვს სიარულს?! საკმაოდ შორს დავდივარ, მე ვაზისუბანში ვცხოვრობ, ოჯახი – წერეთელზე. 2-3 ტრანსპორტის გამოცვლა მიწევდა ხოლმე. ვაზისუბნიდან ტაქსით რომ ვიარო, 15 ლარი მარტო ერთ გზას დასჭირდება. ამიტომ არ მიღირს მუშაობა. 

პირველი “ჩაკეტვა” და რამდენიმეთვიანი უმუშევრობა

ახლა 2 წლის ბავშვს ვუვლი. მე გავზარდე მისი ძმები, ასე რომ, მათ ოჯახში უკვე მესამე ბავშვს ვზრდი. გაზაფხულზე სანამ ჩაიკეტებოდა ყველაფერი, მანამდე მითხრა ოჯახმა, რომ აღარ მევლო, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდი და შეეშინდათ, კორონა არ გადამდებოდა სადმე. 

გაზაფხულზე, “ლოქდაუნის” დროს, ვეკონტაქტებოდი ხოლმე ბავშვს ტელეფონით… ტრანპორტი აღდგა თუ არა, იმ დღესვე წავედი სამუშაოდ. სახლში რომ მივედი, ბავშვი აღარ მოვიდა ჩემთან, სულ დავიწყებული ვყავდი. მერე დავჯექი, ველაპარაკე, გამიხსენა და მოვიდა. ახლა დიდი დრო არ გასულა და კიდევ ვახსოვარ, მაგრამ 2-3 თვის შემდეგ დავავიწყდები, ალბათ, ისევ. ვურეკავ ხოლმე. საკმაოდ კარგად ლაპარაკობს, ყველაფერს გაგებინებს, რაც უნდა. 

სახლში როცა ხარ, თუნდაც რაღაცას აკეთებდე, სულ ფიქრობ ათას რამეზე, იქ რომ მივდივარ, მიხარია. ბავშვს ეთამაშები, გაგაცინებს, ესეც მიხარია ხოლმე. სულ ვამბობ ხოლმე, როდის წავალ, მოვეფერო და ვეთამაშო. ახლა ძალიან გაჩერდა ცხოვრება. სახლში საქმეს რომ ვრჩები, ვეღარ ვხვდები, რა გავაკეთო, ტელევიზორს ჩართავ, იქ ერთმანეთს ხოცავენ, იძულებული ხარ დაიძინო, სხვა ვერაფერს აკეთებ. ადრე ვკერავდი, ვქსოვდი, მარა ახლა მხედველობაზე მაქვს პრობლემა და ამასაც ვეღარ ვაკეთებ.

ცხოვრება საბაზისო პენსიის პირობებში

ოჯახში ერთადერთს მე მაქვს ხელფასი, პენსიონერი მეუღლე მყავს, რომელიც 220 ლარს იღებს. პანდემიამდე ჩემი მეუღლე ზოგჯერ ტვირთის გადატანაზე მუშაობდა და აქედანაც გვქონდა ხოლმე ხანდახან შემოსავალი, მაგრამ ახლა ისიც ვერ მუშაობს. მე პენსია ჯერ არ მაქვს… შედეგად, ახლა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ჩემი მეუღლის პენსიაა. 

ახალი წელი მოდის… რომ გითხრათ, რომ ამ წელს ისე შევხვდები, როგორც ადრე-მეთქი, გამორიცხულია. სახლში ტკბილეული მექნება, თუმცა ვფიქრობ, აუცილებელი სულაც არ არის, რამე განსაკუთრებული გქონდეს. 

ორი შვილი მყავს. ორივე გათხოვილები არიან. შვილები ვერ დამეხმარებიან… ერთი შვილი სტუდენტია, რეზიდენტურაში სწავლობს, მეორე გერმანიაში წავიდა “ოპაიერის” პროგრამით და ახლა ჩააბარა უნივერსიტეტში. თბილისში მცხოვრები შვილი ზოგჯერ რაღაცებს ყიდის და მეხმარება ხოლმე. შეიძლება წამლის ფული მომცეს. რომ გითხართ, საჭმელი გვიჭირს, ასე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ყველას გვინდა ჩვენი შემოსავალი გვქონდეს. 

სახლში ჯდომა ყველა თვალსაზრისით რთულია. ჯერ ერთი, არ არის ქვეყანაში ისეთი ანაზღაურება, რომ შენი თავი ირჩინო, განსაკუთრებით, თუ წამლებზე ხარ დამოკიდებული. ჩემს ასაკშიც ასეა, წამლების მიღების შემდეგ სულ გიწევს ექიმთან მისვლა და ჯანმრთელობის კონტროლი. 56 წლის ვარ და არც პენსია მიწევს და არც ისეთი ასაკია, სადმე დასაქმდე. ერთადერთი გზა ბაზრობაზე დგომა ან მაღაზიაში მუშაობაა, თუმცა ახლა იქაც ახალგაზრდები აჰყავთ. ამიტომ ჩვენი ასაკის ხალხი საერთოდ გარიყულები ვართ. როგორ უნდა ინატრო პენსიონერობა?! პენსიამდე რომც მიაღწიო, მანამდე ხომ გინდა არსებობა. 400 ლარი მაქვს ხელფასი, როგორ უნდა გაანაწილო ეს თანხა რომ ყველაფერზე გეყოს. პანდემიამ მარტო მე კი არა, ყველას შეუცვალა ცხოვრება. ადრე თუ 400 ლარიდან 100 ლარს “შავი დღისთვის” გადადებდი, ახლა ეს შეუძლებელია.  ტრანსპორტის აღდგენის იმედიღა მაქვს. როცა მუშაობ და თვიდან თვემდე ხელფასს ელოდები, თითქოს ხალისიც გაქვს მუშაობის..მერე იმ ფულით წახვალ და რაღაცას იყიდი, ესეც ხომ რაღაც სიხარულია?!

მეორე “ჩაკეტვა” და დახმარების მოლოდინი

პირველად რომ ჩაგვკეტეს, ძალიან მოულოდნელი იყო. თუმცა, რადგან პირველი იყო, რაღაცნაირად გადავიტანეთ. ეს მეორე ჩაკეტვა უფრო რთული აღმოჩნდა. მარტო სამსახური ხომ არ არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ მუშაობს, ექიმთან მივდივარ, ანუ გადაადგილება სულ მიწევს, რასაც ახლა ვერ ვაკეთებ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ვიღებ ისეთ წამალს, რომელიც თვეში ერთხელ მაინც ანალიზის გაკეთებას მოითხოვს, მაგრამ ვერ მივდივარ ტრანსპორტის გამო. პოლიკლინიკაში ვერ მიხვალ, რადგან მაგ ანალიზს იქ არ აკეთებენ. მაშინ უნდა წახვიდე საავადმყოფოში ან რომელიმე კერძო კლინიკაში. ჩემი შემოსავლის მქონე ადამიანი ლაბორატორიას სახლში ვერ გამოიძახებ.

თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იქნება, ჩემი ასაკის ადამიანს, მით უფრო, თუ არ გყავს მანქანა და ტაქსის ფულიც არ გაქვს, სახლში ყოფნა გიწევს. 

მთავრობას შეეძლო ტრანსპორტი დაემატებინა, რომ ბევრი ხალხი არ ყოფილიყო, რაღაც დღეები გაეჩერებინა ტრანსპორტის მოძრაობა… ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლოთ.. ძალიან ბევრი უმუშევარი დარჩა და არ ვიცი, ახალი წლის მერე რა იქნება. პირველი პანდემიის დროს ისე გამოგვკეტეს, ერთხელ არ მოუკითხავთ, სახლში შაქარი, ჩაი ან სხვა პროდუქტები გვქონდა თუ არა. ახლაც იგივე გაააკეთეს. 

პირველი პანდემიის დროს გამოცხადდა, რომ 300-ლარიან დახმარებას მოგვცემდნენ, უბრალოდ საჭირო იყო დამსაქმებლის წერილი აგვეტვირთა საიტზე. ანუ თუ ავტვირთავდით დამსაქმებლის რეკომენდაციას, მაშინ ჩაგვერიცხებოდა სახელმწიფო დახმარება. ჩემი მონაცემები შევიყვანე, ასევე, ოჯახისგან მოცემული რეკომენდაცია, რომ ნამდვილად იქ ვმუშაობდი, და მაისში 300 ლარი ჩამერიცხა. თუმცა ახლა თვითდასაქმებულებს დახმარება აღარ მოგვცეს. მაინც ისევ ავიღე რეკომნდაცია ოჯახისგან, მაგრამ ჯერჯერობით დახმარება ჩვენთვის არ არის და არც იქნება ალბათ. 

ამავე თემაზე 

ვინ და როგორ შეძლებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას

მასალების გადაბეჭდვის წესი